ბილ გეითსის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ აშშ კორონავირუსთან გასამკლავებლად ყველა შესაბამის ზომას მიიღებს 6-10 კვირის პერიოდში ქვეყანაში სიტუაციის დასტაბილურება და დაავადებულთა რიცხვის დრამატულად შემცირებაა მოსალოდნელი.
„ყველაზე მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ თვითიზოლაციის პირობები, რათა ინფექციის გავრცელების მაჩვენებელმა დაბლა დაიწიოს, ჩვენ კი რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს… საჭიროა, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე ამ უპრეცედენტო სიტუაციაში.“
ბილ გეითსმა ჯერ კიდევ გასულ კვირას Microsoft-ის საბჭო დატოვა, რათა მომავალში მეტი დრო დაუთმოს ფილანთროპიას; მას შემდეგ კი ასეული მილიონი დოლარი შესწირა კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებული კვლევების წარმოებას.
მისი აზრით, კორონავირუსის ეფექტი ეკონომიკაზე საკმაოდ დიდი იქნება, თუმცა ამ მდგომარეობის დაძლევას სახელმწიფო მაინც შეძლებს. მას მეტად აწუხებს, თუ რა მდგომარეობაში აღმოჩნდებიან განვითარებადი ქვეყნები, რომლებსაც არ აქვთ იგივე რესურსი და შესაძლებლობები, რაც მდიდარ სახელმწიფოებს გააჩნიათ.