თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს

საქართველოში გამოცემული ჟურნალების რედაქტორები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობას უცხადებენ და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.

2019 წლის 9 ნოემბერს უკანონოდ დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, ცხინვალის ციხეში, ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფება. ექიმი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. ვაჟა გაფრინდაშვილმა საზღვარი არ აღიარა, რაც მისი თავისუფლების გარანტი გახდებოდა და სწორედ ამის გამო აღიძრა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე. მას 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ექიმის გათავისუფლების საქმეში ჩართულია ყველა, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები. მიუხედავად მრავალი დაპირებისა, ვაჟა გაფრინდაშვილი კვლავ ტყვეობაში რჩება.

მიგვაჩნია, რომ ჩვენი, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროს და ბეჭდური მედიის წარმომადგენლების მოვალეობაა ვიზრუნოთ საქართველოს მოქალაქეზე და მოვითხოვოთ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან დახსნა. ყოველი დღე და საათი მნიშვნელოვანია ასეთ დროს. უკიდურეს სისასტიკედ მიგვაჩნია ექიმის დაპატიმრება, ადამიანის, რომელიც მძიმე პაციენტის მოსანახულებლად იყო ჩასული. მოუთმენლად ველით მის ოჯახში დაბრუნებას.

ნინო ჯიბლაძე – OK Magazine Georgia – მთავარი რედაქტორი
მარიამ სპარსიაშვილი – Forbes Woman Georgia – აღმასრულებელი რედაქტორი
ქეთა ლომიძე – Forbes Woman Georgia – არტ დირექტორი
გიორგი ისაკაძე – Forbes Georgia – მთავარი რედაქტორი
ელენე კვანჭილაშვილი – Forbes Georgia – აღმასრულებელი რედაქტორი
გიორგი შარაშიძე – Entrepreneur Georgia – მთავარი რედაქტორი
ეკა ხოფერია – City Magazine Georgia – მთავარი რედაქტორი