საფრანგეთის პრემიერმინისტრი გეგმას შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით სამშაბათს წარადგენს

საფრანგეთის პრემიერმინისტრი, ედუარდ ფილიპი, სამშაბათს, 28 აპრილს, პარლამენტის წინაშე ქვეყანაში არსებული მკაცრი შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით სამთავრობო გეგმას წარადგენს.

პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებით, საფრანგეთში მკაცრი იზოლაცია 17 მარტიდან ამოქმედდა და 11 მაისამდე გასტანს. მისი განცხადებით, 11 მაისიდან შეზღუდვების ეტაპობრივად გაუქმებაა მოსალოდნელი, – აღდგება სკოლებისა და საბავშვო ბაღების ფუნქციონირება და უამრავ მოქალაქეს შეეძლება, დაუბრუნდეს კუთვნილ სამუშაო გარემოს.

მოცემული დროისათვის ქვეყანა უკვე შეძლებს მოქალაქეთა ნიღბებით უზრუნველყოფასა და დაავადების სიმპტომების მქონე თითოეული ინდივიდის ტესტირებას.

აღსანიშნავია ისიც, რომ მკაცრი შეზღუდვების გაუქმება არ არის მოსალოდნელი მთელი ქვეყნის მასშტაბით. სავარაუდოდ, ზოგიერთ არეალში მიღებული რეგულაციები კვლავ ძალაში დარჩება, რათა არ განმეორდეს ვირუსის გავრცელების მორიგი ტალღა.