პროტესტის მიუხედავად, “ფორდი” აშშ-ის პოლიციასთან თანამშრომლობას გააგრძელებს

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. მათ შორიაა პეტიცია, რომელიც კომპანია “ფორდს” მოუწოდებს, შეწყვიტოს თანამშრომლობა პოლიციასთან.

პეტიციას 1 თვეში, დაახლოებით, 12 000 ხელმოწერა დაუგროვდა. ამავე პოზიციას იზიარებს კომპანიაში დასაქმებულთა ნაწილიც.

Ford Interceptor ამერიკაში ყველაზე გაყიდვადი საპატრულო მანქანაა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ეს მოდელი იყო გამოყენებული ფლოიდის მკვლელობის დღეს. მართალია, “ფორდი” არ ასახელებს, თუ რა რაოდენობის მანქანებს ამზადებს ამერიკის საპატრულო პოლიციისათვის, თუმცა, ინდუსტრიის ექსპერტების თანახმად, ბაზრის, დაახლოებით, 60 პროცენტი სწორედ მას უჭირავს.

“ფორდის” მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელის, ჯიმ ჰაკეტის, განცხადებით, კომპანია არ დააკმაყოფილებს ხალხის მოთხოვნას და გააგრძელებს ამერიკის პოლიციისთვის მანქანების დამზადებას. მან აღნიშნა, რომ “ფორდის” თანამედროვე მანქანების გამოყენება უკეთესია როგორც პოლიციისთვის, ასევე, ხალხისათვის.

შეგახსენებთ, რომ “ფორდთან” დაკავშირებულ პროტესტამდე პოლიციასთან თანამშრომლობა შეზღუდეს Microsoft-მა, Amazon-მა და IBM-მა. ისინი სამართალდამცველებს ვინაობის ამომცნობ პროგრამულ უზრუნველყოფას ლიმიტირებულად მიაწვდიან.