ახალი ერა საქართველოს სამთო ცხოვრებაში | ინტერვიუ ეკა გაბაშვილთან

საქართველომ წელს ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა. 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით 42 ქვეყნის შვიდასზე მეტი სპორტსმენი ერთმანეთს ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში შეეჯიბრა. ის, რომ ბაკურიანი მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებდა, 2018 წელს საბერძნეთში გამართულ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის კონგრესზე გადაწყდა, რის შემდეგაც კურორტი ინფრასტრუქტურულად მთლიანად განახლდა.

მსოფლიო ჩემპიონატის ამბავს საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ეკა გაბაშვილი გვიყვება.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman

როგორ გაჩნდა ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების იდეა? როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?

იდეა ბევრი წლის წინ ერთ კონკრეტულ ადამიანს გაუჩნდა და ამ იდეის საფუძველი, ალბათ, თხილამურების, მთის და ქვეყნის სიყვარულია, ხოლო ის, რომ ამ იდეის რეალობად ქცევა გახდა შესაძლებელი ‒ უდიდესი ძალისხმევისა და რწმენის შედეგი. ჩვენი ქვეყნის მთის სიყვარულის ამბავი კი უფრო ადრე დაიწყო, ფაქტობრივად, წინა ეპოქაში, როცა ბაკურიანში ჩვენმა წინაპრებმა თვითნაკეთი თხილამურებით დაიწყეს სრიალი. მოგვიანებით, სადღაც ფასანაურსა და ყაზბეგს შორის მათ გუდაური აღმოაჩინეს, ბავშვები წაიყვანეს, განსხვავებული, სპორტული ცხოვრების წესით ცხოვრება დააწყებინეს, ერთმანეთზე ზრუნვა ასწავლეს… ყველა მათგანის ცხოვრებაში ამ ყველაფერმა წარუშლელი კვალი დატოვა და სხვაგვარად, ალბათ, შეუძლებელიცაა, ისეთი ხიბლი და მაგია ახლავს მთასთან შეხებას.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სამთო და სათხილამურო ცხოვრებაში ცვლილებებისა და ახლის შექმნის აუცილებლობა გაჩნდა. განვითარება და წინსვლა წარმოუდგენელი იქნებოდა ძველი თაობის წარმომადგენლების გარეშე, რომლებსაც უკვე ჰქონდათ ცოდნა და გამოცდილება. სწორედ ამ საძირკველზე მოხდა ახლის დაშენება. ეს მოდელი ძალიან წარმატებით გამართა გიორგი რამიშვილმა, რომელიც იმ პერიოდში სათხილამურო ფედერაციას ჩაუდგა სათავეში, შექმნა ახალი სტრუქტურა, მიიწვია სათხილამურო სპორტთან ასოცირებული ადამიანები, რომლებსაც მთის, მასთან ერთად კი ქვეყნის სიყვარული აერთიანებდათ. ქვეყნის სიყვარულის გამოხატულებაა იმაზე ფიქრი, რა იქნება მომავალში ‒ ათი, ოცი წლის შემდეგ. შენს მერე რომ ადამიანები მოდიან, იმათ რას დაახვედრებ. ამიტომაც, როცა ჩვენ მიერ შექმნილ და გაკეთებულ საქმეზე ვლაპარაკობ, ყოველთვის მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი რამიშვილს, რომელმაც მომცა შესაძლებლობა, მეც შემეტანა ჩემი წვლილი ასეთ ღირებულ და ჩემთვის საყვარელ საქმეში და რომელსაც, პირველს, გაუჩნდა ეს თამამი იდეა, რომ საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება იყო შესაძლებელი.

ერთ რამეს მივხვდი და ეს დაკვირვება ძალიან ძვირფასია ჩემთვის: როცა გაუკვალავ თოვლში სწორ გზაზე მიდიხარ, შენ გაკვალულზე გამოყოლა და სრიალი უკან მომავალს უადვილდება. ადამიანებს, რომლებიც კვალავენ გზას, არ უნდა შეეშინდეთ, რომ უკან მომავალი მოთხილამურე მათ გაუსწრებს და უნდა გაუსწროს კიდეც აუცილებლად. რეალურად, მას იმიტომ უკვალავ გზას, რომ ის უფრო წინ წავიდეს. თუ ამას მთელი ძალისხმევით, მთელი შეგნებით აკეთებ, ეს სიძლიერეა. ეს შეგრძნება ჩემთვის უძვირფასესია.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman

როგორ ფიქრობთ, რა თვისებები გაქვთ, რაც მთაში განსაკუთრებით გადგებათ?

თუ ის საქმე, რასაც აკეთებ, გულწრფელად გიყვარს, ეს უკვე ბევრ რამეში გეხმარება ადამიანს. არაფრის კეთება არ გეთაკილება. მთაში ასეა: იმ მომენტში, როცა გვერდით მდგომს დახმარება სჭირდება, ივიწყებ შენ თანამდებობრივ მოვალეობას, მას უდგები გვერდში და მასთან ერთად ცდილობ პრობლემა მოაგვარო. ჩემს პრაქტიკაში ასე იყო ყოველთვის. ახლაც, მსოფლიო ჩემპიონატის დროს, ჩვენი უცხოელი კოლეგების აღფრთოვანებას, დიდწილად, სწორედ საქმისადმი ასეთი მიდგომა იწვევდა ‒ როგორ ყველას ერთნაირად თავგადადებულად შეუძლია აკეთოს საქმეო… ჩემპიონატის მიმდინარეობისას, რაღაც მომენტში, ადამიანური რესურსი შემოგვაკლდა, რის გამოც ფუნქციების გადანაწილება გახდა საჭირო და გუნდის წევრებს ორმაგი და სამმაგი დატვირთვით მოუწიათ მუშაობა, მაგრამ ეს ღონისძიებას არცერთი წამით არ დასტყობია. სწორედ ეს უკვირდათ უცხოელ კოლეგებს. ჩვენთვის კი, ქართული მხარისთვის, ეს მსოფლიო ჩემპიონატი ერთგვარი ბრძოლის ხაზი იყო, რომელიც საქართველოზე გადიოდა და რომლის გადაკვეთით ჩვენ შევძლებდით დაგვემტკიცებინა დანარჩენი მსოფლიოსთვის, რომ საქართველოს მშრომელი, თავდადებული, შეგნებული ადამიანები ჰყავს და ჩვენს ქვეყანას ნამდვილად აქვს იმის უფლება, იყოს ცივილიზებული სამყაროს სრულყოფილი ნაწილი; რომ ჩვენ ამას ვიმსახურებთ. თითოეული მოხალისით დაწყებული, საორგანიზაციო ჯგუფის ყველაზე მთავარი წევრებით დამთავრებული, ამ სულისკვეთებით ვიყავით მოცული და იმის დამტკიცება გვინდოდა, რომ საქართველოში სამთო ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება შესაძლებელია.

ეს ახალი ეტაპი ბევრნაირი ცვლილებების დაწყებასაც ნიშნავს. მსოფლიო ჩემპიონატს და მსგავს ღონისძიებებს ახალ საფეხურზე აჰყავს ტურიზმი, სრულიად განსხვავებულ შესაძლებლობებს აჩენს ეკონომიკური თვალსაზრისით. მთიანი რეგიონები მოსახლეობისგან ნელ-ნელა იცლება, სინამდვილეში კი ამ სფეროს სამომავლო განვითარება უდიდესი დოვლათის მომტანი შეიძლება იყოს და მთაში მცხოვრებმა ადამიანებმა შეძლონ გამართულად და ბედნიერად ცხოვრება.

რა რეალური შესაძლებლობები შეიძლება გააჩინოს მსოფლიო ჩემპიონატმა საქართველოსთვის? გაგრძელება როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ?

პირველ რიგში, აუცილებელია იმ ინფრასტრუქტურის შენახვა, რაც შეიქმნა სპეციალურად ამ ჩემპიონატისთვის და რაც ბაკურიანში დარჩება. ეს თავისთავად გაზრდის ვიზიტორების რაოდენობას და ასევე სამუშაო ადგილებს. ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციური მგონია ის, რომ ახალგაზრდა მოთხილამურეებს, რომლებსაც თითქოს დაკარგული ჰქონდათ პერსპექტივა ამ სპორტში, გაუჩნდათ პერსპექტივის შეგრძნება. სწორედ ამ ადამიანებმა უნდა გაიტანონ ჩვენი ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ. მათ ყველაზე კარგად ესმით მთაში ცხოვრებისა და მუშაობის ფასი, რასაც, საბოლოო ჯამში, სიმდიდრე მოაქვს რეგიონისთვის. სწორედ წარმატებული, საქმეში ჩახედული სპორტსმენები არიან მომავალში მთავარი მენეჯერები მთაში იგივე სტუმარმასპინძლობის დარგში, რადგან მათ საკუთარი გამოცდილებით იციან სტუმრის ფასი და მნიშვნელობა და ხარისხიანად აკეთებენ საქმეს. გრძელ ვადაში ზუსტად ასეთი ხედვით ჩვენს ქვეყანას დაუბრუნდება კეთილდღეობა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მივხედოთ ყველა რეგიონის სპორტსმენს, იქნება ის აჭარიდან, სვანეთიდან, გუდაურიდან, ბაკურიანიდან თუ თბილისიდან. ძალიან ბევრი კარგი სპორტსმენი გვყავს ნაკრებშიც, სხვადასხვა კუთხიდან არიან და მათი ერთმანეთთან და-ძმობა, მეგობრობა ცალკე რამდენს ნიშნავს! ისიც, თუ როგორ უკავშირდებიან ერთმანეთს ეს კუთხეები, ძალიან დიდი, მასშტაბური და მოცულობითი ამბავია. ყველაფერი ერთმანეთთანაა კავშირში და ამის ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია, თუ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს და წარმატებული იყოს.

რა ასაკში შეგიყვარდათ მთა და თხილამურები?

ჩემი თაობა წარმატებული სპორტსკოლების ოქროს ხანიდანაა. ნოემბრის ბოლოს ჩვენი საკლასო ოთახი ცარიელდებოდა და 6 თვით ყველანი გუდაურში გადადიოდნენ საცხოვრებლად და ქვეშეთის სკოლაში სასწავლებლად. ეს იყო ყველაზე რომანტიკული და ყველაზე სასურველი პროცესი, რომლის მონაწილეც ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი, მაგრამ ჩემმა მშობლებმა არ მომცეს უფლება, რომ სპორტსკოლაში მევლო. როცა სრულწლოვანი და მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი გავხდი, მხოლოდ მაშინ შევძელი, რომ თხილამურები ჩემი ცხოვრების ნაწილი გამხდარიყო. თვითონ უზრუნველვყავი სასრიალო ატრიბუტიკა, 18 წლის ასაკში შევიძინე მანქანა და უკვე შემეძლო საკუთარი თავისთვის მიმეხედა. თხილამურზე ჩემმა უსაყვარლესმა მეგობარმა ნიაზ დიასამიძემ დამაყენა, რომელმაც გუდაურში თავისი ერთკვირიანი დასვენება შესწირა ჩემთვის სრიალის სწავლებას. დარწმუნებული ვარ, თავად ბუნდოვნად ახსოვს ეს, ჩემთვის კი მისი სიკეთე სრულიად ფასდაუდებელია. მოგვიანებით მთაში შევხვდი ჩემს მსოფლიოში ყველაზე საყვარელ და უმაგრეს გოცას (გიორგი გოცირიძეს) და მთასთან დაკავშირებული საქმის კეთება და მთის სიყვარული ერთად გავაგრძელეთ. სწორედ აქედან იწყება მთის ძალისა და სიყვარულის სრულად შეცნობა ჩემს ცხოვრებაში.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman

პროფესიული არჩევანიდან სამთო-სათხილამურო ფედერაციამდე მრავალფეროვანი გზა გაიარეთ. ცვლილებების მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვთ, გიყვართ, თუ, უბრალოდ, მიჰყვებით იმას, რასაც ცხოვრება გთავაზობთ?

ბევრი სამსახური გამოვიცვალე. ვმუშაობდი ტელევიზიაში, ჩემი გადაცემა მქონდა მეგობრებთან ერთად, ვიყავი „მოამბის“ წამყვანი, ვმუშაობდი სხვადასხვა სამსახურში, რომლებიც საზოგადოებასთან ურთიერთობასთან იყო კავშირში. ზოგადად, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობა, მათთან ინფორმაციის გაცვლა, მათი განწყობის, შეგრძნებების გაგებაა. ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი სიმდიდრე, რასაც ცხოვრება გვაძლევს, სწორედ ეს არის.

ვმუშაობდი აგრეთვე ფეხბურთის ფედერაციაში, ეს იყო სპორტთან ჩემი პირველი შეხება. სპორტული ჟურნალისტიკა ძალიან განსხვავებული და სპეციფიკურია. ფედერაციის შემდეგ „სილქ როუდ ჯგუფში“ გიორგი რამიშვილთან დავიწყე მუშაობა. მას მერე უკვე 17 წელია აქ ვმუშაობ. ზოგადად, ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ სამ-ხუთ წელიწადში ერთხელ სამუშაო უნდა იცვალო, თუ გინდა, რომ განვითარდე და ახალი უნარები შეიძინო. მაგრამ ჩემს შემთხვევაში ისე მოხდა, რომ „სილქ როუდშივე“ უამრავ რადიკალურად განსხვავებულ და საინტერესო პროექტზე მომიხდა მუშაობა.

გამოცდილებამ შეგცვალათ? იცვლებიან ადამიანები?

ადამიანები არ იცვლებიან მაშინ, როცა ეშინიათ სიახლის, შესაბამისად, განვითარების. რასაკვირველია, შევიცვალე, ყოველი წელი, თვე და დღე ცვლილებაა. სულ გაქვს შესაძლებლობა რაღაც ახალი დაიმატო. მეორე დღეს უკვე სხვანაირი იღვიძებ. მე ვისწავლე, რომ არ უნდა ვეცადო ადამიანების გამოსწორებას, მაშინაც კი, როცა ვიცი, რომ ისინი ცდებიან, ყველას სრულყოფის ტვირთი ჩემზე არ არის, სამყარო უფრო ღირებულია, ვიდრე სრულყოფილება; თავისუფლად და გულუხვად გავცემ კომპლიმენტებს. კომპლიმენტები ახარებს არა მარტო მიმღებებს, არამედ მეც. და პატარა რჩევა კომპლიმენტის მიმღებს ‒ არასდროს, არასდროს უარყო კომპლიმენტი, უბრალოდ თქვი „მადლობა“ მოკლედ.

რამდენად ახერხებთ ბალანსის დაცვას საქმესა და დანარჩენ ცხოვრებას შორის? თუ არ არის ასე გამიჯნული?

რასაკვირველია, სულ არის დროის დეფიციტი მშობლებთან, შვილებთან ურთიერთობისთვის. განსაკუთრებით, ჩვენს ეპოქაში, როცა ვამბობთ, რომ დრო ძალიან აჩქარებულია და სასწაულად სწრაფად გადის. ამ დროის გადანაწილება ცალკე რთული სამუშაოა. ჩემს ოჯახში ისე გამოვიდა, რომ დიდიან-პატარიანად ყველანი გარეთ გავარდნილი და მომავლისთვის მზრუნველ დაჯგუფებად ჩამოვყალიბდით, ამიტომ ერთმანეთის დაკავებულობის მიმართ პრეტენზიები არ გვაქვს და ეს მნიშვნელოვნად აიოლებს საქმის ხარისხიანად კეთებას. საქმის ხარისხიანად და მშვიდად კეთებას კიდევ სხვა და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასი მიზეზი აქვს: გვერდით მიდგას ადამიანი, რომელთან მეგობრობა და თანაცხოვრება განსაკუთრებული სიძლიერე და ბედნიერებაა. ჩვენი ყოველი დილა თენდება რაღაც ახლის შექმნის ენერგიით, ახალი იდეებით და დაუჯერებელი ოპტიმიზმით ვცდილობთ ვიაროთ სულ წინ. მსგავს განწყობებს ნამდვილად შეუძლია ურთიერთობაში და ოჯახის სიძლიერეში მყარი ფუნდამენტის შექმნა.

ბავშვობაში სპორტის რომელიმე სახეობაზე დადიოდით?

ქართულ ცეკვაზე დავდიოდი, იამზე დოლაბერიძის ანსამბლში ვცეკვავდი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იამზესთან ურთიერთობამ და საქმის მიმართ მისმა დამოკიდებულებამ ჩემს ცხოვრებაში განმსაზღვრელი როლი შეასრულა, შრომისუნარიანობა მან ჩამომიყალიბა. ბავშვობაში მაინცდამაინც ბეჯითი არ ვყოფილვარ, მეგობრებთან ყოფნა მერჩივნა. ამის გამო მუდმივად საკუთარი თავით უკმაყოფილების შეგრძნება მქონდა და ვფიქრობდი, რომ ბოლომდე არ ვიხარჯებოდი რაღაცაში. ამიტომ მოგვიანებით შვილებთან, მგონი, ზედმეტიც კი მომივიდა ამ პასუხისმგებლობის ჩადება, მუდმივად იმაზე მითითება, რომ მუშაობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. საბოლოო ჯამში, ზედმეტი პასუხისმგებლობის აკიდება ახალგაზრდებისთვის არ მიმაჩნია სწორად, რადგან ამ თაობამ ზუსტად იცის რას აკეთებს. კი ვეძახით მათ გაჯეტების თაობას, მაგრამ თავს ამოწევენ და ზუსტად იმას აკეთებენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ მომენტისთვის. ეს ბოლო მოვლენებმაც და სხვა ამბებმაც დაგვანახა. მე ყველა თაობის შვილები მყავს, 1992 წლიდან დაწყებული, 2005-ით დამთავრებული და კარგად ვხედავ ამას.

მართვის როგორი სტილი გაქვთ, რა გეხმარებათ რთულ და სტრესულ სიტუაციებში?

ჩემი მენეჯერული უნარები მთლიანად ბევრი წლის გამოცდილებაზე და ადამიანების შეცნობის მოტივაციაზე დგას. როდესაც დიდი გუნდის მართვა გაბარია, ვფიქრობ, აუცილებელი თვისებაა ემპათიურობა, ზუსტად უნდა ხვდებოდე გამოცდილების გარდა ვინ რა საქმეს ითავებს სიამოვნებით და ზედმეტი დაძაბვის გარეშე იმისთვის, რომ გასაკეთებელი საქმე ხარისხიანად დასრულდეს. გამოცდილებაც მნიშვნელოვანია ‒ როგორც საკუთარი, ასევე სხვისი, მთავარია ამის გაცნობიერება არ გიჭირდეს. არასოდეს უნდა გამოგრჩეს მარტივი დეტალიც კი, რისი თავმოყრაც საბოლოოდ დიდ მოცულობას ქმნის და პროექტის წარმატებულად შექმნისთვის აუცილებელია. რამდენსაც გასცემ ინფორმაციულად, ბევრად მეტად უნდა შეგეძლოს სხვა ადამიანის მოსმენა იმისთვის, რომ საბოლოოდ შეწონილ და დახვეწილ ფორმას მიადგე. საქმეში ინსპირაცია შეიძლება სრულიად განყენებული მოვლენა ან ადამიანიც გახდეს ‒ მაგალითად, ჩემპიონატის დროს, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მასშტაბურ, მოცულობით და სტრესულ საქმეს შევეჭიდეთ, რომლის გამოცდილებაც არ არსებობდა, მზად ვიყავით იმისთვის, რომ ემოციური აფეთქებები გარდაუვალი იქნებოდა. ამ აფეთქებებისგან და კონფლიქტებისგან, პირველ რიგში, გაზღვევს წინასწარი დაგეგმვა და საქმეების სწორი გადანაწილება. ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩემი დამსახურება არაა. ამაზე ძალიან ჭკვიანმა და გონიერმა ადამიანებმა იმუშავეს. რა თქმა უნდა, კონფლიქტებისგან ბოლომდე დაზღვეული არავინაა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია გახსოვდეს, რომ ასეთი ემოციური აფეთქებები ბუნებრივიც კია რთული საქმის კეთების დროს და როცა ემოციური ფონი ჩაცხრება, ხვდები, რომ წუთიერი სისუსტეები ყველაზე ძლიერ ადამიანებსაც აქვთ.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman

როგორია გენდერული ბალანსი ფედერაციაში?

სათხილამურო ფედერაციაში მომუშავე მამაკაცები „ეჭვიანობენ“ კიდეც იმაზე, რომ გოგო თანამშრომლები უმრავლესობაში არიან. ის საქმე, რაც ხშირად უცხო თვალისთვის შეუმჩნეველი რჩება, როგორც წესი, ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ საქმის გარეშე, ფაქტობრივად, შეუძლებელია იმ საბოლოო შედეგის მიღწევა, რითაც შეგვიძლია ვიამაყოთ. ასეთი საქმის დიდ წილს ფედერაციაში გოგოები აკეთებენ, ყველანაირი „ქალური სისუსტეების“ გამოვლენის გარეშე. ეს საქმე ხშირად თავგანწირვასაც გულისხმობს, ღამეების თენებასაც, ქარში, ნისლსა და ყინვაში უთენია მთაზე ყოფნასაც, სიმძიმეების ზურგით თრევასაც და ბევრ კიდევ ძნელად აღსაწერ სირთულესთან გამკლავებასაც. ამ საქმეს სულ უნდა დასდევდეს იმის შეგრძნება, რომ „შეძლებ“, რომ შენი გასაკეთებელი საქმეა და თუ გადაღლილს ამაში ოდნავ მაინც ეჭვი შეგეპარება, ყოველთვის აღმოჩნდება შენს გვერდით იმ წუთას შენზე ოდნავ „ძლიერი“ და ერთად შეუძლებელს შეძლებთ.

მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო ჯგუფში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პოზიციები გოგოებს უკავიათ. მედია და მარკეტინგის კომუნიკაციები, ღონისძიებების გამართულად ჩატარება, პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯმენტი ‒ ეს იმის ჩამონათვალია, რასაც ერთად ვგეგმავთ და ვასრულებთ. უყურებ საქმისადმი მათ მიდგომას და ხვდები, რომ რაღაც არაამქვეყნიური ძალა ამოძრავებთ და იმ მაგიური ენერგიით დამუხტულები არიან, რომელიც, ალბათ, მათ ყოვლისშემძლე ასაკს ახასიათებს. ვუყურებ ამ თაობას და საოცარი ოპტიმიზმით ვივსები, ძალიან დიდი სტიმული და სიხარულია მათთან ერთად მუშაობა.

ამ შესანიშნავი გოგოების გუნდს ზურგს გვიმაგრებენ ძლიერი მამაკაცები, ფედერაციის სათავეში ზუკა კოსტავას სახით, რომელიც მზრუნველობით გვათამამებს, გვამხნევებს და გამოუვალ სიტუაციებშიც პოულობს გამოსავალს; საორგანიზაციო ჯგუფის ლიდერები ლევან მეტრეველი და ვატო კოპაძე, რომლებთან ერთადაც, დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ „ომს მოვიგებთ“, წლების განმავლობაში ნამდვილ პროფესიონალებად და საქმის უბადლო მცოდნეებად რომ ჩამოყალიბდნენ ‒ ამ საქმეზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანები… მოკლედ რომ ვთქვათ, ფედერაციაში გენდერული და სულიერი ჰარმონიის პირობებში ვმუშაობთ და ეს გუნდის თითოეული წევრის დამსახურებაა.

რა ეტაპია ახლა სათხილამურო ფედერაციაში? რა გეგმები გაქვთ?

ჯერ ბოლომდე დადასტურებული არაა და მუშაობის პროცესში ვართ, მაგრამ დიდი ალბათობით საქართველოში ყოველწლიურად ჩატარდება ერთი მსოფლიოს და ერთი ევროპის თასის ეტაპი იმ დისციპლინაში, რაც მსოფლიო ჩემპიონატზე იყო წარმოდგენილი. ასევე, რეალური შანსი გვაქვს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით სარეიტინგო შეჯიბრებები გავმართოთ ჩვენთან, რაც ადგილობრივი სპორტსმენების განვითარებისთვის, მათი ქულების დაგროვებისთვის, რეიტინგის შექმნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და, ზოგადად, აღმოსავლეთ ევროპის სპორტსმენების თვალსაზრისით მომხიბვლელ და მიმზიდველ არეალად შეიძლება იქცეს საქართველო, აქედან გამომდინარე. წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ჩამოსული იყო საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის პრეზიდენტი იოჰან ელიაში, რომელიც ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ვერტმფრენით სვანეთში გადაფრინდა და გიორგი რამიშვილთან ერთად მოინახულა ის ადგილები, რომლებიც FIS-ისთვის ძალიან მიმზიდველი შეიძლება იყოს სხვადასხვა სეზონზე შეკრებების ჩასატარებლად. ეს არის უდიდესი მნიშვნელობის მომავლის პროექტი, რომელიც განხორციელების შემთხვევაში სვანეთს სრულიად სხვა რეალობით დაგვანახებს. განვითარების სხვადასხვა პერსპექტივა გაეხსნა ჩვენ ქვეყანას მსოფლიო ჩემპიონატის აქ ჩატარებით და ერთ-ერთი მათგანი სწორედ ეს არის. შესაძლებლობები და პოტენციალი დიდია, მთავარია შევძლოთ ამ პოტენციალის სწორად გამოყენება.

რას კარგავს ადამიანი, რომელიც არ სრიალებს და ვისაც ჯერ არ შეუგრძნია მთის შესაძლებლობები?

ძალიან სპეციფიკურ, უცნაურ და უკარგეს შეგრძნებას. არ აქვს მნიშვნელობა როდის დადგება ადამიანი თხილამურზე. მეტიც, რაც უფრო შეგნებულ ასაკი დაიწყებს სრიალს, უფრო გააზრებულად შეძლებს ინსტრუქტორის მითითებების შესრულებას. და კიდევ ერთი ჯადოსნური თვისება აქვს თხილამურებს: არ აქვს მნიშვნელობა ძალიან კარგად დგახარ, ნაკლებად კარგად თუ სულაც მსოფლიო დონის სპორტსმენი ხარ, სრიალის მომენტში ყველა ერთნაირად იღებს სიამოვნებას. ამიტომ იქნება ეს სნოუბორდი თუ თხილამური, აუცილებლად სინჯეთ, შეიძლება ეს თქვენი ერთ-ერთი საყვარელი აქტივობა აღმოჩნდეს.