დანაზოგსა და ხარჯებს შორის წონასწორობის შენარჩუნება ჩვენი ყოველთვიური ბიუჯეტის სწორად გადანაწილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ რაციონალურად გადაანაწილოთ თქვენი ხარჯები და დაზოგოთ თანხა თქვენი სამომავლო გეგმებისთვის.
ჯერ დაზოგე, შემდეგ დახარჯე
აუცილებელია თქვენი ყოველთვიური შემოსავლის ნაწილი დახარჯვამდე შეინახოთ. სასურველია დაიცვათ 50:20:30 წესი – შემოსავლის 50% დახარჯეთ საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის, 20% დაუთმეთ საკვებს, გართობასა და მოგზაურობას, დარჩენილი 30% კი შეინახეთ “შავი დღისთვის”.
გამოიყენეთ აპლიკაციები ხარჯების კონტროლისთვის
დანახარჯების უკეთ გასამიჯნად და დასათვლელად შეგიძლიათ გამოიყენოთ მობილური აპლიკაციები, რომელიც საშუალებას გაძლევთ ხარჯები დაყოთ კატეგორიებად, მარტივად დათვალოთ რა დაგიჯდათ ამ თვეში საკვები, რამდენი დახარჯეთ გართობაში და ა.შ. აპლიკაციები შეგახსენებენ მოახლოებულ გადახდებსაც და თავიდან აგარიდებთ ვადაგადაცილებებს. ამგვარად დაგეგმილი ხარჯვა საშუალებას მოგცემთ უფრო გონივრულად მართოთ ფინანსები.
შეადგინეთ ბიუჯეტი
შეადგინეთ ბიუჯეტი, რომელიც მოიცავს თვის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებსა და დახარჯულ თითოეულ ლარს. ამ სისტემის დანერგვით თქვენ აკონტროლებთ საკუთარ შემოსავლებსა და ხარჯებს და დიდი შანსია შემდეგი თვე ვალდებულებების გარეშე დაიწყოთ. ბიუჯეტი თავად გიჩვენებთ რა უნდა იყოს პრიორიტეტული და რისი გადადება შეგვიძლია სამომავლოდ.
თვალყური ადევნებთ საკრედიტო ისტორიას
დღესდღეობით შეხვდებით უამრავ საბანკო პროდუქტს, რომლის საშალებითაც სულ რამდენიმე წუთში გიმტკიცებენ სესხებს. თქვენი საკრედიტო ანგარიშის ისტორიისთვის თვალყურის დევნება აუცილებელია, რათა შემდგომში არ აღმოჩნდეთ მაღალი რისკის კატეგორიაში. ასეთ შემთხვევაში, ყველა მომდევნო საბანკო პროდუქტი, რომლითაც თქვენ ისარგებლებთ ბევრად მაღალი საკრედიტო რისკის შემცველი იქნება საფინანსო ორგანიზაციისთვის.
დააზღვიეთ ჯანმრთელობა
დაუგეგმავმა ჰოსპიტალიზაციამ შეიძლება ფინანსურად ძალიან დაგხიოთ უკან. სწორედ ამიტომ, კარგი იქნება თუ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტით ისარგებლებთ. მართალია თქვენს ყოველთვიურ გადასახადებს კიდევ ერთი გადასახადი დაემატება, თუმცა, თუკი გადავთვლით ექიმებთან ვიზიტისა და სხვა მსგავსი ხარჯების მოცულობას, ბევრად მეტია დაუგეგმავი დანახარჯი, ვიდრე სადაზღვევო პოლისის შეძენისას დაგეგმილად დახარჯული თანხა. ასეთ შემთხვევაში, ჩათვალეთ, რომ თქვენ მიერ “შავი დღისთვის” გადადებული თანხა სრულად დაგეზოგებათ და შეგიძლიათ თქვენს წარმატებულ ანაბრად აქციოთ.
წყარო: Businesstoday.in