„თანამედროვე ხელოვნება თავისი არსით რთულია, წინააღმდეგობრივი და, როგორც ჩვენი ცხოვრება, „უნივერსალურ იდეალებსა“ და „უეჭველ რწმენებს“ არ ეფუძნება“ – ამბობს ნინო მაჭარაშვილი, ხელოვნების კურატორი და FLAG Art ჯგუფის დირექტორი.
ნინო დამთვალიერებელს სწორედ იმ უცნაური და მრავალფეროვანი სამყაროს მნიშვნელობას განუმარტავს, რომელსაც თანამედროვე ხელოვნება ქმნის. ეს სამყარო მუდმივად ვითარდება, იცვლება და ცდილობს, თავისებურად უპასუხოს ჩვენი ცხოვრების გამოწვევებს.
განსაკუთრებით ახლა, როცა COVID-19-ის პანდემიამ რადიკალურად შეცვალა მილიონობით ადამიანის ცხოვრების წესი და უამრავი აქტივობა, მათ შორის, ხელოვნება და კულტურა, ვირტუალურ სივრცეში გადაიტანა, ხელოვანებს უწევთ, ახალი გზები გამონახონ აუდიტორიასთან ურთიერთობისთვის. როგორც ნინო მაჭარაშვილი ამბობს, „ხელოვნება არსებობის ახალ ფორმებს პოულობს, რადგანაც იგი უნივერსალური ენაა, რომელმაც აჩვენა, რომ შესწევს ძალა – გარდაქმნას. ხელოვნება ზოგს იმედს აძლევს და ბევრისთვის იგი რეალობისგან თავშესაფარია.“
COVID-19-ის პანდემიამდე დიდი ხნით ადრეც ნინო მაჭარაშვილი ციფრულ სამყაროში ხელოვნების გადმოტანის სირთულეებს იკვლევდა და აკვირდებოდა, როგორ გარდაქმნის ეს პროცესი მის ბუნებას. არსებითად, თანამედროვე ხელოვნებაც ესაა – მუდმივად კითხვების დასმა რეალობისთვის, სოციალური ნორმებისათვის და მაჭავარიანიც, როგორც კურატორი, დამთვალიერებლებს ეხმარება „თარგმნონ“ თანამედროვე შემოქმედების არაორდინალურ ფორმებში დამალული მნიშვნელობები, განზრახვები, ჩაწვდნენ ხელოვნების ნიმუშის შრეებს თანდათანობით, ვიდრე სიმართლე წარსულის, აწმყოს და ზოგჯერ მომავლის შესახებ არ გამოაშკარავდება.
პანდემიის პირობებში მაჭარაშვილი ხელოვანებს ურჩევს, ეს ექსტრაორდინალური პირობები თავიანთი კრეატიულობის გასააქტიურებლად გამოიყენონ, რადგან COVID-19-თან ერთად ჩვენ წინაშე ახალ კითხვებზე პასუხის პოვნა და ახალი იდეების აღმოჩენა ხდება საჭირო.
„შემოქმედებითი ადამიანების მოწოდებაა, რომ შექმნან და მიუხედავად იმისა, რომ, ზოგერთის აზრით, 2020 წელი „გაუქმდა“ – კულტურა არ გაუქმებულა.“
მკითხველს ვთავაზობთ ნინო მაჭარაშვილის ინტერვიუს Forbes-თან.
როგორ ხედავთ პოსტ-პანდემიურ ხელოვნების სამყაროს?
ჩვენ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ერაში ვცხოვრობთ. ციფრულმა რევოლუციამ ფუნდამენტურად გარდაქმნა სამყარო, ხოლო 2020 წელს კორონავირუსის პანდემია აიძულებს მთელ მსოფლიოს, ონლაინ-რეჟიმში იცხოვროს. მასობრივი შეკრებები, როგორებიცაა ხელოვნების ფორუმები, გამოფენები, ფესტივალები და კონცერტები, კარანტინის შემდეგ, ალბათ, ყველაზე გვიან განახლდება. ზოგიერთი ღონისძიება შემოდგომაზე გაიმართება, მაგრამ ზოგი 2020 წელს საერთოდ აღარ ჩატარდება.
ხელოვანები და ხელოვნების ორგანიზაციები ცდილობენ, ადაპტირდნენ ცვლილებებთან, ჩაატარონ გამოფენები ვირტუალურად და მოაწყონ შეხვედრები zoom-ის საშუალებით. ჩემთვის ძალიან საინტერესოა ამ პროცესებზე დაკვირვება, განსაკუთრებით – ადამიანების ქცევაზე ონლაინ-სივრცეში. ის, რაც ადრე მხოლოდ ოფიციალური სამუშაო ზარებისთვის იყო განკუთვნილი, ახლა Zoom-ში ჩემი შეხვედრები განსაკუთრებით ინტიმური სივრცე გახდა ემოციებისა და სირთულეების გაზიარებისთვის.
The Immigrant Artist-ის სესია, რომელიც zoom-ის საშუალებით გაიმართა, ჩემს გულს შეეხო. ეს თვითიზოლაციის დასაწყისში იყო და ყველანი დასტრესილნი, მგრძნობიარენი და ახალ პირობებთან შეუჩვეველნი ვიყავით. ხელოვანები საუბრობდნენ ხელოვნების ნიმუშის შექმნისას კონცენტრირების სირთულეებზე. ერთ-ერთმა მონაწილემ იტირა კიდეც, როცა მისი ოჯახის და იმიგრაციის შესახებ ყვებოდა, რომლის გამოც ახლა მარტო იყო ნიუ-იორკში და ჩვენ ვიყავით მისი ერთადერთი „ოჯახი“. ეს ვირტუალური შეხვედრა ყოველთვის მემახსოვრება – როგორ დაგვაშორა პანდემიამ ყველანი და, ამავდროულად, როგორ გავერთიანდით ყველა საერთო პრობლემის წინაააღმდეგ.
ვფიქრობ, რომ ეგზისტენციალური და გარემოსდაცვითი პრობლემები უფრო მეტად აირეკლება თანამედროვე ხელოვნებაში, ვიდრე ოდესმე.
ხედავთ რამე ახალ ტენდენციას, განსაკუთრებით ხელოვნების აუქციონებში?
მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ხელოვნების ნამუშევრების ონლაინ-შესყიდვები, ჩვეულებრივ პირობებში, შედარებით არაკომფორტულია, ამ სფეროს ღირებულება ყოველწლიურად იზრდება და 2018 წელს მან $67 მილიარდს მიაღწია.
პანდემიით გამოწვეული ცვლილება ძალიან სწრაფად მოხდა და რთული დასაჯერებელია, რომ მთელი ხელოვნების სამყარო ახლა ონლაინ-რეჟიმში მუშაობს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ბევრი ჩვენგანი ამჩნევს, რომ გალერიები და აუქციონები ახლა უფრო მეტად სახლის დიზაინის, ავეჯისა და მსგავსი საგნების ჩვენებებითაა დაკავებული. ამჟამად ფილიპსის აუქციონის – Hard-Edged: Online Auction-ის მიერ წარმოდგენილი 20 ნამუშევრიდან 12 უნიკალურ ავეჯს და სანათს წარმოადგენს. ახლა, როცა სახლი არის ერთადერთი სივრცე, სადაც დროს ვატარებთ, დეკორაცია (სახლის დიზაინი და დეკორი) უფრო მნიშვნელოვანი გახდა.
ვვარაუდობ, რომ ხელოვნების ნიმუშების ონლაინ-გაყიდვები, წინა წლებთან შედარებით, ნაკლები იქნება. მიუხედავად ამისა, სოთბის აუქციონი აანონსებს, რომ „კოლექციონერები ისევ აქტიურად ყიდულობენ ნამუშევრებს ონლაინ“. ისე, როგორც არასდროს, ახლა უნდა დავეხმაროთ ხელოვანებს და ამ სფეროს მცირე ბიზნესებს, როგორც შეგვიძლია.
ამ კრიზისმა გავლენა მოახდინა თითოეულ ინდივიდსა და ბიზნესზე – მცირესა თუ დიდზე, თუმცა დიდ გალერიებს, რომლებსაც რამდენიმე ინტერნაციონალური ფილიალი აქვთ, უფრო მარტივად შეუძლიათ ამ გამოწვევის დაძლევა, ვიდრე შედარებით მცირე ორგანიზაციებს. მინდა ოპტიმისტურად ვიფიქრო, მაგრამ, ცხადია, ბევრი მცირე სახელოვნებო ბიზნესი შეწყვეტს ფუნქციონირებას ამ წელს, უკვე გვაქვს ადრეული ნიშნები ამ ტრენდისა.
ბევრ ქვეყანას არ შეუძლია, დაეხმაროს სახელოვნებო და კულტურულ სფეროს, რადგან საზოგადოების უმრავლესობა ხელოვნებას ადამიანის არსებობის აუცილებელ საჭიროებად არ მიიჩნევს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეკონომიკის პირველადი საჭიროებები არაა დაკმაყოფილებული. როგორც ბრიტანელმა ხელოვნების ისტორიკოსმა, მაიკლ ბაქსანდალმა, ერთხელ თქვა, ხელოვნების ნიმუშები, სხვა რესურსებთან ერთად, „ეკონომიკური ცხოვრების საწვავია“.
როგორი იყო თქვენი გზა ხელოვნებაში?
ხელოვნება ბავშვობიდან მოყოლებული იყო ჩემი ცხოვრების ნაწილი. ბებიაჩემი კულტურის სახლის დირექტორი იყო საქართველოში და მან გამიზიარა თავისი სიყვარული ხელოვნების მიმართ. ჩვენ ერთად ვსტუმრობდით მუზეუმებს და გალერიებს თბილისში.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე და შემდეგ თანამედროვე ხელოვნების კვლევა დოქტორანტურაზე სწავლისას გავაგრძელე. სახელოვნებო სფეროში სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობის გამოცდილება მაქვს: თანამედროვე ხელოვნების გალერიებში და კრეატიულ სააგენტოებში ხელოვანების, გამოფენების, მუზეუმებისა და უნივერსიტეტებისთვის. ვმუშაობ ხელოვნების დამოუკიდებელ მუშაკად და ვარ არაკომერციული ორგანიზაციების ARCHEIΔ და „Art for Social Change” დამფუძნებელი.
ზოგჯერ არც ისე ადვილი იყო თავის გატანა ხელოვნების სპეციალისტისთვის საქართველოში და, ვფიქრობ, არამხოლოდ საქართველოში. თუმცა, ხელოვნებისადმი ჩემი სიყვარულის გამო, თავი ხელოვნებას მივუძღვენი და ყოველთვის ბედნიერი ვიყავი ჩემი არჩევანით.
სად ხედავთ თქვენს ყველაზე დიდ გავლენას?
თავს კოსმოპოლიტად ვთვლი, ვაფასებ ყველა კულტურასა და ქვეყანას. ამავდროულად, ბედნიერი ვარ, რომ დავიბადე საოცარ ქვეყანაში – საქართველოში. საქართველო ევროპული და აზიური მოტივების ნაზავია თავისი უნიკალური სტილით. თქვენ ძველი თბილისის პატარა სივრცეში ერთად იპოვით სინაგოგას, ძველ მართლმადიდებლურ ეკლესიას და მეჩეთს. დასავლური და აღმოსავლური ელემენტების ერთობა უნიკალურ ქართულ მოტივებად გარდაიქმნა, ამიტომაც არის ქართული კულტურა ასე გამორჩეული.
საქართველოს თანამედროვე ხელოვნების სცენა საინტერესო ნაწილია ხელოვნების საერთაშორისო სამყაროს სცენისა. რეალურად, თანამედროვე ქართული ხელოვნების დიდი ნაწილი ქვეყნის გარეთ მცხოვრები შემოქმედების მიერ იქმნება. მათგან ჩემი საყვარელი შემოქმედები არიან ანდრო ვეკუა, თეა ჯორჯაძე, ვაჟიკო ჩაჩხლიანი, თეა გვეტაძე, ქეთი კაპანაძე, მაია ნავერიანი, გია ეძგვერაძე, ეთერი ჭკადუა, კოკა რამიშვილი, თამუნა სირბილაძე. ისინი წამყვან მუზეუმებსა და გალერეებში აწყობენ გამოფენებს მსოფლიოს ირგვლივ. ჭკადუასთან ერთად ჩვენ ვგეგმავთ მესტიაში მულტიმედიური ინსტალაციის შექმნას სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში.
მაშინ, როცა მსოფლიოს წამყვან გამოფენებსა და ფორუმებზე ქართველ ხელოვანებს წარმოვადგენდი, მივხვდი, რომ მათზე გავლენას ახდენდა მსოფლიო ხელოვნების ტენდენციები და, ამავდროულად, მათი საკუთარი ხედვები. ისინი კონკურენციას უწევენ ინოვატორ თანამედროვე ხელოვანებს, იღებენ დაინტერესებას საერთაშორისო კოლექციონერებისა, კურატორებისა და პრესისაგან. ბოლო წლების განმავლობაში თანამედროვე ხელოვნების გალერიები თბილისშიც გამოჩნდნენ. 2018 წლიდან თბილისში ხელოვნების ბაზრობა – Tbilisi Art Fair. ჩვენ დიდი პროგრესი განვიცადეთ, თუმცა ძლიერი სახელოვნებო ბაზარი ჯერაც არ არსებობს საქართველოში.
აღწერეთ თქვენი კურატორობის ლოგიკა, გაგვიზიარეთ პროცესი, როგორ აგებთ ჯგუფურ შოუებს?
კურატორი ახალი ნარატივის შემქმნელია, ხელოვანთა ნამუშევრების უნიკალური გზით დაკავშირება, კონცეფცია და ამით ახალი ხელოვნების ნიმუშის შექმნა. ჩემი აზრით, კურატორი თავადაც ხელოვანია, თამაშობს ხატებით, ვიზუალით, კონცეპტებით და სივრცით. ერთი და იმავე ნამუშევრების სხვადასხვა კომბინაცია განსხვავებულ ემოციებსა და შეხედულებებს აღძრავს მნახველში. თუკი ბევრი ხელოვანის ნამუშევარი მეტისმეტად პირადულია და სტუდიაში რჩება, კურატორის ნამუშევარი საჯაროა და ყოველთვის ეფუძნება მნახველის თანამონაწილეობას.
გამოფენის შექმნა ჩემთვის ძალიან ინტიმური რიტუალია. ვცდილობ, კომპოზიცია გონებაში, ფურცელზე ან კურატორულ მოდელში ავაგო, ვიდრე ნამუშევრებს განვათავსებ. ყოველთვის მსურს, მოვუსმინო და გავითვალისწინო ხელოვანთა სურვილებიც. ვმუშაობ ბევრს, რათა ჩემი გამოფენები ეფუძნებოდეს კვლევას, ძლიერ კონცეფციას და სივრცეს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.
ამ ეტაპზე თქვენი ყველაზე დიდი მიღწევა საქართველოს სახვითი ხელოვნების მუზეუმის მთავარი კურატორობაა, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელიც ამ გამოცდილებამ გასწავლათ?
საქართველოს სახვითი ხელოვნების მუზეუმი ახალია, მასში დამფუძნებლების – გია ჯოხთაბერიძის და მანანა შევარდნაძის საოჯახო კოლექციებია გამოფენილი. 3500 ნამუშევარი საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ხელოვნების კოლექციებიდან მუზეუმის სამ სართულზეა განაწილებული. აქ მე დიდი მისია მქონდა, მეტი ძალა და მეტი პასუხისმგებლობები. დაახლოებით, 15 ახალგაზრდა ქალი იყო ჩემს გუნდში. იმის სწავლა, როგორ უნდა მემუშავა მთლიანობაში მუზეუმის წარმატებისთვის, ჩემი ყოველდღიური გაკვეთილი იყო.
დაბოლოს, რა არის ყველაზე მწვავე კითხვა, რომელზეც ახლა ფიქრობთ?
მე უბრალოდ ვფიქრობ სუფთა წყალზე ვენეციის არხებში ან იმაზე, რომ ჰიმალაები პირველად გახდა ხილვადი ბოლო ათწლეულების განმავლობაში მას შემდეგ, რაც კარანტინმა დაბინძურება შეამცირა. რა დიდი ცვლილება მოახდინა ჩვენმა „სახლში ჯდომამ!” შეგვიძლია, ასე გავაგრძელოთ? – სიტყვა „კულტურის“ ეტიმოლოგია დაკავშირებულია „კუტივაციას“, „დამუშავებასთან“, როგორც ნიადაგის, ისე – გონების. ახლა არის დრო, როცა დედამიწის ყველა მკვიდრი უნდა გაერთიანდეს ერთი იდეის ირგვლივ – ჩვენი სამყაროს გადარჩენა. ამ იდეასთან ერთად ცხოვრება ნიშნავს, რომ შენ ყველაფერს აკეთებ, რათა გარემოსთან იმეგობრო. ვისურვებდი უფრო მეტი საჯარო ხელოვნების პროექტი და გარემოსდამცველი ხელოვანი მეხილა ეკოლოგიური იდეებით შთაგონებული.
საუკეთესო რამ, რაც ამ დროის განმავლობაში მოხდა, ჩემთვის არის ის ფაქტი, რომ ველოსიპედი იქცა ნიუ-ჯერსიდან ნიუ-იორკისაკენ ტრანსპორტირების საუკეთესო საშუალებად. თავს ბედნიერად ვგრძნობ, როცა ჯორჯ ვაშინგტონის ხიდზე ვდგავარ და Google Maps-ის ხმა მესმის : „კეთილი იყოს თქვენი ფეხი ნიუ-იორკში!“
სტატია თავდაპირველად ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდა Forbes-ზე: Forbes
ავტორი: Stephan Rabimov