Forbes: მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალები 2022 წლისთვის

ამერიკულმა Forbes-მა ტრადიციას არც წელს უღალატა და მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალების ასეული გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ ეს გამოცემის მიერ შედგენილი რიგით მე-19 სიაა.

შეგახსენებთ, გასული წლის სიის ლიდერი მაქკენზი სკოტი იყო, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია როგორც ქველმოქმედი და მწერალი. 2022 წლის რეიტინგში სკოტმა მე-11 ადგილზე გადაინაცვლა.

მოულოდნელი არ უნდა იყოს, რომ Forbes-ის გავლენიანი ქალების ასეულში პირველ ადგილს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი იკავებს. როგორც Forbes-ის სტატიაში ვკითხულობთ, მან პირველობა თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გადადგმული ნაბიჯებისა და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით განხორციელებული ქმედებების გამო დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ ომის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სამი ძირითადი სანქცია გამოაცხადა – აკრძალა ტრანზაქციები ქვეყნის ცენტრალურ ბანკთან, დახურა საჰაერო სივრცე რუსული თვითმფრინავებისთვის და აკრძალა კრემლის კუთვნილი საინფორმაციო სააგენტოები.

გარდა ამისა, გამოცემა 2022 წელს ქალთა მიერ უფლებებისთვის ბრძოლაზე ამახვილებს ყურადღებას და ამის მაგალითად აშშ-ში აბორტის კონსტიტუციური უფლების შენარჩუნებისთვის გამოსვლები, ასევე ირანში საპროტესტო ტალღა მოჰყავს, რომელიც სექტემბერში ჰიჯაბის „არასწორად“ ტარებისთვის ე.წ. მორალის პოლიციის მიერ დაკავებული და ნაცემი 22 წლის მაჰსა ამინის საეჭვო ვითარებაში სიკვდილმა გამოიწვია.

Forbes-ის მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ქალის რეიტინგში 39 აღმასრულებელი დირექტორი, 10 სახელმწიფო მეთაური და 11 მილიარდერია. ამ უკანასკნელთა ქონება, საერთო ჯამში, 115 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

Forbes-ის მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალების 2022 წლის რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება: 

  1. ურსულა ფონ დერ ლაიენი – პოლიტიკა (ევროკომისიის პრეზიდენტი)
  2. კრისტინ ლაგარდი – პოლიტიკა (ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი)
  3. კამალა ჰარისი – პოლიტიკა (აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი)
  4. მერი ბარა – ბიზნესი (General Motors-ის აღმასრულებელი დირექტორი)
  5. აბიგაილ ჯონსონი – მილიარდერი ($20.7 მილიარდი/ Fidelity Investments-ის აღმასრულებელი დირექტორი)
  6. მელინდა ფრენჩ გეიტსი – მილიარდერი ($6.9 მილიარდი/ Bill & Melinda Gates Foundation-ის თანათავმჯდომარე)
  7. ჯორჯა მელონი – პოლიტიკა (იტალიის პრემიერ-მინისტრი)
  8. კარენ ლინჩი – ბიზნესი (CVS Health-ის აღმასრულებელი დირექტორი)
  9. ჯული სვიტი – ბიზნესი (Accenture-ის აღმასრულებელი დირექტორი)
  10. ჯეინ ფრეიზერი – ფინანსები (Citigroup-ის აღმასრულებელი დირექტორი)