ფრუტჩხელა – ახალი ქართული პროდუქტი

„ფრუტჩხელა“ ქართველი მორაგბის, შალვა სუთიაშვილისა და მისი მეუღლის, ნინი ბარაბაძის ერთობლივი წამოწყებაა. „ფრუტჩხელა“ ყველაზე ცნობილი ქართული ტკბილეულის, ჩურჩხელას, ახალი ნაირსახეობაა, დამზადების განსაკუთრებული ტექნიკითა და განსხვავებული გემოთი. ახალი პროდუქტის წარმოება უკვე დაწყებულია. ის მთლიანად ადგილობრივი ნედლეულისგან მზადდება. პროდუქტს შპს „პროდლაინი“ აწარმოებს და ის უკვე იყიდება ფრანგულ ბაზარზე.

სანამ ქართველ მომხმარებელს ფრუტჩხელას დაგემოვნების საშუალება ექნება, გთავაზობთ ინტერვიუს ახალი ბრენდის ერთ-ერთ დამფუძნებელ, ნინი ბარაბაძესთან.

ჩურჩხელა საკმაოდ ცნობილი ქართული ტკბილეულია, მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. რითი განსხვავდება „ფრუტჩხელა“ მისგან?

განსხვავება ჩვენსა და ტრადიციულ ჩურჩხელას შორის არის ის, რომ ჩვენს პროდუქტს ძაფი არ აქვს. ეს არის კანფეტების მსგავსი, განსაკუთრებული ფორმის ჩურჩხელა. თითოეულ ფორმას კი შიგთავსი თხილის, ნუშის ან ნიგვზის აქვს. მოხმარება ძალიან მარტივია: არ საჭიროებს დანას, გაჭრას, ძაფის ამოცლას და ის გარკვეული დისკომფორტი, რომელიც ტრადიციული ჩურჩხელის ჭამას ახლავს თან, ჩვენს პროდუქტს არ აქვს.

როგორ მზადდება თანამედროვე ჩურჩხელა?

„ფრუტჩხელა“ უკვე იყიდება საფრანგეთის დიდ ქსელურ, ასევე პატარა სპორტულ მაღაზიებშიც. რადგანაც ჩემი მეუღლე მორაგბეა, გადავწყვიტეთ ჩვენი პროდუქტის სამიზნე სეგმენტი სპორტთან ყოფილიყო დაკავშირებული. ჩვენი პროდუქტის შემადგენლობას თავდაპირველად დიეტოლოგები ეცნობიან, შემდეგ კი საკუთარ კლუბს უწევენ რეკომენდაციას პროდუქტის შესახებ. „ფრუტჩხელას“ ფორმულა ასეთია – ის უნდა შეიცავდეს ნაკლებ შაქარს, იყოს სუფთა და 100%-ით ნატურალური ყურძნის წვენი, ფქვილი და შიგთავსი. გვაქვს ჩვენი საიდუმლო ამბები, რომელთა მეშვეობითაც ჩვენი ჩურჩხელა ხდება უფრო ჯანსაღი და შედეგად, სპორტსმენებზე მორგებულიც.

როგორ გაჩნდა „ფრუტჩხელას“ შექმნის იდეა?

ჩვენ ბევრს ვმოგზაურობთ და ყოველთვის ისმის კითხვა, რა ჩამოგიტანოთ საქართველოდან. პასუხი კი ყოველთვის იყო ჩურჩხელა და მუდმივად იყო პრობლემა, სად გვეშოვნა კარგი ჩურჩხელა. შემდეგ მე საფრანგეთში ჩემით ვავლებდი და ვამზადებდი ჩურჩხელებს. ჩურჩხელის ტრადიციული ფორმა და ვიზუალი ცოტათი მიუღებელი იყო უცხოელებისათვის. ჩვენ კი ყოველთვის გვინდოდა, რომ მათაც დაეგემოვნებინათ ეს ტკბილეული.

პროდუქტის იდეა არ გვეკუთვნის მე და ჩემს მეუღლეს. ის იყო დავით რამაზაშვილის და შორენა მეგრელიშვილიც ძალიან დაეხმარა მას. ჩვენ ამ იდეას ვყიდულობთ. პროდუქტით ფრანგები ძალიან აღფრთოვანდნენ და ჩვენც დაგვებადა აზრი, რომ ახლებური ჩურჩხელა გაგვეტანა უცხოურ ბაზარზე. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ვიზუალზე, რადგანაც მოგეხსენებათ, აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება რამდენად ეკოლოგიური და გადამუშავებადია პროდუქტის შეფუთვა. მე და ჩემმა მეუღლემ ვიმუშავეთ ფრანგულ კომპანიასთან ერთად, ძალიან შრომატევადი, დიდი ხნის საქმე იყო. სახელზეც ბევრი ვიფიქრეთ. საბოლოოდ კი მივიღეთ ამგვარი პროდუქტი.

იქნება თუ არა „ფრუტჩხელა“ ქართველი მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი?

ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა დაწყებული გვაქვს ექსპორტზე მუშაობა. პირველად პროდუქტი მაისში ჩამოვიტანეთ საფრანგეთში. იმდენად დიდია მოთხოვნა და ინტერესი საზღვარგარეთ, რომ ძალიან დიდი რაოდენობის შეკვეთები გვაქვს საზღვარგარეთ. ჯერჯერობით მხოლოდ ექსპორტზე ვმუშაობთ, მაგრამ ძალიან გვინდა, რა თქმა უნდა, რომ ეს ქართული იდეა ქართველი მომხმარებლისთვისაც იყოს ხელმისაწვდომი. უახლოეს მომავალში ქართულ ბაზარზეც აუცილებლად შემოვალთ. ქართველი მომხმარებლისათვის პროდუქტი „ხილჩხელას“ სახელით იქნება ცნობილი.

რამდენად მრავალფეროვანი იქნება ახალი პროდუქტის საექსპორტო ბაზარი?

ამჯერად პროდუქტი იყიდება საფრანგეთსა და გერმანიაში, თუმცა გვაქვს მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთანაც. ძალიან ხშირად თავადაც გვიკავშირდებიან სხვა ქვეყნებიდან. პროდუქტი იაპონიაშიც წარვადგინეთ მსოფლიო ჩემპიონატისას. მართალია, ძალიან შინაურულად, თუმცა გასინჯეს და იქაც მოწონება დაიმსახურა.

რამდენად დიდია დაინტერესება უცხოურ ბაზარზე?

როდესაც უცხოურ ბაზარზე ჩნდება ახალი პროდუქტი, ისინი ყოველთვის ატარებენ ბაზრის კვლევას, რამდენად დააინტერესებს ეს პროდუქტი მოხმარებელს და შემდგომში ამის მიხედვით ადებენ ფასს. „ფრუტჩხელას“ ანალოგი არ მოეძებნა საფრანგეთის ბაზარზე, რაც იმას ნიშნავს, რომ უნიკალური პროდუქტი გვაქვს. იმის გამო, რომ ასეთი უნიკალურია და ასეთი თვისებები აქვს, დაინტერესებაც საკმაოდ დიდია.

სად მდებარეობს „ფრუტჩხელას“ საწარმო და რამდენად დიდია წარმოება?

ჩვენი საწარმო სულ ახალი დაარსებული და აშენებულია. იყო საუბარი, რომ პროდუქტი საფრანგეთში შექმნილიყო, თუმცა დიდი ბრძოლისა და განმარტებების შემდეგ დავარწმუნეთ ისინი, რომ პროდუქტის შექმნას სჭირდებოდა საქართველოს მიწა, ქართული ხელი და სწორი დამზადების ტექნიკა. ყველაფერი, შეფუთვაც კი, საქართველოში მზადდება. ამჟამად საწარმოში 6 ადამიანია დასაქმებული, თუმცა მოთხოვნიდან გამომდინარე, ვფიქრობთ გაფართოვებას. ეტაპობრივად, ნელ-ნელა ვვითარდებით და ვიზრდებით.

როგორია სამომავლო გეგმები და ხომ არ აპირებთ მომხმარებლისათვის სხვა ახლებური პროდუქტების შეთავაზებასაც?

ჩვენს კოლეგასა და პარტნიორს, დავით რამაზაშვილს, აქვს ძალიან კარგი იდეები პროდუქტის დახვეწასთან დაკავშირებით. თუ პროდუქტი უცხოურ ბაზარზე გადის ის მუდმივად ერთი სახის ვერ იქნება, მას სჭირდება მუდმივი ცვლილება. ჩვენ კი მზად ვართ ამ სიახლეებისათვის, ჩანახატები და იდეები არსებობს, თუმცა არ დავკონკრეტდები, იყოს ეს სიურპრიზად, რადგანაც იდეები დამუშავების პროცესშია. ჩვენ ახლა ვიმკვიდრებთ ადგილს ევროპულ ბაზარზე, რასაც ძალიან დიდი შრომა სჭირდება, თუმცა ახალი იდეები და მრავალფეროვანი პროდუქტი მომავალში, რა თქმა უნდა, გვექნება.

 

ავტორი: ანანო ჯანიაშვილი