2019 წლის საუკეთესო მორაგბე ქალად საქართველოში ნათია გავაშელი დასახელდა. ნათიამ წელს 7-ქალას წარმატებაში შეტევებით, ბოჭვებითა და რაქებში განსაკუთრებულად ძლიერი თამაშით, დიდი წვლილი შეიტანა. იგი სპორტის გარდა ასევე დაკავებულია არქეოლოგიის შესწავლითა და კერამიკაზე მუშაობით.
გთავაზობთ ინტერვიუს წარმატებულ ქალ სპორტსმენთან.
„2019 წლის საუკეთესო მორაგბე ქალის“ ტიტული, ალბათ, აისბერგის მხოლოდ მცირე მონაკვეთია. გვიამბე, რეალურად როგორია გზა წარმატებისკენ?
რა თქმა უნდა, ნებისმიერი სპორტსმენის წარმატებისა თუ წარუმატებლობის მიღმა უზარმაზარი შრომა იმალება. ყოველდღიური გამოწვევები საკუთარ თავთან, მუდმივად იმის მცდელობა, როგორ გახდე უკეთესი. რაც შეეხება ხსენებულ ტიტულს, ჩემთვისაც ნამდვილად სასიამოვნო მოულოდნელობა იყო.
საქართველო, სამწუხაროდ, გენდერული სტერეოტიპებით მდიდარი ქვეყანაა, აწყდებოდი თუ არა რაიმე სირთულეებს ამ თვალსაზრისით?
სტიგმები და სტერეოტიპები ნამდვილად უშლის ხელს ჩვენს ქვეყანაში ქალთა რაგბის განვითარებას. ხშირად მშობლები არ უშვებენ თავიანთ გოგონებს რაგბის სათამაშოდ ან ქმრები აღარ აძლევენ მათ ამ სპორტით დაკავების უფლებას. ეს ყველაფერი ჩემთვისაც ძალიან სამწუხაროა, თუმცა, ვფიქრობ, თანდათან ეჩვევა ქართული საზოგადოება სპორტსმენ გოგონებსაც. 4-5 წლის წინ ყველაფერი ბევრად უარესად იყო. უამრავი დამცინავი, შეურაცხმყოფელი და გულდასაწყვეტი კომენტარი მახსოვს ჩვენი მისამართით.
რატომ უნდა დასცინო ვიღაცას იმის გამო, რომ ვარჯიშობს – ეს არალოგიკურად მეჩვენება და არ მესმის.
საბედნიეროდ, ჩემი მშობლები მუდამ მხარს მიჭერდნენ და მამხნევებდნენ, რისთვისაც მადლიერი ვარ.
როგორია შენი ერთი სამუშაო დღე, როგორ ანაწილებ დროს, რამდენ საათს უთმობ ვარჯიშს, როგორ იკვებები?
ძალიან დატვირთული დღე მაქვს. დილით ადრე გავდივარ სახლიდან და შინ გვიან ღამით ვბრუნდები. დღის პირველ ნახევარში უნივერსიტეტში ვარ, საღამოობით კი ვვარჯიშობ. სახლში მისვლისას რამდენიმე საათით ვმეცადინეობ, სხვას ვერაფერს ვეღარ ვასწრებ.
თავისუფალი დრო უფრო უქმეებზე მაქვს. შაბათ-კვირას უცხო ენის შესწავლას, წიგნების კითხვასა და მეგობრებთან გართობა-დასვენებას ვუთმობ.
ვინ არიან შენი მისაბაძი სპორტსმენები, ვინ შთაგაგონებს, ვის ცდილობ, რომ მიბაძო?
სიმართლე რომ ვთქვა, კონკრეტული მისაბაძი სპორტსმენი არ მყავს, თუმცა ვგულშემატკივრობ საფრანგეთის შვიდქალა ნაკრებს, რომელიც ძალიან აგრესიულ და შემტევ რაგბს თამაშობს.
რაგბის სიყვარულის გარდა, გაქვს თუ არა რაიმე ჰობი, განტვირთვის საშუალება, რომლითაც ისვენებ და ძალებს იკრებ?
ამჟამად ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, არქეოლოგიის ფაკულტეტის მესამე კურსზე. ჩემთვის ძალიან საინტერესო პროფესიაა და მიყვარს. მინდა სამომავლოდაც ამ საქმეს გავყვე. გარდა ამისა, არქეოლოგიის გავლენით, ძალიან მომწონს კერამიკაზე მუშაობა და თავად ვსწავლობ მის დამუშავებას. ვიმედოვნებ, მალე შევძლებ კერამიკისგან დამოუკიდებლად შევქმნა ნამუშევრები.
რას ეტყოდი საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდა გოგონებს, რომლებსაც ეს სპორტი შენსავით იზიდავთ და აინტერესებთ? რას უნდა მიაქციონ მათ განსაკუთრებული ყურადღება და რაზე არ ღირს ზედმეტი წუხილი?
გოგონებს, რომლებსაც სურთ რაგბით დაკავდნენ და გარკვეული მიზეზების გამო თავს იკავებენ, ვურჩევდი, რომ იყვნენ მეტად გაბედულები და თამამები. რა, თქმა უნდა, გარშემომყოფთა აზრი მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენს ცხოვრებას სხვის გადაწყვეტილებებზე ვერ ავაშენებთ.