ფსიქოლოგი როგორც ყავარჯენი – ინტერვიუ თამარ გაგოშიძესთან

დღეს, მრავალწლიანი პრაქტიკისა და ნეიროფსიქოლოგიის საკუთარი ცენტრის აქტუალურობის ფონზე, თვლის, რომ ინსტინქტურად აირჩია საჭირო პროფესია. უფრო ზუსტად, ხუმრობს, რომ პროფესია ‒ ფსიქოლოგი სიტყვის ჟღერადობის გამო მოეწონა და გზადაგზა გაირკვა, რომ ის უნდა ეკეთებინა, რაც ყველა ეტაპზე მარტივადაც გამოსდიოდა და სიამოვნებასაც ანიჭებდა.

მისი საქმის, ინტერესის, კვლევის საგანი ‒ ადამიანია. ადამიანებს კი სჯერათ, რომ თამარ გაგოშიძესთან ყველა კითხვაზე შეიძლება მიაგნო პასუხს ‒ ნეიროფსიქოლოგიიდან დაწყებული, შვილის სკოლასთან ადაპტაციითა და შეყვარებულის ქცევის მოტივით დამთავრებული.

თუმცა ამ კითხვების ადრესატი არ აღიარებს რჩევას, როგორც გამზადებულ რეცეპტს. აზუსტებს, რომ მისი პროფესია გეზის მიცემაა, გამოსავალს კი ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენით უნდა მივაგნოთ.

რა ასაკში, ვისი გავლენით აირჩიეთ პროფესია, რამდენად მოდური იყო ფსიქოლოგობა მაშინ?

შემთხვევით მოხდა. შემთხვევით კი არაფერი ხდება, მაგრამ ლინგვისტიკაზე მინდოდა ჩაბარება და იმ წელს მიღება არ იყო. მახსოვს, დედაჩემმა მითხრა, ფსიქოლოგიურზე ხომ არ ჩააბარებდიო. ბევრი არაფერი ვიცოდი ამ პროფესიის, მაგრამ ვიფიქრე, რომ ეს უნდა ყოფილიყო ადამიანებთან ურთიერთობა, ადამიანების გაგება, მათი მოტივირება და ეს ყოველთვის გამომდიოდა. სკოლაში საქმეების მომგვარებელი ვიყავი, ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა.

როგორ გარემოში იზრდებოთი?

ვერ ვიტყვი, რომ ლიბერალურში ან ავტორიტარულში, უფრო ‒ ავტორიტეტული ერქვა. არ მახსოვს, რომ ოჯახში დამცირება ან რამე მსგავსი მეგრძნო. მამაჩემი ძალიან ნაკლებად კომუნიკაბელური ადამიანი იყო, ფაქტობრივად, საერთოდ არ ურთიერთობდა ჩვენთან, სანამ არ გავიზარდეთ. მერე რომ ვკითხე, რა იყო ეს, რატომ არ გვეკონტაქტებოდი-მეთქი, მიპასუხა, პატარები იყავით და რითი უნდა ყოფილიყო საინტერესო მაშინ თქვენთან ურთიერთობაო. თუმცა, გვასეირნებდა, თეატრში, კინოში და დასასვენებლადაც კი მივყავდით ხოლმე მარტოს. დედა და მამა მუშაობდნენ და ნაკლებად ეცალათ ჩვენთვის, მაგრამ დედა ემოციურად ყოველთვის მისაწვდომი იყო, ყოველთვის გვერდით იყო, როცა მასთან ურთიერთობა თუ მოფერება გვჭირდებოდა, მაგრამ თამაშით, მაგალითად, არ გვეთამაშებოდა. სამაგიეროდ, მე და ჩემს ძმას გვყავდა ბებია ‒ უნიკალური არსება, რომელიც გვათამაშებდა, მეზობლების ბავშვებთან ერთად სპექტაკლებს გვადგმევინებდა. მაშინ პატეფონი იყო მოდაში, გვაცეკვებდა, გვამღერებდა, გვახატინებდა. ბებია იყო ბაზისური საფუძველი ბევრი რამის, როცა შენ პირდაპირ კი არ გეუბნებიან სათქმელს, იგავებით გელაპარაკებიან. და, სხვათა შორის, ამ გამოცდილებას ახლა ვიყენებ პრაქტიკაში.

ჩემით ვსწავლობდი, დამოუკიდებლად, მაგრამ მათემატიკაში ხანდახან მჭირდებოდა ხოლმე დახმარება და მამაჩემთან მივდიოდი. არ მახსოვს, ოდესმე ეთქვა რატომ ვერ იგებ, რამდენჯერ უნდა მკითხოო ან რამე მსგავსი. მეტყოდა ხოლმე, იცი რა, მეც არ ვიცი, მოდი, ახლა ლოგიკურად ვიმსჯელოთო. ლოგიკურად ვიმსჯელებდით და გამოგვდიოდა. ახლა, ამ გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, ეს იყო დიდი მხარდაჭერა ჩემთვის, დიდწილად, ამის დამსახურებაა, რომ დასწავლილი უსუსუსრობა არ მაქვს, არ მეშინია გამოწვევების, არ მეშინია დაბრკოლებების. როცა პატარა ხარ და რაღაცებს ვერ იგებ, თავი სულელი გგონია, მაგრამ როცა ძალიან მნიშვნელოვანი ავტორიტეტი გეუბნება, მეც ვერ გავიგე, მოდი ერთად წავიკითხოთ და გავერკვეთო, ეს სულ სხვაა. ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა. მე მქონდა უსაფრთხო, ემოციურად ძალიან მხარდაჭერილი ბავშვობა. ბალანსირებული, ‒ არაფერი გვაკლდა, მაგრამ ზედმეტიც არაფერი გვქონდა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

როგორ ფიქრობთ, ფსიქოლოგობას ნიჭი სჭირდება? შეიძლება ადამიანი გრძნობდეს საჭიროებას, მეტიც ‒ აუცილებლობას, რომ მივიდეს ფსიქოლოგთან, მაგრამ რთულია ბოლომდე გავეხსნათ და ნდობა გამოვუცხადოთ უცხო ადამიანს. რატომ ხდება ასე?

ეს არის ძალიან კარგი კითხვა, მაგრამ ისე არ გაიგოთ, რომ ნიჭის მომხრე ვარ. ზოგადად, ყველა ის პროფესია, სადაც ადამიანთან გაქვს საქმე, აუცილებლად მოითხოვს ემპათიას. თუ ემპათია არ გაქვს, ამას ვერ გამოიმუშავებ, თუმცა მარტო ემპათიითაც ფონს ვერ გახვალ. საქართველოში ნიჭიერებას ვცემთ ყველაზე დიდ პატივს, მაგრამ არაა ეს სწორი, იმიტომ, რომ ერთია ნიჭი, მაგრამ ყველაზე მთავარი ძალისხმევა, გულმოდგინება და შრომაა. ამის გარეშე არაფერი გამოდის.

რთულია წლების განმავლობაში ერთგული დარჩე იმ საქმის, რაც 17 წლის ასაკში აირჩიე?

საბოლოოდ, მაინც შენი არჩევანია. ჩვენ ძალიან მძიმე პერიოდი გამოვიარეთ, 90-იანებში არაფერი რომ არ იყო, ერთი მომენტი ვფიქრობდი აქედან წასვლას. მერე რაღაცნაირად ჩემს თავზე გავბრაზდი და აღმოვაჩინე, რომ ეს სერიოზული დაბრკოლებაც გამოწვევაა და სწორედ მაშინ დავიცავი სადოქტორო დისერტაცია იმ სიბნელეში, ჯინაზე. მაშინ გავხსენი ნეიროფსიქოლოგიის მიმართულებით პირველი სამაგისტრო კურსიც. ესეც საკუთარი თავის ჯინაზე.

ჯიუტი ხართ?

არც იმდენად, ჩემთან მოლაპარაკება შეიძლება, მაგრამ დაბრკოლებისა და ახალი გამოწვევის გადალახვა ძალიან მიყვარს. როცა რაღაც უკვე გაკეთებულია, სიახლე მინდა. თვითონ საქმე მაინტერესებს, პროცესზე ორიენტირებული ადამიანი ვარ. ფინანსებთან დაკავშირებითაც იგივე დამოკიდებულება მაქვს ‒ ფული ჩემთვის ყოველთვის შედეგია, არასდროს არაა მიზანი.

ძალიან ბევრს მუშაობთ?

დიახ, მუშაობა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს, თუმცა გართობაც ძალიან მიყვარს. ძილი, მოგზაურობა, მეგობრებთან ურთიერთობა მიყვარს ძალიან.

როგორც წესი, ისეთი მოლოდინია ფსიქოლოგების მიმართ, რომ ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც ყველა კითხვაზე პასუხი აქვთ.

რეალურად, ჩვენ ვართ ჩვეულებრივი ადამიანები, არც მკითხავები ვართ და არც წინასწარმეტყველები, ბევრი რამ გვეშლება, უბრალოდ, ვიცით რაღაც კანონზომიერებები, რომლებიც ხან ამართლებს და ხან ‒ არა, თუნდაც იმიტომ, რომ სტანდარტული ადამიანი არ არსებობს, ყველა ვერ ჯდება ამ კანონზომიერებებში. გარდა ამისა, ყველას თავისი მოტივაცია აქვს, რომლის წაკითხვა არცთუ იოლია. სტუდენტებს ყოველთვის სულ იმას ვასწავლი, რომ გარეგნობისა თუ გამომეტყველების მიხედვით ადამიანზე არ იმსჯელონ. ამდენწლიანი პრაქტიკის გათვალისწინებით, თვითონაც არაერთხელ აღმოვჩენილვარ გარეგნული ეფექტის ტყვეობაში.

შეიძლება, რომ ფსიქოლოგი ახლობელმა ადამიანმა შეცვალოს? – ოჯახის წევრმა, მეგობარმა, რომელსაც ბოლომდე ვენდობით?

ახლობელმა შეიძლება გაიზიაროს შენი პრობლემა, რჩევა მოგცეს, რაღაც საკითხები ერთად გაარჩიოთ, მაგრამ როცა რაღაც უფრო მეტი გაწუხებს, ვიდრე შენი ყოველდღიური პრობლემებია, ვთქვათ, ემოციური ფონია მძიმე და ეს ისეთ სისტემატურ ხასიათს ატარებს, რომ მდგომარეობიდან ვერ გამოდიხარ, მაშინ ახლობელი თუ მეგობარი ვერ გიშველის. ამ დროს პროფესიონალი ფსიქოთერაპევტი გჭირდება. ის ცოტათი მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი თანამოსაუბრე.

ფსიქოლოგისგან რჩევას უნდა ველოდოთ?

იცით რა, ჩვენ არ ვართ გურუები, ეს ყველამ უნდა იცოდეს, სხვათა შორის, თვითონ ფსიქოლოგებმაც უნდა იცოდნენ. მე არ მიყვარს რჩევების მიცემა, რეცეპტები არ არსებობს. ჩემს სტუდენტებს ვეუბნები ხოლმე, რომ ჩვენ ვართ ყავარჯნები, ცოტა ხნით ვჭირდებით ადამიანს და მერე უნდა გადაგვაგდოს. პროფესიულად გაწვრთნა იმას ნიშნავს, რომ კარგი ყავარჯენი იყო. კეთილსინდისიერი ფსიქოთერაპევტი არ იბამს თავის თავზე პაციენტს.

არის მაგის ცდუნება?

ძალიან დიდი, მთელი ისტორიებია, იმიტომ, რომ ჩვენც ადამიანები ვართ, ისევე გვიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, როგორც სხვებს, გვიყვარს სხვა ადამიანებით მანიპულირება, ისევე, როგორც სხვებს, მაგრამ ჩვენი პროფესია იმით განგვასხვავებს სხვა პროფესიის ადამიანებისგან, რომ ზუსტად უნდა იცოდე სად იწყებ მანიპულირებას, სად მოგინდა ყურადღების ცენტრში ყოფნა და სად მოგინდა ამ ადამიანის მიბმა. რჩევასა და რეცეპტს თუ გაძლევს ფსიქოთერაპევტი, ესე იგი, ის არაა კარგი ფსიქოთერაპევტი. მან შეუმჩნევლად, ნაზად უნდა გიბიძგოს, რომ შენ თვითონ მიიღო გადაწყვეტილება, თვითონ დაალაგო თავში ის, რაც პრობლემას გიქმნის ან თვითონ შეიცვალო დამოკიდებულება რაღაცების მიმართ.

რთული პროფესიაა?

დიახ, საკმაოდ. ჩვენ საქმე გვაქვს ხოლმე რთული ისტორიის მქონე ადამიანებთან და, ბუნებრივია, ემოციით ვიტვირთებით. პროფესიული გადაწვა ამ სფეროში ხშირია, ამიტომ ჩვენც გვჭირდება ფსიქოთერაპევტი. საქართველოში ეს ნელ-ნელა შემოდის, ვისაც საერთაშორისო სერტიფიკატი აქვს, მათ იციან, რომ პროფესიონალ ფსიქოთერაპევტებს ვალდებულება აქვთ წელიწადში ერთხელ თვითონ გაიარონ ფსიქოთერაპია. ჩვენც, ნეიროფსიქოლოგებს, ასევე გვჭირდება კარგი დასვენება. ზაფხულში ცენტრი თვენახევრითაა ხოლმე დაკეტილი, ახალი წლის პერიოდშიც ორი კვირით ვისვენებთ და ხანდახან ესეც არ არის ხოლმე საკმარისი. ასეთი ძლიერი დატვირთვის დროს, როცა სხვისი ემოციები უნდა გაიზიარო, ძალიან დიდი ფსიქიკური ენერგია იხარჯება და იწვებიან ადამიანები, ამიტომ ამ ენერგიას აღდგენა სჭირდება.

ამ საუკუნის ერთ-ერთ პრობლემად შფოთვის მომატებას ასახელებენ. რა არის რეალურად შფოთვა?

შფოთვა, ზოგადად, კარგი რამეა, ბიოლოგიურად გამართლებულია. მცირე შფოთვა საჭიროა იმისთვის, რომ თავი მავნე ზემოქმედებისგან დაიცვა, რაღაცები წინასწარ განჭვრიტო, სხვანაირად გარემოსგან თავდაცვას ვერ მოახერხებ. შფოთვას სასიგნალო ფუნქცია აქვს შენთვის, რომ ადაპტაცია შეძლო, მაგრამ მომატებული შფოთვა სხვაა, რა თქმა უნდა.

შეიძლება ვთქვათ, რომ შფოთვა უარყოფითის მოლოდინია?

დიახ, უარყოფითის მოლოდინია და ნახეთ საიდან მოდის: შენ არ ენდობი გარემოს. ფსიქოლოგები გეტყვიან, რომ თავს უსაფრთხოდ არ გრძნობ, იმიტომ, რომ შენთვის გარემო არის მტრული. შესაბამისად, ყოველთვის საფრთხეს ელოდები ამ გარემოდან. რეალურად, ელოდები იმას, რაც არ არსებობს. შფოთვა ეგაა, ‒ როცა გგონია, რომ ასე იქნება. ჩვენ, 90-იან
გამოვლილები, ახლა ვართ ტიპური პოსტტრავმული საზოგადოება, სერიოზული მენტალური პრობლემებით. დგახარ პოზაში, არავინ არ გერჩის და შენ უკვე ჩხუბს იწყებ. ადამიანების უმრავლესობა თავდაცვის პოზაშია. რატომ? იმიტომ, რომ ამ ადამიანებისთვის გარემო არის მტრული. ასე აღიქვამენ, იმიტომ, რომ ბავშვობაში მათ არ ჰქონდათ უსაფრთხოების შეგრძნება. ის, რომ ფიზიკური უსაფრთხოება არ გვქონდა დაცული, ის, რომ არ ვიცოდით როდის აინთებოდა და ჩაქრებოდა სინათლე, ამას დამატებული იმ მშობლების შფოთვის ყურება, რომლებმაც არ იციან რა გაჭამონ, როგორ დაგბანონ, სკოლაში როგორ გაგიშვან, არ იციან ქუჩაში რომ გავლენ, უკან შემოვლენ თუ არა. ეს გაგრძელდა წლების განმავლობაში და რეალური საფრთხის მოლოდინმა ქრონიკული ხასიათი მიიღო. ამ პრობლემებს ჩვენ სერიოზულად არ ვუყურებთ, არადა, მომატებულია სუიციდი, მომატებულია დეპრესია, რომელიც გინდა ბავშვებში და გინდა დიდებში, იცით,
როგორ ჩანს? აგრესიაში ვლინდება, განსაკუთრებით, მამაკაცებში.

რატომ გვაქვს ბედნიერების ეპიზოდური აღქმა და რატომ ვერ ვახერხებთ ბედნიერი წამის მარტივად დაჭერას?

იცით რა, მე ვიტყოდი, რომ ბედნიერების აღქმა უკვე აღარ გვაქვს. ეპიზოდურადაც კი ძალიან გართულდა ეს ამბავი. რასაც ვაკვირდები, ადამიანებს მადლიერების განცდა აღარ აქვთ. ესეც პოსტტრავმულია. რელიგიური მოღვაწეები გეტყვიან, რომ ეს არის დავიწყება, შენ გავიწყდება, რომ მეზობელმა, ნაცნობმა სიკეთე გაგიკეთა, რომ დილით მზე ამოვიდა და რა ბედნიერებაა, რომ ჩიტები ჭიკჭიკებენ. გავიწყდება და მადლიერების განცდა არ გაქვს, ამიტომ სულ უკმაყოფილო ხარ, სულ რაღაც პრეტენზიები გაქვს. ესაც შფოთვიდან მოდის: მტრულად აღიქვამ გარემოს და არაფერი არ გაკმაყოფილებს. და კიდევ ერთი მომენტია: მატერიაზე ზედმეტი მიბმა. დასავლეთში და, განსაკუთრებით, ამერიკაში, მილიონერების ქვეყანაში, დაიწყო ანტიმატერიალისტური მოძრაობა, იქაური ახალგაზრდები მეუბნებიან, რომ საკუთრება არ აქვთ და მათი შემოსავლის ძირითადი ნაწილი სწავლასა და მოგზაურობაში მიდის. ჩვენ, როგორც ფრომი იტყოდა, ყოფნის კი არა, ფლობის სტადიაში ვართ: უნდა ვფლობდეთ ყველაფერს – სახლს, მანქანას, თანამდებობას, სტატუსს, ქმარს, ცოლს, შეყვარებულს, – დიახ, შეყვარებულსაც უნდა ვფლობდეთ, კი არ ვიყოთ მასთან ერთად. ასე გამოიარა ბევრმა საზოგადოებამ. მაგრამ ფლობიდან აუცილებლად უნდა მივიდეთ ყოფნამდე, რადგან მატერია, რაც უფრო ეწებები მას, მით უფრო დეპრესიას იწვევს და მატერიის გარდა არსებობს სხვა რამეებიც. იმას კი არ ვამბობ, რომ არ უნდა გქონდეს, პირიქით, ძალიანაც კარგია, თუ გექნება, მაგრამ მისი გულისთვის თავი არ უნდა მოიკლა.

მატერიაზე, ძვირადღირებულ ნივთზე ზედმეტი ორიენტირებულობა რაზე მიანიშნებს?

როცა ძვირფასი ტელეფონი ან მანქანა თვითმიზანი ხდება, ამას არასაკმარისი თვითშეფასების პრობლემამდე მივყავართ. როცა შენი, როგორც პერსონის, ღირებულებაში არ ხარ დარწმუნებული, შენ გჭირდება სტატუსი, გჭირდება, რომ გქონდეს ასეთი მანქანა, ასეთი სახლი და ეს კულტივირდება. და შენ ვინ ხარ? პერსონა, რომელიც ხარ ღირებული, თვითონ იდგამ ფეხს და ამბობ, რომ შენ არაფერი ხარ და, აი, ეს ნივთებია შენ მაგივრად.

იცვლება ადამიანი?

რასაც ჩვენ ტემპერამენტს ვეძახით, ამას ვერ შევცვლით, მაგრამ აღზრდა იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ მას შეუძლია ადამიანის ფორმირებას ხელი შეუწყოს და პლუს მაქსიმალურად გამოკვეთოს. მოლოდინი, რომ შვილებს ან ცოლებს გადავაკეთებთ, ან ჩვენ თვითონ გადავკეთდებით, არასწორია, მაგრამ საკუთარ თავზე მუშაობა შესაძლებელია. ამისთვის უნდა იცოდე, რა არის შენი პლუსი და რა არის მინუსი, არადა, საკუთარ მინუსებთან მარტო დარჩენა, როგორც წესი, ძალიან მტკივნეულია. ფსიქოთერაპევტები ამაშიც ეხმარებიან ადამიანებს.

ავტორი: მაკა ცხვედიანი

ფოტო: ანა ბოკო