საქართველო სომხეთს სამედიცინო პერსონალით დაეხმარება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მან, აგრეთვე, ყურადღება გაამახვილა, თუ რაოდენ მნიშნელოვანია ერთობლივი ბრძოლა კორონავირუსის კრიზისის წინააღმდეგ.
„გვმართებს ურთიერთთანადგომა. მოგეხსენებათ, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში საკმაოდ დაიძაბა ბოლო პერიოდში მდგომარეობა. პირადად მე, ყოველდღიურ, პირად კავშირზე ვარ სომხეთის პრემიერთან, ისევე, როგორც კოლეგები – ჯანდაცვის, ეკონომიკის მინისტრები, საგარეო საქმეთა მინისტრი, და უკვე ჩვენ მოვახდინეთ იმის იდენტიფიცირება, თუ რა სახის დახმარება სჭირდებათ ჩვენს მეზობლებს. აქ ურთიერთთანადგომა უკიდურესად მნიშვნელოვანია. ჯანდაცვის სამინისტროს უკვე აქვს მიღებული დავალება, რომ მოამზადოს ის დახმარება, რომელიც საქართველოს შეუძლია გაუწიოს მეზობელ სომხეთს. როგორც ჩანს, ეს უპირველესად იქნება სამედიცინო პერსონალით დახმარება. ასეთი თხოვნა გამოიკვეთა ჩვენი მეზობლების მხრიდან“– განაცხადა შეხვედრაზე გახარიამ.
სომხეთს დახმარების პირობა გუშინ ლიეტუვამაც მისცა. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტვიტერზე დაპოსტა.
შეგახსენებთ, რომ სომხეთში დაფიქსირებულია COVID-19-ით ინფიცირების 14 000-ზე მეტი შემთხვევა, მათგან 245 კი ფატალურად დასრულდა.