ქველმოქმედების 20 წელი | გეითსების ფონდი

© GatesNotes

ბილ და მელინდა გეითსების საქველმოქმედო ფონდის დაფუძნებიდან 20 წელიწადი გავიდა – ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ინოვაციების დახმარებით პროგრესი გარდაუვალი გახდება.

ფონდის დაფუძნებიდან 20 წლის შემდეგ ბილმა და მელინდამ გამოაქვეყნეს წერილი, რომელშიც თავიანთი საქმიანობის შეფასებასა და სამომავლო ხედვას გვიზიარებენ.

დაფუძნების დღიდან მოყოლებული გეითსების ფონდმა ქველმოქმედებისა და საგრანტო დაფინანსებების სახით $53.8 მილიარდი გასცა. ფონდის ბალანსზე თითქმის იგივე მოცულობის თანხაა დარჩენილი. დღეს გეითსების ფონდის 1500-მდე თანამშრომელი მსოფლიოს 140-მდე ქვეყანაში მუშაობს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, როგორებიცაა გლობალური ჯანდაცვა. გლობალური განვითარება, კლიმატის კრიზისი, გენდერული თანასწორობა და ა.შ.

წერილის გამოსვლამდე რამდენიმე თვით ადრე ნეტფლიქსზე ბილ გეითსის შესახებ  გადაღებული სამნაწილიანი დოკუმენტური ფილმის პრემიერა შედგა. ფილმის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ გეითსების საქველმოქმედო საქმიანობას ეთმობა – თქვენ შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ, თუ როგორ იგეგმებოდა ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიც არის პოლიომიელიტის აღმოფხვრა, სუფთა სასმელი წყლის დეფიციტთან ბრძოლა და ა.შ.

გეითსების ფონდის რესურსი გასულ 20 წელიწადში ძირითადად გლობალური ჯანმრთელობისა და განათლების მიმართულებით დაიხარჯა. ხოლო გამოწვევები, რომელთან ბრძოლასაც ბილი და მელინდა მომავალში აპირებენ კლიმატის კრიზისსა და გენდერულ უთანასწორობას უკავშირდება.