საქართველოს ეროვნული ბანკი სახელმწიფო და კერძო სექტორის საგარეო ვალის სტატისტიკას აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, მთლიანმა საგარეო ვალმა 57.3 მლრდ ლარი შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 111.5 პროცენტია. 2020 წლის მეორე კვარტალში ჯამში ვალი 435 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა, რაც სხვადასხვა ფაქტორითაა გამოწვეული. აღნიშნულ მაჩვენებელზე ყველაზე დიდი გავლენა საკურსო ცვლილებებმა მოახდინა, რის გამოც მთლიანი საგარეო ვალი 202 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა.
რაც შეეხება სახელმწიფო საგარეო ვალს, ამ მაჩვენებელმა 8.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მშპ-ს 49.2 პროცენტია. სახელმწიფო საგარეო ვალი აერთიანებს ისეთ მაჩვენებლებს, როგორებიცაა სამთავრობო სექტორის ვალი, ეროვნული ბანკის ვალდებულებები, სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორის საგარეო ვალმა 4.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. მთლიანი ვალის 90.5% კი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
„2020 წლის მეორე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 447.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 198.1 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი“ – ვკითხულობთ ეროვნული ბანკის განცხადებაში.