Facebook-ი 15 წლის წინ შეიქმნა. მაშინ კომპანია მხოლოდ ერთ პლატფორმას მოიცავდა. დღეს კომპანია რამდენიმე აპლიკაციას აერთიანებს და მილიონობით ადამიანს საშუალება აქვს დაუკავშირდეს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს. იზრდება სოციალურ ქსელში კომერციული ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების ჩართულობაც.
Facebook-ი აერთიანებს შემდეგ სერვისებს: Facebook App, Messenger, Instagram, WhatsApp, Oculus, Workplace, Portal და Calibra. ყველა ეს აპლიკაცია წლებია იზიარებს კომპანიის ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას. კომპანიის ადამიანური რესურსიც ხშირად ერთობლივად მუშაობდა სხვადასხვა სერვისის განვითარებაზე.
4 ნოემბერს Facebook-მა წარადგინა ბრენდის ახალი კონცეფცია, რომლის მიზანია უფრო მკაფიოდ წარმოაჩინოს ყველა ის პროდუქტი და სერვისი, რომელსაც კომპანია აერთიანებს. თუმცა, როგორც კომპანიის მარკეტინგის გუნდი განმარტავს, რებრენდინგის ძირითადი მიზანი კომპანიისა და აპლიკაციის (Facebook App) ერთმანეთისგან გამიჯვნაა. ამ უკანასკნელი მიზნის მისაღწევად კომპანიისთვის შეიქმნა ახალი ლოგო, ხოლო Facebook App-ის ბრენდინგი არ შეიცვლება.
უახლოეს დღეებში Facebook-ი სრულად განაახლებს თავის სერვისებსა და მარკეტინგულ მასალებს, მათ შორის, წარადგენს კომპანიის ახალ ვებ-გვერდს.