ქართველი არქიტექტორები სახლში

შექმნილი ვითარების გამო დღეს ბევრს უწევს სახლიდან მუშაობა. არქიტექტურული ოფისებიც დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ. ამ კრიზისულ რეალობაზე გადმოწყობა და მუდმივად სახლში ყოფნა რთული აღმოჩნდა. თუმცა, მეორე მხრივ, ეს სიტუაცია დროის სწორად მართვის სწავლის და კომუნიკაციის ახალი გზების უკეთ განვითარების საშუალებასაც გვაძლევს.

გთავაზობთ რამდენიმე არქიტექტორის სახლში მოწყობილ სამუშაო სივრცეს:

ძალიან ვეცადე საკუთარი კომფორტული ზონა შემექმნა ოთახში, რადგან ყველა საქმე სწორედ ჩვენი სამუშაო კუთხიდან იწყება. ბაბი კაჭარავა WUNDERWERK ARCHITECTURE
სახლიდან მუშაობა იმაზე რთული გამოდგა, ვიდრე მეგონა. მიუხედავად ამისა, არცერთი პროექტი არ შეჩერებულა და არც დედლაინები გადაგვიწევია. პროექტების ნაწილზე, რომელიც საზღვარგარეთ გვაქვს, აქამდეც დისტანციურად ვმუშაობდით და დღესაც ვიდეო ზარებით ვაგრძელებთ პრეზენტაციებს. სამწუხაროდ, მშენებლობებზე ვეღარ დავდივართ და მასალების შერჩევაც გვიჭირს. რთულია დრო გაანაწილო და ყურადღება არ გაგეფანტოს, მაგრამ თან მიხარია, რომ ჩვენს პროფესიაში დისტანციურად მუშაობა შესაძლებელია.
ანა გრიგოლია MATERIAL EDITORS
სიჩუმეში რომ არ გამეტარებინა სამუშაო დღე, კომფორტის შესაქმნელად სახლის აქტიური და ხმაურიანი ზონა შევარჩიე. ანამარია ოსიკმაშვილი KHMALADZE ARCHITECTS
ყოველთვის მეგონა, სახლში მყუდროდ მუშაობა საკმაოდ კომფორტული იქნებოდა, მაგრამ ჩვენი პატარა კომპანიისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცდა გამოდგა. ძალიან რთულია დისტანციურად არქიტექტურულ პროექტებზე მუშაობა, ხაზვა, რემონტზე ონლაინ ჩართვა და ხელის შეუხებლად მასალების შერჩევა. საბედნიეროდ, ჯერჯერობით არცერთი პროექტი არ შეჩერებულა და ვაგრძელებთ სტაბილურ მუშაობას. იმედია ასეც გაგრძელდება და მალევე შეგვეძლება დავუბრუნდეთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას და სამუშაო განრიგს. მარიამ გვაზავა MATERIAL EDITORS
ირაკლი აბაშიძე LABORATORY OF ARCHITECTURE #3
გოგიკო საყვარელიძე MULTIVERSE ARCHITECTURE
ნიკუშა ლომიძე WUNDERWERK ARCHITECTURE
დღისით სამუშაოდ ცარიელ ოფისში გადავდივარ, საღამოს კი სახლში ვაგრძელებ. ერთი სიკეთე, რაც ამ ყველაფერმა მოიტანა, არის ალბათ ის, რომ შეხვედრების ვირტუალურ სივრცეში ჩატარება დაინერგა, რითიც ბევრი ის დროს დაიზოგება მომავალში, რაც გადაადგილებაში და საცობებში იკარგებოდა. გიორგი ხმალაძე KHMALADZE ARCHITECTS
იზოლაციაში ყოფნის დრო მინდა გავატარო პროდუქტიულად, ყველა დღეს ვიწყებ დაგეგმვით – თუ რა უნდა მოვასწრო დღის განმავლობაში და დღის ბოლოს შესრულებული გეგმა მაბედნიერებს. მუშაობასთან ერთად შუალედებში დრო ვარჯიშისთვის და დიასახლისობისთვისაც გამოვნახე. თუნა შერაზადიშვილი KHMALADZE ARCHITECTS
დევი ქიტუაშვილი MULTIVERSE ARCHITECTURE
დავით გიორგაძე DAVIT GIORGADZE ARCHITECTS
ბოლო ერთი წლის განმავლობაში პერიოდულად მიწევდა სახლიდან მუშაობა, ამიტომ ამ ვითარებას ტექნიკურად და ფსიქოლოგიურად ადაპტირებული შევხვდი, ერთი ცვლილებით – ჩემი შვილი, როგორც კი ამთავრებს ონლაინ გაკვეთილებს, გვერდით მიჯდება და ხან დამკვეთია, ხან სტაჟიორი, ხან თანამშრომელი, ხან მშენებელი, მოკლედ მოწყენის საშუალებას არ მაძლევს. რობი გეთიაშვილი M.STUDIO
ვფიქრობ, რომ სახლიდან მუშაობისას უკეთესად ვისწავლით საკუთარი თავის, საქმის და დროის მართვას. ეს ძალიანი კარგი გამოცდილება იქნება, მთავარია კორონა დავამარცხოთ. ანუკი ხუციშვილი KHMALADZE ARCHITECTS
დისტანციურად მუშაობა არც ისე რთული ყოფილა, როგორც წარმომედგინა. ბევრი დადებითი მხარეც აღმოვაჩინე, მეტად მონდომებული და პროდუქტიული ვარ. ლიდია ჭილაშვილი KHMALADZE ARCHITECTS
მეგონა, რომ შენელდებოდა მუშაობის პროცესი დისტანციის გამო ან არ მექნებოდა სამუშაო განწყობა, თუმცა, მედალს ორი მხარე აქვს, სოციალურმა იზოლაციამ მეტად კონცენტრირებული გამხადა საქმეზე. რეზი კრაწაშვილი KHMALADZE ARCHITECTS
თანამშრომლები დავითხოვეთ სახლებში, ჩვენ კი ოფისის თავზე ვცხოვრობთ – ასე რომ, ჩავდივართ ოფისში და იქიდან ვახერხებთ მუშაობას. ნიკა ლეკვეიშვილი და ნუცა კანდელაკი TIMM ARCHITECTURE
ამ სახლში კარანტინამდე ერთი თვით ადრე გადმოვედი, ამიტომ მზად არ ვიყავი ახალი სტილის ცხოვრებისთვის თუ ოფისისთვის. იმის და მიუხედავად, რომ მრგვალი მაგიდა ამ საქმიანობისთვის საკმაოდ არაკომფორტულია, სახლიდან მუშაობა არ გამჭირვებია. რაღაც მხრივ საინტერესოც იყო, რადგან არ ვიცოდი ამ მდგომარეობას როგორ მოვერგებოდი ან როგორი იქნებოდა ონლაინ პროექტების გავლა. ბოლოს ვიტყოდი, რომ მაინც ძალიან მაკლია ოფისში მუშაობა და ხალხთან ურთიერთობა. იმედი მაქვს მალე დავბრუნდებით იქ, სადაც მისვლა ყოველ დღე მიხარია. ელენე ედიშერაშვილი MULTIVERSE ARCHITECTURE
ცხოვრების ასეთი რადიკალური ცვლილება და სახლიდან მუშაობა, ბავშვობის იმ მომენტის პროექციას ჰგავს, როდესაც მთელ დღეს ეზოში ვატარებდი და ოჯახის წევრები მეძახდნენ საჭმელად ავსულიყავი. სათამაშო რეკვიზიტები ლეპტოპმა ჩაანაცვლა, ხოლო აივნიდან დაძახება მობილურის ზარმა. მარიამ მეტრეველი MULTIVERSE ARCHITECTURE
კერძო დაკვეთებზე სახლიდან აქამდეც ვმუშაობდი, მაგრამ სამსახურის გრაფიკის მორგება სახლში ცოტა რთული აღმოჩნდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სახლში 1 წლის ბავშვია. მაგრამ მაინც ვახერხებ გრაფიკის დალაგებას, ოთახში ყურსასმენებით შეკეტვას და მუშაობას. მაკო ბაღიშვილი KHMALADZE ARCHITECTS
რა თქმა უნდა, როგორც სხვა პროფესიებისთვის, ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო ამ რეჟიმში ყოფნა. ვთვლი რომ არქიტექტორებისთვის მიმდინარე პროცესები საინტერესო გამოცდილებაა და ეს არის ის მომავალი, რომელიც აუცილებლად ყველა პროფესიას ელოდება. ყოველთვის მაინტერესებდა და მშურდა იმ პროფესიების, რომლებსაც შეეძლოთ დისტანციურად – მოგზაურობასთან, ქალაქგარეთ ყოფნასთან ერთად ემუშავათ და როგორც ჩანს მომავალში, მშვიდობიან გარემოში არქიტექტორებსაც შეგვიძლია გვქონდეს მსგავსი ფუფუნება. შედეგებზე ცოტა ადრეა ალბათ საუბარი, მაგრამ ვთვლი რომ არქიტექტორები ამ კრიზისს საკმაოდ კარგად ართმევენ თავს და პროდუქტიულობამ არათუ იკლო არამედ მოიმატა კიდეც. უჩა ზღუდაძე MULTIVERSE ARCHITECTURE
საცხოვრებელ გარემოში მუშაობა რთულია, რადგან შესაძლებელია ვერ მოიწყო ის სამუშაო სივრცე, რომელიც ოფისში, თუნდაც უნივერსიტეტშია შესაძლებელი, მაგრამ დროის ფაქტორიდან გამომდინარე, უფრო მეტი საქმის გაკეთების რესურსი გაქვს, რადგან სამუშაო გრაფიკი შენზეა დამოკიდებული, არ საჭიროებს გადაადგილებას და ყველაფერი ერთ სივრცეშია. ელენე დავითიძე სტუდენტი
მიუხედავად იმისა, რომ პირველ ეტაპზე ცოტა გამიჭირდა მიჩვევა, დღეს უკვე კარგად მოვერგე ჩემს ახალ, „სახლურ“ სამუშაო სივრცეს. ვფიქრობ, მთავარია, გავუმკლავდეთ იმ გამოწვევას, რასაც კორონავირუსი ჰქვია, მაქსიმალურად შევასრულოთ მითითებული რეკომენდაციები და დისტანციურად შევძლოთ დაკისრებული მოვალეობების შესრულება. მაშო არდაშელია
ყოველთვის ვაფასებდი და ახლა კი ასმაგად დავაფასე სკამის დიზაინერის სამუშაო, ვინაიდან დღეში 8 საათი ძალიან მნიშვნელოვანია რომ კომფორტულ სკამზე იჯდე. ხალხით სავსე ოფისიდან სახლში გადმობარგება არ ყოფილა ადვილი ადამიანური ურთიერთობების მხრივ, რომლის დანაკლისსაც თანამშრომლები საერთო „ჩატში“ მიმოწერით ვინაზღაურებთ. რამდენადაც მოსახერხებელი არ უნდა იყოს ხალათში, აივანზე ლეპტოპით მუშაობა, უკვე მენატრება „ძველი დრო“. თათა გაჩეჩილაძე MULTIVERSE ARCHITECTURE
რადგან ჩემს სახლში კიდევ სამ ადამიანს უწევს დისტანციურად მუშაობა, მე ჩემი მეგობრის სახლში გადმოვბარგდი. მგონია, რომ ასეთ პერიოდებში, მაინც საჭიროა ჩვეული რუტინა შევინარჩუნოთ, რა თქმა უნდა რაღაც ვარიაციებით და თავისუფალი დრო იმ ჰობს დავუთმოთ, რისთვისაც ადრე დრო არასდროს გვრჩებოდა.
ანი ჭიღიტაშვილი KHMALADZE ARCHITECTS