”არქიტექტურა აღარ არის კაცების სამყარო. ის მოსაზრება, რომ ქალებს სამ განზომილებაში ფიქრი არ შეუძლიათ, უბრალოდ სასაცილოა.” – ეს სიტყვები თანამედროვე არქიტექტურული სამყაროს ვარსკვლავს, ზაჰა ჰადიდს ეკუთვნის.
უნიკალური ხედვის ბრიტანელ-ერაყელი არქიტექტორი 1950 წელს ერაყის დედაქალაქ ბაღდადში დაიბადა. სწორედ მის ბავშვობას დაემთხვა ერაყის აღორძინების ხანა, როდესაც მთავრობა ფულს დედაქალაქის არქიტექტურის მოდერნიზებაზე მასიურად ხარჯავდა. ახალგაზრდობაშივე მსოფლიო დონის არქიტეტორების ფრანკ ლოიდ რაიტის და ლე კორბუზიეს შემოქმედების გარემოცვაში ყოფნამ მასზე უზარმაზარი გავლენა იქონია, რამაც მისი უნიკალური ხედვის ჩამოყალიბება განაპირობა.
ზაჰას მამა ცნობილი პოლიტიკოსი და შეძლებული მეწარმე იყო. მის ოჯახს მუდმივად მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა უწევდა, რამაც ზაჰას მულტიკულტურული, საერთაშორისო განათლების მიღების საშუალება მისცა. ოჯახს არასდროს ეპარებოდა ეჭვი ზაჰას წარმატებასა და უსაზღვრო შესაძლებლობებში.
ჰადიდმა ბაკალავრის ხარისხი მათემატიკაში ბეირუთის ამერიკულ უნივერსიტეტში მიიღო. 1972 წელს იგი ლონდონში გაემგზავრა, რათა სწავლა პროგრესული არქიტექტურული აზროვნების ერთ-ერთ მთავარ ცენტრში, ლონდონის არქიტექტურის სკოლაში გაეგრძელებინა. სწავლის დასრულების შემდეგ ჰადიდმა ლონდონში საკუთარი ფირმა Zaha Hadid Architects (ZHA) დააარსა.
პირველი საერთაშორისო აღიარება მან 1983 წელს ჰონგ კონგის გასართობი და დასასვენებელი ცენტრის “The Peak”-ის დიზაინისთვის მიიღო. “ჰორიზონტალური ცათამბჯენები”, რომლებიც დიაგონალზე დინამიკურად მოძრაობდნენ, გამოხატავდა ზაჰას ესთეტიკურ ხედვას, რომელიც კაზიმირ მალევიჩისა და სუპერმატისტებისგან იყო შთაგონებული. ზაჰას აგრესიულ, გეომეტრიულ დიზაინს ახასიათებდა ფრაგმენტაცია, არასტაბილურობისა და მოძრაობის განცდა. სწორედ მისმა ფრაგმენტულმა სტილმა განაპირობა შემდგომში მისი, როგორც ”დეკონსტრუქტივისტ არქიტექტორად” კლასიფიკაცია.
ზაჰა პირველი ქალი აღმოჩნდა, რომელმაც წარმატებული ნაბიჯებით თამამად შეაბიჯა მამაკაცების მიერ დომინირებულ არქიტექტურულ სამყაროში და თანამედროვე არქიტექტურაში წარუშლელი კვალი დატოვა. ზაჰა ასევე ასწავლიდა ისეთ ცნობილ საგანმანათლებლო ისნტიტუციებში, როგორიცაა ჰარვარდის, იელის და ჩიკაგოს უნივერსიტეტები. უნიკალური ხედვის გამო ზაჰამ საკუთარი თავი არა მხოლოდ შენობების, არამედ ტანსაცმლის, პროდუქტისა და ავეჯის დიზაინშიც წარმატებით მოსინჯა.
მისი სტილი განუმორებელია. ზაჰა მუშაობდა მსოფლიოში ყველაზე ძლიერ, ხისტ მასალებზე და მათ ძალიან მსუბუქად და რბილად წარმოაჩენდა. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მისმა შემოქმედებამ უამრავი ჯილდო და პრიზი მიიღო: 2004 წელს ზაჰა გახდა პირველი ქალი, რომელსაც არქიტეტურაში უმაღლესი ჯილდო, პრიცკერის პრემია მიენიჭა. 2010 და 2011 წლებში მან მიიღო სტირლინგის პრემია, ბრიტანეთის არქიტექტურაში საუკეთესო დეკორაციის დარგში; 2014 წელს ჰადიდის ილჰამ ალიევის კულტურის ცენტრმა ბაქოში, მუზეუმების საუკეთესო დიზიანის ყოველწლიური პრიზი მიიღო, ხოლო 2016 წელს ზაჰა ჰადიდი გახდა პირველი ქალი, რომელიც არქიტექტურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დიდი ბრიტანეთის სამეფო ორდენის წევრი გახდა.
ჰადიდის მიღწევები განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო იმის გათვალისწინებით, რომ იგი მუშაობდა ინდუსტრიაში, სადაც ძირითადად მამაკაცები დომინირებდნენ. ხშირად მის ფუტურისტულ ფორმებს, შენობის ხარჯებსა და მასშტაბებს დასცინოდნენ. იგი ძალიან კარგი მაგალითი გახდა იმ ქალებისთვის, ვისაც წარმატების მიღწევა “კაცების” სფეროში სურთ. ზაჰამ ყველას დაუმტკიცა, რომ ერთი შეხედვით სტერეოტიპებით გაჟღენთილ, მაგრამ ამავდროულად შესაძლებლობებით სავსე მსოფლიოში შეუძლებელი არაფერია.
“დიახ, მე ფემინისტი ვარ, რადგან ყველა ქალს ვხედავ როგორც ჭკვიანს, ძლიერსა და ნიჭიერს” – ამბოდა იგი.
არქიტექტორი 2016 წელს 65 წლის ასაკში გულის შეტევით ფლორიდაში გარდაიცვალა.
ზაჰა ჰადიდის გამორჩეული არქიტექტურული შედევრების მონახულება მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ცნობილ ქალაქში შეგიძლიათ. მისი დაარსებული არქიტექტურული ფირმა დღესაც წარმატებით საქმიანობს და კვლავ აგრძელებს ჰადიდის უსივრცო, უსაზღვრო სტილის უკვდავყოფას.