STEM-ის მომავალი პროფესიონალი | ფინალისტების ახალი თავგადასავალი

STEM-ის მომავალი პროფესიონალი თავისუფალი უნივერსიტეტის ალუმნი ფონდის საგრანტო კონკურსია, რომლის ფარგლებშიც კომპიუტერული მეცნიერებების, მათემატიკისა და ინჟინერიის სკოლის გამორჩეული ხედვებისა და მიზნების მქონე გოგო სტუდენტს 2020-2021 სასწავლო წელს თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლის საფასური დაუფინანსდება.

STEM-ის მომავალი პროფესიონალის შექმნის იდეა თამარ მენთეშაშვილს ეკუთვნის, მაქსის სტუდენტი გოგონას სწავლის დაფინანსების ინიციატივა მის რეალობაში დანახული ნაპრალიდან და გამოცდილებიდან ჩათვალა მნიშვნელოვნად. ფიქრობს, რომ თავისუფალმა უნივერსიტეტმა და კახა ბენდუქიძემ გადამწყვეტი როლი ითამაშეს მისი ცხოვრების მიმართულების განსაზღვრაში და ახლა უკვე მზადაა, ალუმნი ფონდის მეშვეობით თვითონაც დაეხმაროს სხვა გოგონებს. კონკურსში მონაწილეობა STEM მიმართულებით დაინტერესებულმა გოგონებმა მიიღეს, რომლებმაც  ფინალამდე რთული ეტაპი და გამოწვევებით სავსე გზა გაიარეს. ამის შესახებ ისინი თავად მოგვიყვებიან, მაგრამ იქამდე უნდა აღვნიშნოთ, რომ “STEM-ის მომავალი პროფესიონალის“ შესარჩევმა კომისიამ გამარჯვებულს, თამთა თოფურიას, მთავარი ჯილდო, ხოლო  გამორჩეულ ფინალისტებს ერთჯერადი სტიპენდიები გადასცა.

უპირველესად დავინტერესდით, ზოგადად რა დაბრკოლებები ხვდებათ დღეს STEM სფეროთი დაინტერესებულ სტუდენტ გოგონებს და რამდენად მნიშვნელოვანია ქალების ჩართულობა ამ სფეროში:

ნეფელი მუმლაძე:რთულია, იყო ქალი, რომელსაც ბავშვობიდანვე ხშირად ესმის, რომ მისი ინტელექტი სრულფასოვნად ვერ წვდება მეცნიერებას, რომ იგი საკმარისი ვერ იქნება ამ სფეროში მოღვაწეობისთვის – ეს ხომ “ქალის საქმე არაა”.  გულდასაწყვეტია, როდესაც უამრავი პერსპექტიული გოგონა ერიდება ამ სფეროებში განვითარებას სწორედ იმ მიზეზების გამო, რომლებიც მხოლოდ წარსულის ცრურწმენებზეა დამყარებული.“

ნეფელი მუმლაძე

ანასტასია კვინიკაძე: „რამდენად მნიშვნელოვანია ქალების ჩართულობა? -იმდენად, რამდენადაც კაცების ჩართულობაა მნიშვნელოვანი. კაცებსა და ქალებს შორის დიდი დისბალანსი რომ არსებობს, განსაკუთრებით კონკრეტულად კომპიუტერული მეცნიერებების სფეროში, მაგის დასაჯერებლად არც გვჭირდება კონკრეტული სტატისტიკებისა და რიცხვების მოყვანა. ამაში პრობლემაც არ იქნებოდა, რომ არა ასეთი სურათის ჩამოყალიბებაში სტემ სფეროსთან დაკავშირებული სტერეოტიპების როლი.“

შემდეგ კი გოგონებს ვთხოვეთ, გაეხსენებინათ თუ საიდან გაიგეს არსებული კონკურსის შესახებ და მოეყოლათ თავიანთი შთაბეჭდილებები:

თამთა თოფურია:როგორც კი გავიგე ალუმნი ფონდის შესახებ, მივხვდი, რომ ძალიან კარგ საქმეს აკეთებდნენ და ვიფიქრე, მომავალში მეც დიდი სიამოვნებით შევიტანდი წვლილს ამ საქმეში, თუმცა იმას ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემამდე ჯერ თავად ალუმნი ფონდი დამიდგებოდა გვერდში. კონკურენცია დიდი და მრავალფეროვანი იყო, რადგან მაქსელი გოგონებიდან თითოეული უნიკალური მხრივაა საინტერესო, როგორც პროგრამისტული კუთხით, ასევე პრობლემების გადაჭრის თავისებური მიდგომითა და დეველოპმენტის ძალიან კრეატიული სტილით.“

თამთა თოფურია

სოფიკო ქურდაძე:საგრანტო კონკურსის შესახებ საუნივერსიტეტო ელ. ფოსტის წყალობით გავიგე. პირველად რომ შეგვატყობინეს, მხოლოდ მაქსელი გოგონებისთვისააო, გამიკვირდა. კითხვებმა ჯერ შემაშინა, შემდგომ დამაფიქრა და ბოლოს საკუთარი თავი აღმომაჩენინა. მივხვდი, რა შედეგითაც არ უნდა დასრულებულიყო კონკურსი, მე ჩემი წილი გამარჯვებისა უკვე მქონდა- ასეთი იყო ჩემთვის შესარჩევი პერიოდი.“

სოფიკო ქურდაძე

თამთასა და სხვა ფინალისტებს ვკითხეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის მიღწეული წარმატება და რა ისწავლეს მიღებული გამოცდილების შედეგად:

ნანა როგავა: „ამ კონკურსმა კიდევ ერთხელ დამანახა, რომ გოგონების აქტიური ჩართულობა ამ სფეროში მნიშვნელოვანია. ასევე გამიჩნდა სურვილი, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი წარმატებული ადამიანი გავიცნო და მათი ხედვები გავიზიარო, გამოცდილების დაგროვების შემდეგ კი მეც შევიტანო ჩემი წვლილი და სხვა გოგონებს დავეხმარო გზის გაკვალვაში სტემ მიმართულებით.“

ნანა როგავა

ნეფელი მუმლაძე:  „სტიპენდია ნამდვილად მოულოდნელი და წამახალისებელი ასპექტი იყო ფინალისტებისთვის. ვფიქრობ, ამან უფრო დიდი მოტივაცია მომცა და ერთგვარად დამარწმუნა ჩემს შესაძლებლობებში. თუმცა მაინც ვთვლი, რომ კონკურსის განმავლობაში მიღებული გამოცდილება და ცოდნა უფრო ძვირფასი აღმოჩნდა ჩემთვის. ამ კონკურსმა, პირველ რიგში, კიდევ უფრო სიღრმისეულად დამაფიქრა გოგონების ჩართულობაზე STEM სფეროში და მიმახვედრა, რომ მეც მინდა ამ აუცილებელი ცვლილების ნაწილი ვიყო.

თამთა თოფურია: ამ კონკურსში გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რამდენადაც “STEM-ის მომავალმა პროფესიონალმა” მომცა საშუალება, უფრო მეტად ვკონცენტრირდე პროფესიულ განათლებასა და თვითგანვითარებაზე და ნაკლებად ვიფიქრო ამისთვის საჭირო ფინანასების მობილიზებაზე. მომავალში ვგეგმავ სწავლის გაგრძელებას მაგისტრატურის საფეხურზე.  თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, მეც მინდა, რომ ახალგაზრდა პროგრამისტებს დავეხმარო ფინანსურად მათთვის ყველაზე რთულ პერიოდში.“

STEM-ის მომავალი პროფესიონალი ამ სფეროთი დაინტერესებული გოგონებისთვის ახალი და საინტერესო თავგადასავალი აღმოჩნდა. მსგავსი კონკურსები ხელს უწყობს გოგონების ჩართულობას, მათთვის მოტივაციისა და გამოცდილების მიღებას  პროგრამირების სფეროში. ამ სფეროთი დაინტერესებულ გოგონებისთვის კი გამარჯვებულ თამთა თოფურიას განსაკუთრებული მესიჯი აქვს:

„გირჩევთ, რომ არ შეშინდეთ რთული გამოწვევებით და დასახული მიზნის მისაღწევად კონკრეტული ნაბიჯები გადადგათ, შემდეგ დრო გამოყოთ მათ შესასრულებლად და ეტაპობრივად ყველაფერი გამოვა. პროგრამირება ძალიან ღრმა და საინტერესო სფეროა, თუმცა, ჩვენ სხვადასხვა დაბრკოლების გადალახვის შემდეგ შეგვიძლია დავინახოთ ნებისმიერი კომპიუტერის პოტენციალი, რომელიც ბევრად მეტია იმაზე, რასაც მათთან პირველი კონტაქტისას ვფლობთ. დავინახოთ, რომ ამ პოტენციალის მიღწევა ჩვენვე შეგვიძლია.“

ასე რომ ჩვენი რჩევაა, დასახული მიზნების მისაღწევად აუცილებლად იბრძოლოთ და პოტენციალი, რომელიც თქვენშია განავითაროთ, რადგან სწორედ ასე შეძლებთ განახორციელოთ თქვენი იდეები და  თან STEM სფეროსთან დაკავშირებული სტერეოტიპებიც დაამსხვრიოთ.