ამერიკელი ფსიქოლოგის, კარლ როჯერსის თეორიის თანახმად, თითოეულ ადამიანს თვითრეალიზაციის ტენდენცია ახასიათებს ‒ მუდმივი სწრაფვა განვითარებისკენ. თუმცა, რეალიზაციას ხელს უშლის საზოგადოების აზრი, რომელსაც ადამიანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. სოციუმის შეფასება არის სწორედ ის, რაც ინდივიდში თვითშეფასების ჩამოყალიბებას განაპირობებს. საკუთარი თავის აღქმასა და რეალურ გამოცდილებას შორის არსებული ჰარმონია ადამიანის პიროვნულ ზრდას განაპირობებს. სწორედ ამიტომ, იდეალურ და რეალურ „მე“-ს შორის მედიუმს თვითშეფასება წარმოადგენს.
ამერიკელი ფსიქოლოგების, გარი უელსისა და რიჩარდ ბედნარის თეორიის თანახმად, თვითშეფასება არის სუბიექტური აღქმა, რომელსაც ადამიანი საკუთარი თავის შესახებ აყალიბებს. პოზიტიურ კონტექსტში შეფასების ჩამოყალიბება ხდება მაშინ, როდესაც ინდივიდი მარტივად ახდენს გარემოსთან ადაპტაციას და მზად არის სირთულეების დასაძლევად.
თვითშეფასება ადამიანის თანდაყოლილი ადაპტაციის უნარს წარმოადგენს, რომელიც მას სოციალურ ურთიერთობებში დომინანტურობის შესანარჩუნებლად ესაჭიროება. ამ მოსაზრების მიხედვით, თვითშეფასება სოციალური კონტექსტისგან დამოუკიდებლად არ არსებობს. ის საზოგადოების აზრსა და აღიარებას ეფუძნება.
საკუთარი თავის შეფასება ფსიქოლოგიურ მოცემულობას წარმოადგენს, რომელიც საზოგადოების სხვა წევრებთან არსებული ურთიერთობის ხარისხით განისაზღვრება. შესაბამისად, ინდივიდებს აქვთ მოთხოვნილება, ინტეგრაცია მოახდინონ სხვადასხვა სოციალურ ჯგუფში და მოიპოვონ აღიარება, ‒ წერს ამერიკელი ფსიქოლოგი რეი ბაუმეისტერი.
შესაბამისად, თვითშეფასების მიზანი არა სუბიექტური დამოკიდებულებების ჩამოყალიბება, არამედ სოციუმის მხრიდან უარყოფის შანსების შემცირებაა. აქედან გამომდინარე, როდესაც ადამიანები ახორციელებენ განსაზღვრულ ქმედებას, ამ ქმედების საფუძველს წარმოადგენს მოტივი იმისა, რომ მათ გაზარდონ საკუთარი მნიშვნელობა საზოგადოების წევრთა თვალში და ხელი შეუწყონ სოციალური მიმღებლობის ზრდას.
სოციომეტრული მოძღვრების თანახმად, თვითშეფასების სისტემა მგრძნობიარეა როგორც არსებული, ასევე იმ პოტენციური რეაქციების მიმართ, რომელიც ინდივიდის მიმართ საზოგადოებაში შეიძლება გაჩნდეს.
თვითშეფასების ჩამოყალიბება ნეგატიურ და პოზიტიურ კონტექსტში ხდება.
მაღალი თვითშეფასების დროს მნიშვნელობა წარმატებას ენიჭება. ასეთ ადამიანს მიაჩნია, რომ ის ფლობს ყველა იმ მახასიათებელს, რომელიც საზოგადოებისთვის სასურველი და მისაღებია.
დაბალი თვითშეფასება სხვადასხვა ნეგატიურ ფაქტორს უკავშირდება, ხშირად მის გამომწვევ მიზეზად ფსიქოლოგიურ პრობლემებს ასახელებენ.
ადამიანის თვითშეფასება დიდ ზეგავლენას ახდენს არა მხოლოდ ინდივიდის მენტალურ, არამედ ფიზიკურ მდგომარეობაზე. შესაბამისად, ის ზემოქმედებს შესრულებული სამუშაოს ხარისხზე. ამის მიზეზი კი არის ის, რომ თვითშეფასება პირდაპირი და არაპირდაპირი გზით სამუშაოსადმი კმაყოფილების გრძნობას განაპირობებს.
მაღალი თვითშეფასების მქონე ადამიანი რთულ დავალებას დამსახურებულ გამოწვევად აღიქვამს. მას სურს სირთულეების დაძლევა და ახალი გამოწვევების მიღება. დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანი კი გამოწვევებს პესიმისტურად უყურებს და ცდილობს, თავი აარიდოს მათ. საკუთარი შესაძლებლობებისადმი სკეპტიკური დამოკიდებულება უარყოფითად აისახება შესრულებული სამუშაოს ხარისხზე.
მაღალი თვითშეფასების მქონე ადამიანი ცდილობს, იპოვოს ისეთი საქმე, რომელიც მისი ინტერესებისა და კოგნიციის შესაფერისია, ანუ მისი იდენტობის გამყარებას უწყობს ხელს. შესაბამისად, ასეთი ადამიანი ირჩევს ისეთ სამსახურს, რომელიც თანხმობაში მოდის მის ინტერესებთან.
სამუშაოსადმი პოზიტიური და ოპტიმისტური დამოკიდებულების მქონე ადამიანი მოტივაციის დეფიციტს ნაკლებად განიცდის. სამუშაო პროცესში წარმოქმნილ სირთულეებს იგი გამოწვევად და განვითარების შესაძლებლობად აღიქვამს, რაც მასში კმაყოფილების გრძნობას იწვევს და წარმატებისკენ უბიძგებს. დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანი კი ცდილობს, თავი აარიდოს ნებისმიერ ახალ წამოწყებას და მასთან დაკავშირებულ რისკებს, ანუ დარჩეს საკუთარი კომფორტის ზონაში. ამით იგი ცდილობს, თავიდან აირიდოს საზოგადოების პოტენციური კრიტიკა და უარყოფითი აზრი.
აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ ადამიანის წარმატება თუ წარუმატებლობა არ ზემოქმედებს პიროვნების თვითშეფასების ჩამოყალიბების პროცესზე, არამედ თავად თვითშეფასება ქმნის წარმატებას.
ამრიგად, წარმატებას თვითშეფასება განსაზღვრავს და არა პირიქით.