კეთილსინდისიერებით ნაშენები რეპუტაცია | ინტერვიუ ნინო გამყრელიძესთან

მიიღოს მონაწილეობა ადამიანების, განსაკუთრებით კი ქალების გაძლიერებაში, დაეხმაროს მათ ზრდასა და კარიერულ წინსვლაში – ეს ნინო გამყრელიძის ცხოვრებისეული კრედოა. ამიტომაც მისი მთავარი არჩევანი სწავლაა, რომელიც ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ შეუწყვეტია, პირიქით, ახლის შეთვისება საკუთარ ყოველდღიურობად აქცია და ეს პროცესი უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს. სიამოვნებას ანიჭებს საქმეც, რომელსაც უკვე 9 წელია აკეთებს, ნინო კომპანიის „4Hospitals“ დამფუძნებელი და ბიზნესფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ წევრია.

ფოტო: ბექა ჩოკოშვილი / Forbes Woman Georgia

ნინო გამყრელიძე პროფესიით ექიმია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჯერ პედიატრიული ფაკულტეტი დაამთავრა და შემდეგ რეზიდენტურა ონკოჰემატოლოგიის მიმართულებით დაიცვა. გავიდა დრო და მიხვდა, რომ ექიმობა მისი მოწოდება არ იყო, თუმცა სფეროდან შორს არ წასულა. იმუშავა სხვადასხვა ფარმაცევტულ კომპანიებში, საწყისი საფეხურიდან დაწყებული, მენეჯერული პოზიციებით გაგრძელებული, 2014 წელს კი თანამოაზრეებთან ერთად სამედიცინო კომპანია „4Hospitals“ დააფუძნა.

„პროფესიის ცვლილება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სწორი გადაწყვეტილება იყო, რამაც საბოლოოდ საკუთარი კომპანიის შექმნამდე მიმიყვანა. „4Hospitals“ ისეთი სამედიცინო პროდუქციის პროვაიდერია, როგორიც არის სამედიცინო ავეჯი და აპარატურა, ხელსაწყოები, ინსტრუმენტები, სამედიცინო სახარჯი მასალები და სხვა. ვმუშაობთ მხოლოდ B2B მიმართულებით, ვამარაგებთ სამედიცინო დაწესებულებებს, უზრუნველვყოფთ მათ საჭირო სერვისით და ვუწევთ მუდმივ მონიტორინგს“.

როგორც უმრავლესობამ, ნინომაც ბიზნესში პირველი ნაბიჯები მწირი რესურსით დაიწყო, პირველ ეტაპზე კომპანიას თანამშრომლობის ხელშეკრულება, მხოლოდ ოთხ საერთაშორისო მომწოდებელთან ჰქონდა, შესაბამისად „4Hospitals“ პორტფელიც მცირე რაოდენობის სამედიცინო პროდუქციას შეიცავდა. ცხრა წელი გავიდა და ნინო გამყრელიძის კომპანია საქართველოში არსებული მსგავსი ტიპის ბიზნესის ხუთეულშია, პორტფელში მრავალფეროვანი სამედიცინო პროდუქციით, რომელთა რაოდენობა 2500-ს აჭარბებს. კომპანია საქართველოში არსებულ ყველა მრავალპროფილურ კლინიკასთან მუშაობს და მათი საჭიროებების 50-60%-ის დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს.

„ბაზარზე მსგავსი ტიპის დაახლოებით ორმოცამდე კომპანიაა. ჩვენ ხუთეულში ვართ და თანაც ყველაზე ახალგაზრდები. ეს ნიშნავს რომ ყველაზე სწრაფი ტემპით განვვითარდით. ეს იმ გუნდის დამსახურებაა, რომელიც ჩვენს კომპანიას წარმოადგენს. დაუღალავი შრომით შევძელით ბაზარზე საინტერესო ნიშის დაკავება. ჩვენი გამორჩეულობა იმაშია, რომ სამედიცინო დარგობრივი დისციპლინების მიმართულებებში პროდუქტების სრული პორტფელი გვაქვს და ვახერხებთ კლინიკების მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სერვისი. ჩვენ უზრუნველვყოფთ პროდუქციის უწყვეტ და დროულ მიწოდებას, უწყვეტი მარაგების შექმნას და გაწეული სერვისების მონიტორინგს“.

ფოტო: ბექა ჩოკოშვილი / Forbes Woman Georgia

ოთხი პარტნიორით დაწყებულ ბიზნესს, ახლა სამოცდაათზე მეტი საერთაშორისო მომწოდებელი კომპანია ჰყავს, ევროპაში, აშშ-ში თუ აზიაში. ნინოს, გამოცდილებამ ასწავლა, რომ ბიზნესში მთავარი კეთილსინდისიერებაა. როგორც თავად გვეუბნება, „4Hospitals“ პირველი დღიდან დღემდე კლიენტის კმაყოფილებაზეა ორიენტირებული. მიაჩნია, რომ ღირებულებების ერთგულება ის არის, რამაც მის ბიზნესს კლიენტების მხრიდან ნდობა და რეპუტაცია მოუტანა, ეს კი კომპანიის მთავარ აქტივად მიაჩნია.

„თავიდან 5-6 კაციანი გუნდი ვიყავით, დღეს ორმოცდაათნი ვართ. საქმიანობა 60 კვ. მეტრის ოფისით დავიწყეთ და დღეს ჩვენი ოფისი 450 კვ. მეტრს მოიცავს, საწყობი – 600 კვ. მეტრს. ოქტომბერში დასავლეთის რეგიონული ოფისი ქუთაისში გავხსენით“.

„4Hospitals“ დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს წევრი წელიწად-ნახევრის წინ ბიზნესფედერაციას „ქალები მომავლისთვის“ შეუერთდა. სჯერა, რომ ძლიერ ქალებს ერთად დიდი საქმის კეთების რესურსი აქვთ.

„როცა საუბარია ძლიერ წარმატებულ ქალზე, ფიქრობ, რომ ასეთები მხოლოდ ერთეულები არიან. ფედერაციაში აღმოვაჩინე რომ პირიქით, ასეთი ქალი ჩვენს ქვეყანაში ბევრია. ფედერაცია პირველ რიგში ურთიერთობებია, გამოცდილების გაზიარება, ერთიანი ძალა და სტიმული სხვებს, იმისთვის რომ თავადაც გარისკონ, იბრძოლონ და ძლიერები იყვნენ“.

ქალი ძლიერია, თუ ის განათლებული და რეალიზებულია, ნინოს სხვანაირად ძლიერი ქვეყნის და წარმატებული მომავლის შენება ვერ წარმოუდგენია. ამიტომაც ცდილობს საზოგადოების ფორმირებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს, მოსწონს რომ ფედერაცია სხვებისთვის გამოცდილების გაზიარების და პერსონალური გაძლიერების შესაძლებლობას აძლევს.

„ნებისმიერი მიზნის მიღწევა შეუძლებელია, თუ ამას კარგი გაგებით ჯიუტად არ მივუდგებით, სხვანაირად რთული იქნება. წარმატების გზაზე ბევრი დაბრკოლებაა, აუცილებელია მარტივად არ დავნებდეთ“.