“უშიშარი ქალი” – ეკა გიგაურის ინტერვიუ გამოცემასთან SheThePeople

CSO Georgia

“უშიშარი ქალი“ – ასე დაახასიათა ინდურმა ონლაინ გამოცემამ “SheThePeople” „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ აღამასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური. სტატიაში ნახსენებია, რომ საქართველო ახლა დიდი ცვლილებებისა და გამოწვევების წინაშეა, ეკა კი საკმაოდ დიდ როლს თამაშობს ამ პროცესებში. მანამდე ის მუშაობდა როგორც სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, ასევე კერძო სექტორში.

ერთგვარ ბლიც ინტერვიუში ეკა საკუთარ თავს ასე აღწერს:

„საკუთარ თავს ასე დავახასიათებდი: აქტიური ქალი, რომელიც ყოველთვის მოვლენების ეპიცენტრშია და არ ეშინია ახალი გამოწვევების“. ის საკუთარ მოტივაციაზეც ყვება და ამბობს, რომ მის კარიერაში მთავარი მასტიმულირებელი ძალა ყოველთვის იყო ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი სამსახურის გაწევა.

ჟურნალისტის მიერ დასმულ მორიგ კითხვაზე, თუ როგორია იყო „უშიშარი“ ქალი, ეკა გიგაური ასე პასუხობს:

„ ხანდახან ძალიან იღლები, ფიზიკურადაც და ემოციურადაც, რადგან პოლიტიკური ლიდერები მუდმივად თავს გესხმიან და ცდილობენ, რომ იმ საქმეზე უარი გათქმევინონ, რასაც აკეთებ. თუმცა, ეს სწორედ ის მომენტია, როცა ხვდები, რომ სწორ გზას ადგახარ და შედეგებზე კონცენტრირდები. ხშირად ქუჩაში სრულიად უცხო ხალხი მიხდის მადლობას იმის გამო, რასაც ვაკეთებ. ეს ძალიან დიდი მოტივაციაა ჩემთვის.“

„რა არის ის, რაც ყოველ დილით თქვენს აღფრთოვანებას იწვევს“ ასეთმა კითხვამაც გაიჟღერა ინტერვიუში, რაზეც ეკას საკმაოდ საინტერსო პასუხი ჰქონდა:

„ჩემი გამორჩეული გუნდი, რომლითაც ძალიან ვამაყობ. ყოველი დღის და სამომავლო გეგმების შემუშავება მათთან ერთად ყველაზე მეტად აღმაფრთოვანებს და მაღელვებს.“

„საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ დირექტორმა, იმ მიღწევების შესახებაც უამბო ჟურნალისტს, რომელიც ცვლილებების მომტანი აღმოჩნდა ქვეყნისთვის.

„ ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროში, როცა სამოქალაქო აქტივიზმს ძალიან დიდი როლის შესრულება შეუძლია, დემოკრატიული განვითარებისთვის. შესაბამისად, ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, რაც დღეს ჩემი ქვეყნისთვის შემიძლია გავაკეთო არის ის, რომ სამოქალაქო საზოგადოების ლიდერი ვიყო. იყო დრო, როდესაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას კრიტიკულ მედიასაშუალებებზე წვდომა არ ჰქონდა. ყოველივე ეს მთლიანი პოლიტიკური სურათის აღქმას მათთვის საკმაოდ რთულს ხდიდა. ამ საკითხზე მუშაობით ჩვენ აღნიშნული პრობლემა გადავჭერით და იმ წელს არჩევნებში ოპოზიციამ უმრავლესობით გაიმარჯვა. კიდევ ერთი აღსანიშნავი მიღწევა შეიძლება იყოს ის, რომ ჩემი ხელმძღვანებლობისას სასაზღვრო პოლიციაში კორუფციის დონე საგრძნობლად შემცირდა.“

ეკა გიგაურმა გამოწვევების შესახებაც ისაუბრა:

„ხშირად მგონია, რომ უფრო მეტის გაკეთება შემიძლია, თუმცა დრო აღარ მყოფნის. იმის გათვალისწინებით, რომ ყველა რესურსი შეზღუდულია, მგონია, რომ ჩემს დავალებებს პრიორიტეტების მიხედვით ვასრულებ.“

წყარო: shethepeople.tv