როულინგი, რუშდი და ეტვუდი ცენზურის საფრთხის შესახებ გვაფრთხილებენ

Composite: AP, Getty, Tim Knox

ცნობილი მწერლები, ჯოან როულინგი, სალმან რუშდი და მარგარეტ ეტვუდი 7 ივლისს Harper’s Magazine-ში ღია წერილს აქვეყნებენ, რომელიც სიტყვის თავისუფლების საფრთხეს შეეხება. მას 150-ზე მეტი მწერალი, მხატვარი, აკადემიკოსი და აქტივისტი აწერს ხელს, რომელთა შორის ნოამ ჩომსკი, გლორია სტაინემი, მარტინ ემისი, ბარი ვაისი და დევიდ ბრუკსი არიან.

წერილში ვკითხულობთ:

,,კულტურული ინსტიტუტები განსაცდელის წინაშე დგანან… ინფორმაციისა და თავისუფალი იდეების გაცვლა ლიბერალური საზოგადოებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. თუმცა, ცენზურა ფართოდ გავრცელდა, საპირისპირო შეხედულებების შეუწყნარებლობა, დისკუსიის შეზღუდვა,  ადამიანების დევნა და საჯარო დამცირება კი ტენდეციად იქცა. ჩვენ მხარს ვუჭერთ მწვავე აზრების გამოთქმას… როგორც მწერლებს, გვჭირდება კულტურა, რომელიც გვაძლევს ექსპერიმენტების, რისკებისა და შეცდომების დაშვების საშუალებას.“

,,ჰარი პოტერის“ ავტორი, ჯოან როულინგი, რამდენიმე კვირის წინ ტრანსფობიაში დაადანაშაულეს. ტრანსგენდერებთან დაკავშირებული მოსაზრებების გამოთქმის გამო, იგი სოციალურ მედიაში მრავალმა ადამიანმა გააკრიტიკა. როულინგი კი აცხადებს, რომ ამაყობს, რადგან ლიბერალური საზოგადოების ფუნდამენტური პრინციპების დასაცავად წერილს ხელს აწერს.