21 ნოემბერს ფუკუიამას დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრში ახალგაზრდული კლუბის პირველი შეხვედრა გაიმართება. კლუბში გაწევრიანებულია 22 ახალგაზრდა 5 ქვეყნიდან – აზერბაიჯანი, მოლდოვა, უკრაინა, საქართველო და სომხეთი. ახალგაზრდები კონკურსის საფუძველზე შეირჩნენ. თითოეულმა მონაწილემ წარმოადგინა დემოკრატიის თემისადმი მიძღვნილი ვიდეო-ბლოგი.
შეხვედრას გახსნიან ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასთინ მაქენზი სმითი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე.
ზოგადი ინფორმაცია ცენტრის შესახებ
2019 წელს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა (EPRC) და სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის (CDDRL) პარტნიორობით, თბილისში სასტუმრო „სტამბაში” გაიხსნა ფუკუიამას დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრი.
ცენტრი წარმოადენს ინტელექტუალურ სივრცეს – პლატფორმა აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის პროფესიონალებსა და დაინტერესებულ პირებს, რომლებიც კონცენტრირებულნი არიან კვლევებზე, დებატებზე, იდეების გაცვლაზე, პროფესიული წრეების შექმნაზე, განათლებისა და ცნობიერების ამაღლებაზე. ცენტრი თავს უყრის თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის მებრძოლებს, ადამიანის უფლებების დამცველ აქტივისტებს ევროპისა და ევრაზიის რეგიონში, რომელთაც აერთიანებთ დემოკრატიის ფუნდამენტური ღირებულებები, კანონის უზენაესობა და საერთაშორისო ლიბერალური პრინციპები.
დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრთან არსებული პირველი ახალგაზრდული კლუბი დაფუძნდა ჩივენინგის კურსდამთავრებულთა პროგრამის ფონდის (CAPF) მხარდაჭერით და გულისხმობს ორდღიანი ტრენინგების ჩატარებას შერჩეული მონაწილეებისთვის. ტრენინგების ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ სხვადასხვა მაგალითებს (case-studies) დემოკრატიის გამოწვევებზე და იმსჯელებენ მათ მნიშვნელობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. ამასთან, სესიები დაეთმობა ჩივენინგის პროგრამასაც, რათა მოხდეს სტიპენდიის წახალისება და მის შესახებ ინფორმაციის გაზიარება.
კლუბის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა მომავალშიც მიიღონ მონაწილეობა ცენტრის აქტივობებში, ისარგებლონ მისი რესურსებითა და ახალი კავშირებით.