გაეროს ქალთა ორგანიზაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, სიმა ბაჰოუსი გამოეხმაურა. ის ორგანიზაციის სახელით შეშფოთებას გამოთქვამს ქვეყანაზე რუსული სამხედრო თავდასხმის გამო და განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გავლენაზე, რომელიც ომს ექნება უკრაინელ ქალებსა და გოგონებზე.

სიმა ბაჰოუსი. ფოტო: UN Women

„არსებული ვითარება საფრთხეს უქმნის ყველა უკრაინელს და განსაკუთრებით ქალებსა და გოგონებს აყენებს სექსუალური და გენდერული ძალადობის გაზრდილი რისკის ქვეშ, მით უფრო მათ, ვინც ლტოლვილია ან სახლიდან სხვაგვარად დევნილი. აღნიშნული ფაქტორები მხედველობაში უნდა იყოს მიღებული უკრაინაში არსებული ვითარების მონიტორინგისა და მოვლენებზე რეაგირების ყველა მცდელობისას, რათა ზემოქმედების ადრეულ ეტაპზევე შესაბამისი და დროული ზომები იქნას გატარებული“ – აცხადებს სიმა ბაჰოუსი.

სიმა ბაჰოუსის თქმით, მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ქალების აქტიური ჩართულობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. როგორც ბაჰოუსი აცხადებს, ამ მიზნით ისინი სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივ ორგანიზაციებთან აქტიურად თანამშრომლობენ. ამის პარალელურად, გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, რომ ჰუმანიტარული დახმარების დაგეგმვა და გაწევა გენდერული პასუხისმგებლობით მოხდეს.

ბაჰოუსის განცხადებით, ორგანიზაცია მუშაობს იმაზე, რომ ქალები, განსაკუთრებით კი იძულებით გადაადგილებულნი, აივ-ინფექციით დაავადებულნი, სპეციალური საჭიროებების მქონენი და ბოშები, ყურადღების მიღმა არ დარჩნენ.

განცხადების დასკვნით ნაწილში სიმა ბაჰოუსი საზოგადოებას უკრაინელი ქალების დახმარებისკენ მოუწოდებს. გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქველმოქმედო ვებგვერდის საშუალებით მსურველებს უკრაინელი ქალებისა და გოგონების დასახმარებლად ფინანსური შემოწირულობის გაღება შეუძლიათ.