როგორ გამოიმუშავეს „FRIENDS“-ის მსახიობებმა და პროდიუსერებმა 1.4 მილიარდ დოლარზე მეტი

17-წლიანი პაუზის შემდეგ, ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ამერიკული სიტკომი „Friends“-ი ტელეეკრანებზე კვლავ გამოჩნდა. იმისათვის, რომ სპეციალურ ეპიზოდში, სახელად „Friends: The Reunion“ ექვსივე მსახიობს ეთამაშა, თითოეულ მათგანს 5 მილიონი დოლარი გადაუხადეს. თუმცა ეს მხოლოდ ნაწილია იმ თანხისა, რაც მათ 27 წლის განმავლობაში გამოიმუშავეს.

Poster Credits to HBO Max

ალბათ გვახსოვს, როგორ იწყებოდა „Friends“-ის თითოეული სერია. შოუს ექვსივე მსახიობი შემთხვევით ვარდება შადრევანში, ნაღვლიანი მელოდიის ფონზე, რომელიც ზუსტად ასახავს ნიუ-იორკელების ცხოვრებას, რომელთა „სამსახური არის დამამცირებელი და დამცინავი, მენტალური მდგომარეობა შერყეული, ხოლო სასიყვარულო ურთიერთობები დასაწყისშივე მარცხისათვის განწირული“. 

სიტკომის დებიუტიდან ოცდაშვიდი წლის შემდეგ, მისი ვარსკვლავები და შემქმნელები გაკოტრებისგან ჯერ კიდევ  შორს არიან.

სანდო წყაროს მიხედვით, რომელმაც ამერიკულ Forbes-ს ექსკლუზიურად მიაწოდა ინფორმაცია, დგინდება, რომ „Friends Reunion“-მა, რომელიც 2021 წლის 27 მაისს HBO Max-ის ეთერში გავიდა, მონიკას, ფიბს, რეიჩელს, ჩენდლერს, ჯოისა და როსს თითოეულს 5 მილიონი დოლარი გადაუხადა. აღნიშნული თანხა, რა თქმა უნდა, ურიგო არ არის ერთ ღამეში შესრულებული სამუშაოსთვის, თუმცა მცირე თანხაა იმასთან შედარებით, რაც ამ მსახიობებმა სერიალის არსებობის თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში გამოიმუშავეს.

Forbes–ის ამერიკული წყაროს შეფასებით, 1994 წლის შემდეგ, როდესაც „Friends“-ის სამაუწყებლო დებიუტი შედგა, პოპულარულმა სატელევიზიო კომედიამ თითქმის $1.4 მილიარდის ოდენობის შემოსავალი მიიღო. აქედან „Friends“-ის ექვსმა ვარსკვლავმა 816 მილიონი დოლარი გაინაწილა – დაახლოებით 136 მილიონი დოლარი ერგო თითოეულ მათგანს. რაც შეეხება შოუს შემქმნელებს, დევიდ კრეინის, მართა კაუფმანსა და აღმასრულებელ პროდიუსერს, კევინ ბრაიტს, მათ მინიმუმ 550 მილიონი აშშ დოლარი მიიღეს.

როდესაც ,„Friends“-ი 1994 წლიდან 2004 წლამდე NBC–ის ეთერში გადიოდა, ის ყველა ფანისთვის ხუთშაბათ საღამოს აუცილებლად სანახავი სერიალი იყო იმ დროს პოპულარულ Seinfeld-ის, Mad About You-ს, Will  Grace-ისა და ER-ის სერიალებს შორის. Mad About You-სა და Seinfeld-ს შორის კონკურენციაში მოყოლილი Friends-ი საშუალოდ 25 მილიონი მაყურებლის ყურადღებას იპყრობდა.

თუმცა, სერიალის მსახიობებსა და მის შემოქმედებით ჯგუფს დიდი მოგება სერიალის გამოსვლისთანავე არ მიუღიათ. პირველი ოთხი წლის განმავლობაში, პროდიუსერი კომპანია, Warner Bros-ი სინამდვილეში ფულს ფლანგავდა შოუს დადგმაზე. ამის მიუხედავად, Warner Bros-მა სერიალს დაფინანსება არ შეუჩერა იმ იმედით, რომ სამაუწყებლო კომპანია NBC-ის სინდიკატის შეძენის შემდეგ, ისინი დახარჯულ თანხებს ამოიღებდნენ.

იმ დროს, როდესაც „Friends“-ის მეხუთე სეზონი გამოვიდა, NBC-ი იმდენად მოტივირებული იყო, რომ სიტკომი ხუთშაბათის ღამის პროგრამაში შეენარჩუნებინა, თავის თავზე აიღო დადგმის ხარჯების დაფარვა. 10-წლიანი მაუწყებლობის განმავლობაში პროდიუსერების, ბრაიტის, კაუფმანისა და კრეინის ანაზღაურება 70 მილიონ დოლარს შეადგენდა, ხოლო ვარსკვლავებისა – 100 მილიონ დოლარს. შედეგად, მათი ხელფასიც მოკრძალებული 22,500 დოლარიდან 1 მილიონამდე გაიზარდა თითო ეპიზოდისთვის. ამ დროისათვის ჯენიფერ ენისტონი, კორტნი კოქსი და ლიზა კუროუ ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები იყვნენ.

შოუს რეალური მოგება NBC-სგან სერიალის რეგულარულად გაშვების ლიცენზიის ყიდვამ მოუტანა. პირველი ოთხი წლის განმავლობაში, როდესაც თითქმის 100 ეპიზოდი უკვე გადაღებული იყო, Warner Bros-მა მიიღო გადაწყვეტილება, ხელმეორედ ეჩვენებინა ეპიზოდები ადგილობრივ სამაუწყებლო კომპანიებში ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ. ამ გაყიდვების შედეგად მან 4.8 მილიარდი დოლარი მიიღო, თუმცა თანხის ეს ოდენობა DVD-ის გაყიდვებიდან მიღებულ შემოსავლებს არ მოიცავს.

განმეორებითი ჩვენებებიდან მიღებული შემოსავლების წილს სერიალის შემქმნელები და მსახიობები დღემდე ინაწილებენ. S&P Global-ის მონაცემებისა და ადვოკატების, აგენტების, აღმასრულებელი პირების განცხადებებზე დაყრდნობით, მსახიობებს წლიურად 260 მილიონი სუფთა მოგება რჩებათ ამ საქმიანობიდან, ხოლო ბრაიტს, კაუფმანსა და კრეინს 475 მილიონი, მიწოდების, მარკეტინგისა და ადმინისტრაციული ხარჯების გათვალისწინების გარეშე.

მიუხედავად სარფიანი შემოსავლისა, სერიალის ექვსი ვარსკვლავი კვლავ აგრძელებს ტელევიზიასა და კინო-სფეროში მოღვაწეობას. მათ შორის ყველაზე დიდი ფინანსური წარმატება ჯენიფერ ენისტონს ხვდა წილად, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ იგი წლების განმავლობაში Forbes-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების სიაში ხვდება.  2017 წელს Forbes-მა ენისტონის ქონება 200 მილიონ დოლარად შეაფასა. ეს მაჩვენებელი ითვალისწინებს „Friends“-დან, სხვა სამსახიობო და სამოდელო საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალსაც.

სულ ახლახან, ენისტონმა Apple TV-ის სატელევიზიო დრამის „The Morning Show“ თითო ეპიზოდში 1 მილიონი დოლარი და ემის ნომინაციაც მიიღო.