კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა ის ღირებულებებია, რომლებსაც ქვეყნები და ხალხი საუკუნეების განმავლობაში ქმნიან და უფრთხილდებიან. ტერიტორიები, რომელიც მდიდარია ბიომრავალფეროვნებით, მატერიალური თუ არამატერიალური კულტურული ძეგლებითა და ასევე, ადგილობრივ მოსახლეობაში არსებული ტრადიციული ეკონომიკური საქმიანობით, საჭიროებს თანამედროვე ტექნოლოგიების ადაპტაციასთან ერთად განვითარების შედეგად გამოწვეული შესაძლო მავნე ზეგავლენის შემცირებას. ღირებულებები საერთოა მსოფლიოსთვის და არა მარტო ცალკეული ქვეყნისთვის. მსოფლიო მემკვიდრეობის აღიარების სხვადასხვა ფორმები არსებობს.
საქართველოში 94 დაცული ტერიტორიაა, რომელთა ისტორიაც 1912 წლიდან ‒ ლაგოდეხის ნაკრძალის დაარსებით იწყება.
მნიშვნელოვანია, რომ გარემოსდაცვით საკითხებს ბოლო პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO) აქტიურად მუშაობს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის კონსერვაციისა და მდგრადი განვითარების ინოვაციური მიდგომების დასანერგად.
ერთ-ერთ ასეთ მიდგომას წარმოადგენს ბიოსფერული რეზერვატების დაფუძნება. რამდენიმე წელია, რაც UNESCO-სა და ევროკავშირის აქტიური ჩართულობით საქართველოში მიმდინარეობს ბიოსფერული რეზერვატის დაფუძნების პროცესი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ერთობლივი აქტიური მუშაობის შედეგად, ჩატარდა კვლევები. საქართველოში, კახეთის რეგიონი ყველაზე შესაფერისი ადგილი აღმოჩნდა ბიოსფერული რეზერვატის დაარსებისთვის, რადგან კახეთი გამორჩეულია არა მხოლოდ ბიომრავალფეროვნებით, არამედ აგრომრავალფეროვნებით და მდიდარია ისტორიულ-კულტურული ძეგლებით და ტრადიციებით.
მნიშვნელოვანია, რომ მრავალწლიანი მუშაობის შედეგად, სულ მალე თუშეთს, პანკისის ხეობის ნაწილს, თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს ბიოსფერული რეზერვატის სტატუსი მიენიჭება.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ბიოსფერული რეზერვატის დაარსება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტ „ბიოსფერული რეზერვატის, როგორც ადგილობრივ დონეზე ინკლუზიური და მდგრადი განვითარების მოდელის დაარსება კახეთის რეგიონში“ ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტი ხორციელდება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრთან პარტნიორობით.
კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის ბიომრავალფეროვნებისა და მდგრადი ბუნებრივი რესურსების პროგრამების მენეჯერი, ლალი თევზაძე გვიყვება:
„ხშირად არ არის მარტივი განმარტო ის დიდი სიკეთე, რისი მოტანაც ბიოსფერული რეზერვატის სტატუსს შეუძლია კონკრეტული ქვეყნისთვის, მისი რეგიონის მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის. ბიოსფერული რეზერვატი არის სტატუსი, რომელსაც UNESCO ანიჭებს ისეთ ტერიტორიას, სადაც ადგილობრივების ჩართულობით ხდება ბუნების, ბიომრავალფეროვნებისა და ბუნებრივი პროცესების დაცვა მავნე ზეგავლენებისგან. რეზერვატი არის ადგილი, სადაც ადამიანები ცხოვრობენ და მოღვაწეობენ. UNESCO-ს მიერ აღიარებული სტატუსი მნიშვნელოვანია როგორც გარემოსდაცვითი თვალსაზრისით, ასევე სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სამეცნიერო-საგანმანათლებლო ასპექტით. ევროპაში არსებული ბიოსფერული რეზერვატები ნათელი მაგალითია იმისა, თუ ადგილობრივი მოსახლეობა მათი არსებობით რა სიკეთეს იღებს.“
დღეს მთელი მსოფლიო ცდილობს განსაკუთრებული ტურისტული მიმართულებების განვითარებას, ბიოსფერული რეზერვატი სწორედ ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს თავისი ეკოტურისტული ხასიათითა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციით.
UNESCO-ს მონაცემებით, დღესდღეობით მსოფლიოს 131 ქვეყანაში 727 ბიოსფერული რეზერვატია. საქართველოში ამ მიმართულებით გამოკვლეულ რეგიონებს შორის, კახეთი ‒ ყველაზე მეტად გამორჩეული და დიდი პოტენციალის მქონეა. კახეთში ყველაზე მეტი დაცული ტერიტორიაა.
ბიოსფერული რეზერვატი შედგება სამი ზონისაგან: ბირთვული ზონა, რომელიც წარმოადგენს ნაკრძალებსა და სხვა მკაცრი დაცვის ზონებს და მიზნად ისახავს ბუნებრივი ლანდშაფტისა და ბიომრავალფეროვნების დაცვას. ბუფერული ზონა, რომელიც ბირთვულ ზონას აკრავს, ის ტერიტორიაა, სადაც მოსახლეობას აქვს ტრადიციული საქმიანობის, ეკო-ტურისტული თუ სხვა ეკოსაგანმანათლებლო და სამეცნიერო აქტივობების განხორციელების საშუალება.მესამე, გარდამავალ ზონაში კი უკვე ურბანული განვითარების კერებსაც ვხვდებით.
გარდა იმისა, რომ ეკოლოგიური თვალსაზრისით ბიოსფერული რეზერვატი მდგრად განვითარებასა და ცხოვრების ხარისხის გაზრდას უწყობს ხელს, მას ნიშანდობლივი ეკონომიკური გავლენა აქვს, როგორც ტურისტული, ისე ადგილობრივი წარმოების თვალსაზრისით.
სოფლად მცხოვრები მოსახლეობა საკვების, ენერგიისა და მონეტარული შემოსავლის მისაღებად დიდწილად დამოკიდებულია ბუნებრივ რესურსებზე. იმისათვის რომ, ეს რესურსები არ განადგურდეს და არ გაიხარჯოს არამიზნობრივად, საჭიროა, მათი კონსერვაცია და მდგრადი განვითარების ხელშეწყობით მათი მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება.
ინოვაციური რეფორმებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების (განახლებადი ენერგიის წყაროები, წყლის კონსერვაცია და მიზნობრივი გამოყენება, მესაქონლეობა და შინაური ცხოველის გაზრდის ახალი ტექნოლოგიები) გამოყენებით იქმნება დასაქმების ახალი შესაძლებლობები და ამავდროულად, ხდება ბუნების დაცვაც. შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბიოსფერული რეზერვატის ფარგლებში დამატებითი დოვლათის შექმნაა შესაძლებელი“.
რეზერვატების არსებობა სამეცნიერო თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, რადგან იგი თავის მხრივ მოიაზრებს სამეცნიერო კვლევების ჩატარებასა და მათ ხელშეწყობას. აღნიშნულ პროცესში ადგილობრივ უნივერსიტეტებსა თუ კვლევით ორგანიზაციებს ექნებათ საშუალება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩაატარონ კვლევები და განახორციელონ მუდმივი მეთვალყურეობა. კვლევითი ორგანიზაციების ასეთი ჩართულობა და დატვირთვა ხელს შეუწყობს მეცნიერების განვითარებას ქვეყნის მასშტაბით, გაზრდის სამეცნიერო დისციპლინებისადმი ინტერესს და შექმნის დამატებით სამუშაო ადგილს.
ბიოსფერულ რეზერვატს განიხილავენ როგორც ხარისხის ნიშანს. რეზერვატის ტერიტორიაზე წარმოებული პროდუქცია გაცილებით მაღალ ფასად იყიდება საერთაშორისო ბაზარზე. ამ ფაქტს ბევრი ნათელი მაგალითი მოწმობს, მაგალითისთვის, ‒ 1998 წელს მაროკოში შექმნილი არგანის ბიოსფერულ რეზერვატში ყველაზე მაღალი ხარისხის არგანის ზეთი იწარმოება და ექსპორტირდება; კოტ-დ’ივუარის კომოეს ბიოსფერულ რეზერვატში წარმოებული თაფლი ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ პროდუქტად ითვლება; ეთიოპიის კაფას რეზერვატში წარმოებული ყავა ასევე, მსგავსი რეპუტაციით სარგებლობს მსოფლიო ბაზარზე. ასეთი მაგალითების სია ძალიან გრძელია და რეზერვატების რაოდენობის მატებასთან ერთად იზრდება და პირდაპირ აისახება ადგილობრივთა კეთილდღეობაზე. საქართველოს ბიოსფერული რეზერვატების შექმნასა და ამ ტერიტორიებზე წარმოების განვითარების საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს.
აღსანიშნავია ის ფაქტი რომ, ეკოტურიზმი, როგორც ტურიზმის ერთერთი მიმართულება, ყოველწლიურად უფრო პოპულარული ხდება. განსაკუთრებული ძალისხმევა და ფინანსური რესურსი იხარჯება ახალი ეკო-ტურისტული მიმართულებებისა და პროდუქტების განვითარებისათვის. ამ მხრივ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ბევრი ნაბიჯი გადაიდგა საქართველოშიც. ასეთი ტურისტული მიმართულებების, როგორც ახალი ალტერნატივების განვითარება საკმაოდ მაღალ შემოსავალთანაა დაკავშირებული. ეკოტურიზმი მოიაზრებს ისეთი პირობების შექმნას, სადაც შესაძლებელია საცხოვრებელი გარემოს მდგრადი განვითარება და ლანდშაფტის ბუნებრივი იერსახის შენარჩუნება. არსებობს ერთგვარი შექცევადი დამოკიდებულება ‒ თუკი რეზერვატში დაცული საცხოვრებელი გარემო იქ დასახლებულთათვის გახდება შემოსავლის წყარო, მათ თავადვე გაუჩნდებათ სურვილი და მოტივაცია, იზრუნონ მის შენარჩუნებასა და დაცვაზე.
ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ბიოსფერულ რეზერვატებში არსებულ ბიზნესებსა თუ ინდივიდუალურ პირებს, გაცილებით მარტივად შეუძლიათ დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, სხვადასხვა დაფინანსებების მოძიება და ამ მხრივ საქმიანობის განვითარება. მსოფლიოს მასშტაბით ბიოსფერულ რეზერვატებში მცხოვრებ მოსახლეობას ძლიერი ლოკალური იდენტობის შეგრძნება და განსაკუთრებული სიამაყით სავსე დამოკიდებულება აქვს თავის რეგიონთან დაკავშირებით, რაც აისახება მათ აქტიურ ჩართულობაში ყველა მიმდინარე დაცვით ღონისძიებაში.
საქართველოს გამოჩენა ბიოსფერული რეზერვატის მსოფლიო რუკაზე ბევრი ადამიანის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებისა და სახელმწიფოს აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს.
პროექტის განხორციელებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ‒ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას, მიხეილ ზუკოვის ფონდს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასა (GIZ) და კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრს.
პროექტში ასევე მონაწილეობენ ადგილობრივ ფერმერთა ასოციაციები, ადგილობრივი განვითარების ფონდები, დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციები და ა.შ.
ბიოსფერული რეზერვატი სამხრეთ კავკასიის არცერთ ქვეყანაში ჯერ არ დაარსებულა. საქართველო ამ მხრივ პირველია.
პროექტის განმახორციელებელი პარტნიორების ‒ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტისა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის დიდი მონდომებით, საქართველო პირველი ქვეყანა იქნება რეგიონში, სადაც ერთდროულად ორი ბიოსფერული რეზერვატი დაარსდება: სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი – თუშეთში და დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში.