პრეზიდენტ მაკრონის განცხადების თანახმად, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, საფრანგეთში სხვადასხვა სახის შეზღუდვა იხსნება.
კერძოდ, მთელი სახელმწიფოს მასშტაბით გაიხსნება ბარები და რესტორნები, 22 ივნისიდან კი სკოლებში სასწავლო პროცესი აღდგება.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა წარადგინა სახელმწიფოს წინსვლისთვის განკუთვნილი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს პარიზში ახლახან მომხდარი საპროტესტო აქციების მოთხოვნებსა და ამასთანავე, ეკონომიკური განვითარების გეგმას.
სატელევიზიო გამოსვლაში მაკრონმა ისაუბრა მსოფლიო პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზეც და ხაზი გაუსვა დამოუკიდებლობის საკითხს. კერძოდ კი იმას, რომ საფრანგეთი ნაკლებად იქნება სხვა ქვეყნებზე დამოკიდებული პირველადი დახმარების რესურსებისა და პერსონალური დაცვითი აღჭურვილობის მომარაგების თვალსაზრისით.
მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ პანდემიის განმეორების შემთხვევაში, ქვეყანა აღარ დადგება იმგვარი კარანტინის საჭიროების წინაშე, როგორიც ახლო წარსულში იყო გამოცხადებული.