ახალი ტიპის კორონავირუსის ფართოდ გავრცელების შემდეგ უფრო და უფრო მეტი ჩვენი მეგობარი ხვდება კარანტინში, ზოგიერთს კი COVID-19-ის ტესტზე დადებითი პასუხი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მეგობარი ახალი ვირუსით არის ინფიცირებული.
საყოველთაო პანიკისას, ხშირად გვიჭირს კონცენტრირება სხვა ადამიანების პრობლემებზე, თუმცა, როდესაც ჩვენი მეგობრები აღმოჩნდებიან იმავე
პრობლემის წინაშე, რაღაც დროის განმავლობაში ვფიქრობთ – როგორ მოვიქცე ახლა, რა მივწერო, რას შვრება და ა.შ.
იგივე საფიქრალი გამიჩნდა მეც, როდესაც ჩემმა მეგობარმა, რომელიც უნგრეთში სწავლობს, შემატყობინა მის საერთო საცხოვრებელში კორონავირუსის შემთხვევის დადასტურება. გიორგი უკვე მესამე დღეა კარანტინში იმყოფება. ვირუსი აღმოაჩნდა გოგონას, რომელიც გიორგის მეგობრებთან ერთად იზიარებდა ოთახს საერთო საცხოვრებელში, ცხადია, ჩემს მეგობარსაც ჰქონდა ინფიცირებულთან ყოველდღიური კონტაქტი.
ამბის გაგებიდან მოყოლებული პერიოდულად ვწერ: „როგორ ხარ?“, „რა ხდება?“, „შენებმა გაიგეს?“ და ა.შ. ამ ბლოგის წერას სანამ დავიწყებდი, ისევ მივწერე – სიმპტომები ხომ არ გაქვს-მეთქი.

ახლა კი გადავწყვიტე, რომ თქვენც გაგიზიაროთ ამ რამდენიმედღიანი მიმოწერის გამოცდილება, ვფიქრობ, არ არის მარტივი ასეთ დროს კომუნიკაცია მეგობართან, ხშირად სათქმელს თავს ვერ ვუყრით, გვერიდება და ა.შ.
მოვიკითხოთ, ნუ მოგვერიდება
კითხვაზე, რა სჭირდება ახლა ყველაზე მეტად, მარტივად მპასუხობს – კონტაქტი და ყურადღება. უნგრული კარანტინი ცოტა უცნაური კია, სამნი არიან ერთ სივრცეში, მაგრამ კომუნიკაცია მეგობრებთან უფრო მოსწონს – თუმცა, არც დისტანციური ზედმეტი მზრუნველობა ვარგა, ზომიერება აქაც საჭიროა.
მნიშვნელოვანი დეტალია კომუნიკაციის ფორმაც, მოსწონს, როდესაც საუბრისას მეგობრებს ხედავს – ასე უფრო ბუნებრივად გრძნობს თავს, დროც უფრო მარტივად გადის. შესაბამისად, როგორც არ უნდა გვეზიზღებოდეს საკუთარი თავი კამერებში (და ამ შემთხვევაშიც არ ხართ ერთადერთი), აუცილებლად ვიდეოზარით ვუკავშირდებით.
ნუ შევაშინებთ
ასეთ დროს მნიშვნელოვანია მეგობარი პანიკაში არ ჩავაგდოთ – ნუ ვისაუბრებთ მხოლოდ კორონავირუსზე და მასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე. ნუ დავიჩემებთ, რომ კონკრეტული ასაკის ან ჯანმრთელობის პრობლემის მქონეები არიან რისკ-ჯგუფი, ნუ მოვუყვებით ამ ვირუსით გარდაცვლილების ამბავს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსის არსებობა ამოვიგდოთ თავიდან – უბრალოდ შევზღუდოთ ამ ნეგატივის მოცულობა და გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი მეგობარი ელოდება 14-დღიანი პერიოდის დასრულებას, რათა დაზუსტებული პასუხი ჰქონდეს კითხვაზე – თვითონაც აქვს თუ არა ახალი ტიპის კორონავირუსი.
შევზღუდოთ საჯარო აქტივობა
კარანტინში მყოფი ადამიანები ხშირად სტრესულ გარემოში, ვიწრო ოთახებში არიან – ფაქტობრივად შეზღუდული აქვთ ყველა ის თავისუფლება, რაც სხვებს გაგვაჩნია. გარესამყაროსთან კომუნიკაციის ერთადერთი გზა სოციალური ქსელებია. განიცდიან, როდესაც გარეთ ვერ გადიან – შესაბამისად, როდესაც ჩვენს პოსტებში ან „story-ზე“ ჩვენი გართობა ან სეირნობაა ასახული, უფრო უმძაფრდებათ განცდა, რომ ჩაკეტილები არიან პატიმრებივით. გამოსავალი მარტივია, შევზღუდოთ აუდიტორია მსგავს პოსტებზე (დავუმალოთ ასეთი კონტენტი ჩვენს მეგობარს).
ვურჩიოთ, როგორ გაიყვანოს დრო
ყველაზე სასარგებლო, რაც ახლა შეგვიძლია გავაკეთოთ მეგობრისთვის – ვურჩიოთ ჩვენთვის საყვარელი ფილმები, გავუზიაროთ ფავორიტი მუსიკალური ალბომები, გადავუგზავნოთ ელექტრონული წიგნი, „დავპატიჟოთ“ სხვადასხვა მუზეუმების ვირტუალურ ტურებზე. მოკლედ რომ ვთქვათ, დავეხმაროთ 14-დღიანი კარანტინის საინტერესოდ დასრულებაში.
ცხადია, ყველა სხვა ფაქტორი დამოკიდებულია მეგობარსა და მის ხასიათზე. თქვენს მეგობრებს კი ჩემზე უკეთ თქვენვე იცნობთ და თავადვე უკეთ განსჯით, დამატებით რა აქტივობები შეგიძლიათ დაგეგმოთ მის გასამხნევებლად.
PS: თუკი თავად ხართ კარანტინში, ნუ მოგერიდებათ, მისწერეთ მეგობრებს, გააგებინეთ თქვენი მდგომარეობის შესახებ – ასე უფრო შეიმსუბუქებთ იმ 14-დღიანი ლოდინის რეჟიმს, რომელშიც ახლა იმყოფებით.