„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით შექმნილი „ფონდი ქართული გალობა“ მრავალი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტის ინიციატორია და ავტორია. ფონდის ძირითადი საქმიანობა ქართული გალობა-სიმღერის კვლევა, მგალობლების აღზრდა და ქართული კულტურის ამ მნიშვნელოვანი და უძველესი მიმართულების უახლესი თანამედროვე მეთოდებით გაციფრულება და მისი მომავალი თაობისთვის შენარჩუნებაა.
ფონდის ამჟამინდელ საქმიანობაზე პროექტების მონიტორინგის ხელმძღვანელს – ნინო რაზმაძესა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს – ბაია ჟუჟუნაძეს გავესაუბრეთ.
ნინო: ფონდი „ქართული გალობა“ 11 წლიანი ისტორიის მანძილზე საქართველოში ერთადერთი კერძო ფონდია, რომელიც ქართული ტრადიციული მუსიკის სფეროს მუდმივი მხარდამჭერია. მის მთავარ ღირებულებად მიმაჩნია თანამშრომლობაში სრული ღიაობა, როგორც სახელმწიფო და საერთაშორისო ინსტიტუციებისადმი, ასევე, კერძო ინიციატივებში. ფონდის კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც ქართულ ტრადიციულ მუსიკაში მნიშვნელოვანი დამოკიდებულება და ინიციატივა აქვს.
ბაია: ამ ღიაობას განაპირობებს ჩვენი ხელმძღვანელის, ფონდის გენერალური დირექტორის, ქალბატონი ნანა გოთუას დამოკიდებულება და მენეჯერული ხედვები, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია იდეა და საქმე იყოს ღირებული, რაც ფონდის პროექტებს და მათში ჩართული ადამიანების მასშტაბებს ყოველწლიურად ზრდის. წლევანდელი წელი გამორჩეულია, იმითაც, რომ პროექტების დიდი ნაწილი უკვე ქართულ პროფესიულ მუსიკას მოიცავს წელს ჩვენმა ფონდმა „თორაძის ფონდთან“ და „სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ერთ-ერთ დამფუძნებელთან – ნათია ჩხარტიშვილთან ერთად „თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი“ დააფუძნა, რომელიც კლასიკურ, ტრადიციულ და თანამედროვე მუსიკას აერთიანებს.
ნინო: ფონდის პრიორიტეტია ქართული ტრადიციული მუსიკის როგორც საშემსრულებლო, ასევე, სამეცნიერო სფეროში ახალგაზრდების მოზიდვა და მათი ინიციატივების ხელშეწყობა. ფონდი დაარსების დღიდან გალობის უნივერსიტეტის დონორია, რომლის სტუდენტები და კურსდამთავრებულები ხშირად დამოუკიდებელი ინიციატივებით მოგვმართავენ. განსაკუთრებით სასიხარულოა ახალგაზრდული რესურსის მატება იმ სფეროში, რომელიც ტრადიციული, მაგრამ ძალიან საჭიროა ჩვენი თანამედროვე კულტურისთვის.
ბაია: ფონდის მიერ დაფუძნებული ორი ანსამბლი მხოლოდ ახალგაზრდებისგან შედგება. 2017 წელს „მეღვინეობა შილდასთან“ ერთად დაარსებული ანსამბლი „შილდა“, რომლის მთავარი მიზანია კახური სიმღერების აღდგენა-პოპულარიზება. 2019 წელს დაარსდა „მთაწმინდის მამადავითის სახელობის ტაძრის მგალობელთა გუნდი“, რომლის წევრები სწორედ გალობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები არიან.
ნინო 2015 წლიდან, ბაია კი 2016 წლიდან ფონდის გუნდის წევრები არიან, თუმცა მათი მეგობრობა ჯერ კიდევ სტუდენტობიდან დაიწყო, პროფესიული თანამშრომლობა კი ფონდში გააგრძელეს.
ნინო: ვთლი, რომ დიდი გამართლებაა, როცა შენი პროფესიით მუშაობ, საყვარელ საქმეს აკეთებ შენს საუკეთესო მეგობართან ერთად. გყავს ხელმძღვანელი, რომელიც გენდობა, მუდმივი ზრდის საშუალებას გაძლევს და გიქმნის მაქსიმალურად ჰარმონიულ გარემოს. ბედნიერებაა, რომ პროფესიულად ჩვენც ფონდთან ერთად გავიზარდეთ. ფონდის „სმარტ კაპიტალ ჯგუფში“ გაერთიანებამ კორპორაციული ერთიანობის გაცნობიერებული განცდა შემოიტანა ჩვენს ცხოვრებაში. მიხარია, რომ იქ ვართ, სადაც ადამიანური კაპიტალი არის საქმის მთავარი ღირებულება.