მწვანე ბარათზე დაწესებული შეზღუდვები გახანგრძლივდა

პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებით მწვანე ბარათის გაცემა 2020 წლის ბოლომდე შეჩერდა. შეზღუდვები ასევე ვრცელდება სხვადასხვა ტიპის სამუშაო ვიზებზე. პირველი შეზღუდვა მწვანე ბარათებთან დაკავშირებით ძალაში 25 აპრილს შევიდა და 60 დღით შეწყდა ბარათების გაცემა.

ტრამპის ადმინისტრაციის ახალი დადგენილებით მწვანე ბარათთან ერთად აკრძალვები ვრცელდება შემდეგი ტიპის სამუშაო ვიზებზე: H-1B სამუშაო ვიზა კვალიფიციური თანამშრომლებისთვის, H-2B არასასოფლო-სამეურნეო სექტორში სეზონურად დასაქმებულთათვის, J-1 ვიზა კულტურული და გაცვლითი პროგრამებისთვის და L-1 ვიზა, მენეჯერულ და სხვა წამყვან პოზიციებზე მყოფი დასაქმებულთათვის.

დონალდ ტრამპის მიერ მიღებული შეზღუდვები კორონავირუსის მიერ გამოწვეული ეკონომიკური პრობლემებითაა განპირობებული. აკრძალვების მიზანია უფრო მეტი სამუშაო ადგილი შენარჩუნდეს ამერიკის მოქალაქეებისთვის. ვიზების გაცემის შეჩერებით დაახლოებით 525 ათასი სამუშაო ადგილი გათავისუფლდება.

როგორც პრეზიდენტის განცხადებაშია აღნიშნული, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ნაციონალური საიმიგრაციო სისტემის ადმინისტრაციამ ყურადღება უნდა მიაქციოს უცხო ქვეყნის მოქალაქეების გავლენას შრომის ბაზარზე, რადგან შიდა უმუშევრობა შტატებში საკმაოდ მაღალია.

ტრამპის გადაწყვეტილებას უკვე გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეები. მსგავსი ტიპის სამუშაო ვიზებით საკმაოდ ხშირად სარგებლობენ მულტინაციონალური და ტექნოლოგიური კომპანიები. კრიტიკოსთა აზრით, ტრამპის გადაწყვეტილებით და მაღალკვალიფიციური თანამშრომლებისთვის ვიზების გაცემის შეჩერებით შტატების ეკონომიკა უფრო მეტად დაზარალდება.