XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გლამურული ვარსკვლავი – ასე აფასებდნენ საერთაშორისოდ ცნობილ მოცეკვავესა და ჰოლივუდის კინომსახიობს თამარა თუმანიშვილს, იგივე თამარა თუმანოვას.
თამარა თუმანოვას განვლილი გზა ნამდვილად შთამბეჭდავია. თუმანოვა საქართველოდან შანხაისკენ მიმავალ მატარებელში დაიბადა, სწორედ ასე დაიწყო მისი მრავალფეროვანი მოგზაურობა მსოფლიო დონის ვარსკვლავობამდე. თამარას დედა, თავადი თუმანიშვილის შთამომავალი, ევგენია თუმანიშვილი იყო. ხოლო მამა, რუსი სამხედრო, კონსტანტინე ზახაროვა, რომელიც მატარებლით მგზავრობისას გარდაიცვალა. ჩინეთში რამდენიმეწლიანი ცხოვრების შემდეგ თამარა დედასთან ერთად კაიროში გადადის, სადაც ლტოლვილთა თავშესაფარში აგრძელებენ ცხოვრებას. ოჯახი 1926 წელს საცხოვრებლად პარიზში გადავიდა. საფრანგეთის დედაქალაქში მომავალი ვარსკვლავი საბალეტო ხელოვნებას დაეუფლა, რამაც შემდგომში დიდი როლი ითამაშა მის კარიერულ განვითარებაში.
თუმანოვას სასცენო დებიუტი 10 წლის ასაკში პარიზის ოპერის სცენაზე ბალეტით „L’ Evantail de Jeanne“ შედგა. სწორედ ამ სასცენო დადგმებისას აღმოაჩინა თამარა ამერიკული კლასიკური ბალეტის ფუძემდებელმა, ჯორჯ ბალანჩინმა და იმ დროისთვის ცნობილ საბალეტო დასში „Ballet Russe de Monte Carlo“-ში მიიწვია. მოგვიანებით ბალანჩინმა სპეციალურად თამარასთვის შექმნა ახალგაზრდა გოგონას სახე ბალეტში „Cottilon“. თამარამ მონაწილეობდა ბალეტებში „Concurrence“ და „Le Bourgeois“, რომლებმაც იგი ვარსკვლავად აქციეს. პარიზული პრესა თამარა თუმანოვას ბალეტის შავი მარგალიტად მოიხსენიებდა.
თუმანოვა კარიერის დასაწყისშივე აღიარეს უზარმაზარი ნიჭის მქონე ახალგაზრდა ვარსკვლავად. ცნობილი ინგლისელი საბალეტო კრიტიკოსი კოტონი წერდა – “ იგი არის ყველაზე საყვარელი არსება ბალეტის არსებობის ისტორიაში”. თუმანოვა „Baby Ballerinas“ ტრიოს ყველაზე მომხიბვლელ წევრად ითვლებოდა. „The Dancing Times-ი“1935 წელს წერდა, რომ თუმანოვა ყველაზე სწრაფად ვითარდებოდა – „ის სწრაფი ტემპით ყალიბდება იდეალურ ბალერინად – როგორც გარეგნობით, ისე განსაკუთრებული ტექნიკით“. თამარას იწვევდნენ ისეთ ღონისძიებებზე საცეკვაოდ როგორიცაა: ჰოლანდიის დედოფლისა და პრინცის გალა საღამოსა და დიდი ბრიტანეთის მეფის ჯორჯ VI-ის გამართულ გალა საღამოზე. თუმანოვა ხშირად ცეკვავდა მსოფლიოში ცნობილ La Scala-ს სცენაზეც.
ცნობილი ამერიკელი მწერალი ლილიან მური თუმანოვაზე წერდა: „მის ცეკვას ახასიათებს ისეთი თვისება, რაც იშვიათია კლასიკური ბალეტის მოცეკვავეებში – ეს ორიგინალურობაა. მისი ნიჭი არ არის სტერეოტიპული. ის არის მიზანდასახული, ინტენსიური და ხანდახან მომაჯადოვებული. მარტივად – ის თუმანოვაა. შეუძლებელია გულგრილი დარჩე მისი ცეკვის მიმართ. ის მარტივი და გულწრფელი ხელოვანია.“
თამარა თუმანოვა ექვს ჰოლივუდურ ფილმში გამოჩნდა. მისი სამსახიობო დებიუტი შედგა 1944 წელს ფილმში „Days of Glory“, სადაც რუსი მოცეკვავის როლს თამაშობდა მსახიობ გრეგორი პეკთან ერთად. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეს ფილმი პეკისთვისაც სადებიუტო ფილმი იყო. თუმანოვამ 1953 წელს ლეგენდარული ანა პავლოვას როლი შეასრულა ფილმში „Tonight We Sing“. 1954 წელს ის გადაიღეს ფილმში –„Deep in My Heart“.
თამარა თუმანოვა თამაშობდა ბერლინის საერთაშორისო ფესტივალის „ოქროს დათვის“ პრიზიორ ფილმშიც „Invitation to the Dance“, რომელიც 1956 წელს რეჟისორმა ჯინ კელიმ გადაიღო. 1966 წელს ალფრედ ჰიჩკოკმა თუმანოვა ფილმში „Torn Curtain“ პოლ ნიუმენთან და ჯული ენდრიუსთან ერთად გადაიღო. თამარა 1970 წელს ბილ უაილდერმა გადაიღო ფილმში „The Private Life of Sherlock Holmes“.
1985 წელს რეჟისორმა ჯეკ ჰეილიმ ქართველი პრიმაბალერინას ჯადოსნური ცეკვა დოკუმენტურ ფილმში უკვდავყო.
თამარა თუმანოვას ერთგული თანამგზავრი, სტილისტი, აგენტი და მენეჯერიც კი მისი დინამიური კარიერის მსვლელობისას დედამისი იყო. ევგენია თუმანიშვილს ახასიათებდნენ განსაკუთრებულად ტემპერამენტიან, მაღალი რეპუტაციის, უსაზღვროდ გამჭრიახ და ექსცენტრიულ ქალად. თავად თამარა ამბობდა: „რა შეიძლება იყოს იმაზე მშვენიერი ჯილდო ქალიშვილისთვის, ვიდრე საკუთარ დედაში საუკეთესო მეგობრის პოვნა?“
ცეკვის ოსტატების ყოველწლიურ 99-ე დაჯილდოებაზე თუმანოვას სპეციალური ჯილდო გადასცეს ცეკვაში შეტანილი წვლილისთვის. დაჯილდოებაზე თუმანოვამ განაცხადა – „მინდა მადლობა ვუთხრა ღმერთს ყველა იმ შესაძლებლობისათვის, რაც ჩემი აღმაფრთოვანებელი, არეული და ტურბულენტური კარიერის განმავლობაში მომცა. მე მუდამ ვიყურები მომავლისკენ და არასდროს წარსულში. ცეკვა ჩემთვის მუდმივი ინსპირაციაა.“
„ხელოვნებაში სიმარტივის მიღწევა უფრო რთულია, ვიდრე ტექნიკური სრულყოფილება, თუმცა სიმარტივე უნდა ასახავდეს არჩევანს, რომელიც იზრდება უნარების, ცოდნის და შეგრძნებების შედეგად“.
თამარა თუმანოვა (თუმანიშვილი) 77 წლის ასაკში ლოს-ანჯელესში გარდაიცვალა.