4710 Contemporary Art Gallery და The why not gallery წარმოგიდგენთ ხელოვან ანა ჩადუნელის სოლო გამოფენას. შოუ წარმოადგენს ერთ მთლიან ინსტალაციას, სადაც ხელოვანმა შიდა და გარე სივრცეებში ყოფნის ურთიერთგამომრიცხავი შეგრძნებების შექმნა სცადა. მისტიური გარემო, რომელსაც ეს ამბივალენტობა ქმნის, პირადსა და საჯარო სივრცეებს შორის ხაზის წაშლის ერთგვარი მცდელობაა.
გამოფენის გახსნა: 7 ნოემბერი – 18:00-22:00
გამოფენა გაგრძელდება 16 ნოემბრის ჩათვლით.
ანა ჩადუნელმა ფორმალური განათლება თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სამხატვრო აკადემიაში მიიღო, ის არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობდა. შემდეგ გაიარა არაფორმალური სამაგისტრო კურსი თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში (CCA-Tbilisi). ანამ მაგისტრის ხარისხი ბელგიაში, კასკის ხელოვნების სკოლაში მიიღო.
ანას ნამუშევრები საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მრავალ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი, მათ შორის: ვილა არსონი, ნიცა, საფრანგეთი (2013), კიევის ბიენალე (2015), სტამბულის ბიენალეს პარალელური პროგრამა (2015),‘სპონტანური ფეიერვერკები’, ლაიფციგის კუნსტვერაინი (2015), ‘თავიდან’, გოჰის მუზეუმი, გერმანია (2017).
ანამ 2014 წელს მიიღო წინანდლის პრემია ვიზუალური ხელოვნების დარგში.