Forbes: მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალები

გავლენიანმა ამერიკულმა ბიზნეს-გამოცემამ Forbes 2019 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალი დაასახელა. სია აერთიანებს ქალებს ბიზნესიდან, ტექნოლოგიებიდან, მედიიდან, პოლიტიკიდან და  ქველმოქმედებიდან. წარმოგიდგენთ ამ სიის პირველ ათეულს.

ანგელა მერკელი გერმანიის პირველი ქალი კანცლერია, რომელიც ქვეყანას სათავეში 2005 წლიდან უდგას. ის უკვე მეოთხე ვადით არის არჩეული. მერკელი კვლავ რჩება ევროპის ერთ-ერთ გამოკვეთილ ლიდერად, რომელიც რეგიონის ყველაზე დიდ ეკონომიკას უძღვება.

კრისტინ ლაგარდი პირველი ქალია, რომელიც ევროპის ცენტრალურ ბანკს ხელმძღვანელობს. მან ეს პოზიცია 2019 წლის 1 ნოემბერს დაიკავა. მანამდე ლაგარდი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობდა, ამ შემთხვევაშიც ის პირველი ქალი იყო მსგავს პოზიციაზე.

ნენსი პელოსი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერია. ის ყველაზე მაღალ პოსტზე არჩეული ქალია აშშ-ის ისტორიაში.  2019 წელს ნენსი პელოსიმ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. ის აშშ-ს პრეზიდენტის მემკვიდრეობით ხაზში რიგით მეორეა, ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პომპეოს შემდეგ.

ურსულა ფონ დერ ლიაიეინი ევროკომისიის პრეზიდენტია 2019 წლის ივლისიდან. ის პირველი ქალია, რომელმაც ჩაიბარა აღნიშნული ინსტიტუტის მართვა. 2019 წლამდე ლიაიეინი ანგელა მერკელის მინისტრთა კაბინეტის ყველაზე სტაჟიანი წევრი იყო. მას თავდაცვის მინისტრის პოზიცია ეკავა.

მერი ბარა ჯენერალ მოტორსის აღმასრულებელი დირექტორია 2014 წლიდან. მან მილიარდობით დოლარის ინვესტიცია განახორციელა ელექტრო და თვითმართვადი მანქანებისა და მგზავრობის გაზიარების სერვისის „Maven“ განვითარებაში. კვლევის „2018 წლის გლობალური ანგარიში გენდერულ თანასწორობაზე“ თანახმად, ჯენერალ მოტორსი პირველ ადგილზეა გლობალურ კომპანიებს შორის, სადაც სახელფასო სხვაობა გენდერის ნიშნით არ არსებობს.

მელინდა გეითსი ყველაზე გავლენიანი ქველმოქმედი ქალია. 2000 წელს მან მეუღლესთან ერთად დააფუძნა საქველმოქმედო ფონდი             „ბილ და მელინდა გეითსების ფონდი“, რომელმაც შემოწირულობების სახით 40 მილიარდამდე აშშ დოლარი შეაგროვა. გეითსის სამომავლო გეგმაა შეამციროს სქესის ნიშნით გამოწვეული სხვაობა დამწყები ბიზნესების დაფინანსებაში.

აბიგაილ ჯონსონი Fidelity Investments-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა. ის კომპანიის 24.5%-ის მფლობელია, რაც დაახლოებით 2.7 ტრილიონი დოლარის ტოლფასია. მართალია მას ქონება მემკვიდრეობით ერგო, თუმცა, როგორც კომპანიის, ისე ჯონსონის პირადი ქონების ზრდა მისი მმართველობის პერიოდს უკავშირდება.

ანა პატრისია ბოტინი ესპანელი ბანკირია. ის Santander ჯგუფის აღმასრულებელი თავმჯდომარეა. 2017 წელს ბოტინიმ გაკოტრების პირას მყოფი Banco Popular (BP) 1 ევროდ შეიძინა და  Banco Santander ესპანეთის უმსხვილეს ბანკად აქცია. მანვე საუნივერსიტეტო ანტერპრენერშიფის მხარდასაჭერად დააფუძნა Santander X. Santander-ის 200 მილიონიანი ფონდიდან დაფინანსდა Ripple, Kabbage და Digital Asstet Holdings.

ჯინი რომეტი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ტექნოლოგიური კომპანიის, IBM-ის ვეტერანია 36 წლიანი სამუშაო გამოცდილებით. ის პირველი ქალი დირექტორია კომპანიისთვის. რომეტის ძალისხმევით კომპანიამ მონაცემების მიმართულებით დაიწყო მუშაობა. 2017 წელს კომპანიამ შემოსავლების ნახევარი სწორედ ახალი მიმართულებიდან მიიღო. რომეტის გადაწყვეტილებით კომპანიის სტრატეგიულ მიმართულებებად ბლოკჩეინი და კვანტური კომპიუტინგი განისაზღვრა.

მერილინ ჰიუსონი თავდაცვითი ტექნოლოგიების კომპანიის Lockheed Martin-ის აღმასრულებელი დირექტორია. საბრძოლო თვითმფრინავ F-35-სა და სხვა პროგრამებზე მუშაობით კომპანიის საბაზრო ღირებულება თითქმის 100 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა.

ყველაზე გავლენიანი ქალების სრული ასეული შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: Forbes