Galt&Taggart-ის განახლებული ეკონომიკური პროგნოზი უფრო ოპტიმისტურია

Photo By Chris Liverani

წამყვანი საინვესტიციო კომპანია საქართველოში Galt&Taggart ახალ მოხსენებას,  “საქართველოს ეკონომიკა – მითხარი, ვინ არიან შენი მეგობრები და გეტყვი, ვინ ხარ შენ,“ აქვეყნებს.

კრიზისის ფონზე საქართველოს მთავრობამ IMF-ისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით $3 მილიარდის ოდენობის ფინანსური რესურსების მობილიზება მოახერხა. „კარგი მეგობრების“ ფინანსური დახმარების გათვლისწინებით, Galt&Taggart საქართველოს ეკონომიკასთან დაკავშირებულ პროგნოზებს აქვეყნებს.

კომპანიის გამოთვლებით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ით შემცირდება, რაც IMF-ის პროგნოზს ემთხვევა. თუმცა, თუ საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2021 წელს ეკონომიკის 3%-იან ზრდას ვარაუდობს, Galt&Taggart-ი ეკონომიკის აღდგენის უფრო პოზიტიურ სცენარს – 5%-იან ზრდას ელის.

G&T-ის განსხვავებული პროგნოზი აქვს მიმდინარე ანგარიშის ბალანსთან ანუ ფულის ქვეყნიდან გადინებისა და უცხოეთიდან შემოდინების ბალანსის მთავარ საზომთან დაკავშირებითაც. კომპანიის გამოთვლებით, საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 6% იქნება, IMF-ის კი – 10,5%. ეს პროგნოზი იმპორტის მნიშნელოვანი შემცირების მოლოდინს ეყრდნობა, რაც შემცირებული მოთხოვნითა და ნავთობის გაიაფებით იქნება გამოწვეული. მათი ვარაუდით, იმპორტის შემცირება ნაწილობრივ აანაზღურებს 2020 წელს ტურიზმის სექტორიდან შემოსული შემოსავლების დანაკლისს და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შემცირდება.

გარდა ამისა, თუ Galt&Taggart წინა თვეში გამოქვეყნებულ ანგარიშში 2020 წელს უცხოეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების 15-20%-ით შემცირებას ვარაუდობდა, ამჯერად, უფრო ოპტიმისტიური პროგნოზით, წელს ქვეყანაში 10%-ით ნაკლები ფულადი გზავნილები შემოვა.