პროფესია: ადამიანების გადარჩენა | ინტერვიუ ხატია გაბისონიასთან

Photo Credits to Guram Muradov

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გულის დაავადებები დედამიწის მოსახლეობის სიკვდილიანობის პირველი მიზეზია. ყოველ წელს ამ პრობლემით 17.9 მილიონი ადამიანი კვდება. შედარებისთვის, სიმსივნეს ყოველწლიურად 9.6, ხოლო საგზაო შემთხვევებს 1.35 მილიონი ეწირება. ეს მდგომარეობა თუ შენარჩუნდა, ამ სტატიის ავტორი, რესპოდენტი ან მკითხველი ‒ სამიდან ერთ-ერთი მაინც ‒ სწორედ გულის დაავადებით გარდაიცვლება. ხატია გაბისონია, ქართველი მკვლევარია, რომელმაც უკანასკნელი 10 წელი მიუძღვნა ამ საზარელი სტატისტიკის შეცვლის მცდელობას; სანტ’ანას უნივერსიტეტის ბაზაზე (პიზა, იტალია) კოლეგებთან ერთად, იგი გულის უჯრედების აღდგენის მექანიზმების შემუშავებაზე მუშაობს. 2019 წელს მისმა კვლევითმა გუნდმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. მათ მიერ შემუშავებულმა მიდგომამ დადებითი შედეგი აჩვენა მსხვილ ცხოველებში. ამ გარდამტეხ აღმოჩენას აქვს პოტენციალი რადიკალურად შეცვალოს გულის დაავადებათა მკურნალობის სტრატეგიები და, ამგვარად, მილიონობით ადამიანს მისცეს ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობა. 2019 წლის მაისში ხატიას კვლევაზე სტატია დაიბეჭდა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სამეცნიერო ჟურნალ “Nature”-ში. Forbes Woman-ის გაგაცნობთ ქართველ მკვლევარს, რომელიც უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო ნახტომის პირასაა და რომელმაც პროფესიულ წარმატებას ახალი თამასა დაუწესა.

ხატია, შეგიძლია მოკლედ მოგვიყვე შენი კვლევის შესახებ?

ჩვენმა კვლევითმა გუნდმა გენური თერაპიის დახმარებით, გულის კუნთის რეგენერაციის შესაძლებლობა დაამტკიცა. რატომ არის გულის დაავადებები ასეთი ხშირი და ამასთანავე, რთული სამკურნალო? იმიტომ, რომ გულის უჯრედები ადამიანის დაბადების შემდეგ წყვეტენ გამრავლებას. თუ თქვენ გაიჭრით თითს, ნახავთ, რომ რამდენიმე დღეში მოხდება კანის რეგენერაცია, უჯრედები გამრავლდება და ჭრილობა შეხორცდება. ხოლო თუ თქვენ რაიმე მიზეზით დაგიზიანდებათ გულის უჯრედები, მათი აღდგენა აღარ მოხდება. ბოლო 40 წლის განმავლობაში მეცნიერები უშედეგოდ ცდილობენ ამ პრობლემის გადაწყვეტას.

კვლევის ფარგლებში ჩვენ მიერ მოხდა ადამიანის გენომში არსებული იმ ელემენტის იდენტიფიცირება, რომელიც გულის უჯრედების გამრავლებას უწყობს ხელს. ამ ელემენტის გამოხშირვამ მოგვცა უჯრედების რეგენერაციის პროცესის სტიმულირების შესაძლებლობა. ჩატარებული მრავალი ექსპერიმენტის შემდეგ, კვლევამ დიდი ზომის ცხოველებში ტესტირების ეტაპს მიაღწია და დაამტკიცა, რომ ამ მეთოდით მკურნალობის შედეგად ზრდასრული გულის უჯრედების წარმატებული რეგენერაცია შესაძლებელია ინფარქტის შემდეგ; ამ მეთოდით მკურნალობის შედეგად ღორის გულის ფუნქცია სრულიად აღდგა. ეს დიდი აღმოჩენაა, დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია მეცნიერებაში.

იქიდან გამომდინარე, რომ კვლევის პერიოდში დაფიქსირდა გარკვეული გვერდითი ეფექტები, ამ მექანიზმის გამოცდა ადამიანებზე ჯერ არ მომხდარა. თუმცა, ჩვენი გუნდი აგრძელებს მუშაობას ამ მიდგომის დახვეწის მიმართულებით, რათა მომავალში მისი გამოყენება შესაძლებელი გახდეს ადამიანების გულის უჯრედების რეგენერაციისთვის.

ალბათ დამეთანხმები, ქალი მეცნიერებაში, მით უმეტეს, გენურ ინჟინერიაში საკმაოდ იშვიათად გვხვდება. როგორ მიხვედი იქ, სადაც ხარ დღეს?

ბავშვობაში სამეცნიერო კარიერაზე არც კი ვფიქრობდი. ორი ძმა მყავს და დროს ძირითადად მეზობელ ბიჭებთან ერთად ვატარებდი ავტოფარეხებზე ან ხეებზე ამძვრალი. ერთი პერიოდი მეგონა კარგად ვხატავდი და სამხატვრო აკადემიაში მინდოდა ჩაბარება, მაგრამ მერე გადავიფიქრე. რაღაც ეტაპზე მშობლებმა მირჩიეს სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაბარება. დედაც და მამაც ექიმები მყავს. რაკი მე თვითონ არ ვიცოდი რა მინდოდა, წინააღმდეგობა არ გამიწევია. სპეციალიზაციად კარდიოლოგია ავირჩიე. ცოტა ხანი ვიმუშავე კიდეც ამ მიმართულებით. თუმცა, მალევე მივხვდი, რომ ეს არ იყო ის, რისი კეთებაც მინდოდა მთელი ცხოვრება. ამის გამო ერთგვარ ჩიხში ვგრძნობდი თავს; რა შეუძლია აკეთოს ექიმს, რომელსაც არც ექიმობა უნდა და არც ნაშრომი წლების მთლიანად წყალში გადაყრა? ერთ დღეს, თანამშრომლის დახმარებით, შემთხვევით აღმოვაჩინე დოქტორანტურის პროგრამა ტრანსლაციურ მედიცინაში იტალიის ქალაქ პიზაში არსებულ, “Scuola Superiore Sant’Anna”-ში. ეს ტერმინი – ტრანსლაციური მედიცინა – არც კი მქონდა გაგებული მანამდე, მაგრამ გავრისკე, შევიტანე განაცხადი ამ პროგრამაზე და ასე დაიწყო ჩემი, უკვე როგორც მეცნიერის, თავგადასავალი. სამ წელიწადში დოქტორის ხარისხის დაცვის შემდეგ, ჩემმა პროფესორმა გადაწყვიტა სამუშაო კონტრაქტი შემოეთავაზებინა. მას მერე ვემსახურები ამ სფეროს.

Photo Credits to Guram Muradov

რა სირთულეები უკავშირდება სამეცნიერო საქმიანობას?

პირველ რიგში, ალბათ სამუშაო დატვირთვას გამოვყოფდი. ბევრჯერ მიფიქრია ყველაფრისთვის თავი დამენებებინა ამის გამო. თუმცა, დაწყებული საქმის დამთავრების სურვილმა გამაძლებინა.

ასევე, მეცნიერის საქმიანობაში ერთ-ერთი დიდი სირთულე ის არის, რომ სამუშაოსგან მიღებული შედეგი იშვიათია. აი, მაგალითად, ექიმის სამუშაოში თითოეული განკურნებული პაციენტი შედეგია, ჯილდოა. მეცნიერის შემთხვევაში კი, ასეთი პირდაპირი უკუგება არ არის. მეცნიერის წარმატება იზომება იმით, თუ რამდენი და რამდენად მნიშვნელოვანი პუბლიკაცია აქვს გამოქვეყნებული. რაც, სულაც არ არის სამსახურში გატარებული საათების პირდაპირპროპორციული.

როგორც სხვა პროფესიებში, ვფიქრობ, მეცნიერებაშიც შეხვდებით დისკრიმინაციის პრობლემას. ქალი მკვლევარები/სტუდენტები ხშირად უფრო დიდი წნეხის ქვეშ ხვდებიან, ვიდრე კაცები. მათგან უფრო მეტს მოელიან, თუმცა არა ინტელექტუალური კუთხით, არამედ ე.წ. „შავი სამუშაოს“ კუთხით: დასვენების დღეებში მუშაობა, ადმინისტრაციული საქმეების კეთება და ა.შ. კონკრეტულად, მე ნაკლებად მეხება ეს პრობლემა, რადგან ჩემი ხელმძღვანელი ძლიერი მეცნიერის გარდა, კარგი ადამიანიცაა. თუმცა, ვიცი, რომ ეს პრობლემა არსებობს.

და ბოლოს, მინდა აღვნიშნო დამოკიდებულების პრობლემა. ადამიანთა დიდი ნაწილი თითქოს აგდებით უყურებს მეცნიერებას და მეცნიერებს. ითვლება, რომ მეცნიერება არის არშემდგარი ექიმების თავშესაფარი; რომ კვლევა შეიძლება აკეთო, პაციენტების მკურნალობის პარალელურადაც; ამისათვის არ არის საჭირო „მეცნიერებაში წასვლა“. ეს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, თუმცა, ალბათ ამან არ უნდა დააკნინოს იმ ადამიანების ღირსება, ვინც თავს უძღვნის მხოლოდ მეცნიერებას, რაკი მათი შრომა ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვას ემსახურება.

რა პიროვნული თვისებები გეხმარება სხვადასხვა პროფესიული სირთულეების გადალახვაში?

ვფიქრობ, ძალიან მეხმარება დისციპლინა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ადამიანთა თანაგრძნობის უნარი.

შეგიძლია მოკლედ აღწერო, როგორ გამოიყურება შენი ტიპური სამუშაო დღე?

ჩვენი ლაბორატორია კვლევის ეროვნული საბჭოს ტერიტორიაზე მდებარეობს, სადაც ერთ სივრცეშია მოქცეული კარდიოლოგიური საავადმყოფო და სხვადასხვა დარგის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები. ეს მეცნიერებს ერთად მუშაობის და პრობლემების სხვადასხვა მხრიდან დანახვის საშუალებას გვაძლევს; ძალიან საინტერესო სამუშაო გარემოა.

სამსახურში ველოსიპედით დავდივარ. ყოველი დღე ყავით იწყება. იტალიაში ხომ სხვაგვარად წარმოუდგენელია. დიდ დროს ვუთმობ ექსპერიმენტების სწორად დაგეგმვას და მათ ჩატარებას. ხდება ექსპერიმენტებიდან მიღებული მონაცემების გაანალიზება. ხშირად ვაწყობთ მონაცემების განხილვის სესიებს გუნდის წევრებთან ერთად. ასევე დიდი დრო მიაქვს ბიუროკრატიას, პუბლიკაციების და გრანტების წერას.

ამბობენ, ყოველი წარმატებული ადამიანის უკან მისი მენტორი დგას. ვინ იყო შენთვის ამ როლის შემსრულებელი?

ბევრი ადამიანის მადლიერი ვარ. თუმცა, ყველაზე მეტად, ალბათ მაინც ჩემი მშობლების, იმიტომ რომ ინგლისური ენის გაკვეთილებზე მატარებდნენ პატარაობიდანვე და სამოგზაუროდ მიშვებდნენ დაზოგილი ფულით.

როგორ ფიქრობ, რეალიზებული ხარ?

თვითრეალიზაცია, ჩემთვის არ უკავშირდება მაინცდამაინც პროფესიულ საქმიანობას; იგი შენი ადამიანური, პიროვნული შესაძლებლობების შეცნობა და გამოვლენაა. თვითრეალიზებაში ყველაზე მეტად მარტო ყოფნა მეხმარება. ისეთ გარემოში ყოფნა, სადაც ჩემს გადაწყვეტილებებზე არავის აქვს გავლენა. თვითრეალიზაცია შეიძლება იყოს ის, რომ აღმოაჩინო, რომ შავი კალმით წერა გირჩევნია, ლურჯით წერას, შენ კი აქამდე მხოლოდ იმ კალამს იყენებდი, რაც ხელში მოგხვდებოდა. ან ის, რომ მიზნის მისაღწევად, რთული და მოკლე გზის მაგივრად, გრძელი და ადვილი გზა აირჩიე; აქამდე თუ თავი მებრძოლი გეგონა, მოგზაური ყოფილხარ. საკუთარი თავის შეცნობა და შენი ენერგიის სწორად დახარჯვაა თვითრეალიზაცია ჩემთვის და მგონია, რომ ამას დღეს ვახერხებ.

საქართველოში დაბრუნებას გეგმავ? როგორ ხედავ შენს მომავალს?

დაბრუნებაზე ჯერ არ ვფიქრობ და, მართალი გითხრათ, შორეული მომავლის გეგმებიც არ მაქვს. ამ ეტაპზე ხვალინდელი დღის გეგმები მაქვს მხოლოდ.