Forbes: დასაქმებულ ქალთა ხელშემწყობი საუკეთესო კომპანიების რეიტინგი

Forbes-მა ბაზრის კვლევით დაკავებულ კომპანია Statista-სთან ერთად გამოავლინა მსოფლიოს წამყვანი კომპანიები, რომლებიც ქალთა საკითხების მიმართ მხარდაჭერით გამოირჩევიან. რეიტინგი შედგენილია 36 ქვეყანაში 85,000 ქალის გამოკითხვის საფუძველზე. მონაწილეებს სთხოვდნენ, შეეფასებინათ მათი დამსაქმებლები ისეთი კრიტერიუმების მიხედვით, როგორიცაა სამართლიანი ანაზღაურება, კარიერული წინსვლის შესაძლებლობა, გენდერული თანასწორობა და დასაქმებული მშობლების ხელშეწყობა.

Statista ასევე დაინტერესდა კომპანიების მხრიდან გენდერული თანასწორობის პოპულარიზაციისთვის მათი პლატფორმისა და მარკეტინგული გზავნილების გამოყენებით. Forbes-ის დასაქმებულ ქალთა ხელშემწყობი კომპანიების წლევანდელი სია ჯამში იმ 400 კომპანიას მოიცავს, რომლებმაც ყველაზე მაღალი ქულების დაგროვება მოახერხეს.

საინტერესოა, რომ წლევანდელ რეიტინგში თითქმის 50% აშშ-ში დაფუძნებული მულტინაციონალური კომპანიაა, თუმცა მათგან მხოლოდ ექვსი თუ გვხვდება გამოცემის ტოპ-ოცეულში. შედეგები აშკარა კონტრასტს ავლენს Forbes-ის ახლახან გამოქვეყნებული მსოფლიოს საუკეთესო დამსაქმებლების 2022 წლის რეიტინგთან, სადაც აშშ-ის კომპანიებმა ოცეულში 12 ადგილი მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საოჯახო და დეკრეტული შვებულებისთვის ფედერალურ ანაზღაურებას არ გასცემს. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი ქალები ქვეყნის სამუშაო ძალის თითქმის ნახევარს შეადგენენ, 2021 წლის მონაცემებით, ისინი მამაკაცების მიერ გამომუშავებულ ყოველ დოლარზე, მხოლოდ 83 ცენტს იღებდნენ.

ფრანგულმა კომპანიებმა, მათ შორის სადაზღვევო ფირმა MAIF-მა (No. 3) და დიაგნოსტიკის ლიდერმა bioMérieux-მა (No. 14), რეიტინგში ამერიკის შემდგომ ყველაზე მეტი, 55 ადგილი დაიკავეს. საფრანგეთს მოჰყვება დიდი ბრიტანეთი 30 ადგილით და მოიცავს ისეთ ორგანიზაციებს, როგორიცაა John Lewis Partnership-ი (No. 5) და Sainsbury’s-ი (No. 27.)

გასულ დეკემბერს საფრანგეთმა ახალი კანონი, Loi Rixain-ი მიიღო, რომელიც მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელ პოზიციებზე ქალების წარმომადგენლობისთვის კვოტებს აწესებდა. „2010 წლის თანასწორობის აქტი“ კი გაერთიანებულ სამეფოში არათანაბარ ანაზღაურებას უკანონოდ ცნობს.

რეიტინგში ყველაზე მეტ ადგილს საცალო და საბითუმო ვაჭრობის წარმომადგენლები იკავებენ, საიდანაც ამერიკული CloroxCLX-ი და Best BuyBBY, შესაბამისად, მე-2 და მე-15 ადგილებზე არიან. ორივე კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ქალია, კომპანიებს გამოარჩევთ მოქნილი სამუშაო გრაფიკი, ანაზღაურებადი შვებულება და კარიერული განვითარების შესაძლებლობა.

პირველ ადგილს კი კოლუმბიური კონგლომერატი Grupo Argos-ი იკავებს –  ერთადერთი კომპანია რეიტინგში, რომელიც კოლუმბიაში მდებარეობს. კომპანია მშენებლობის, ენერგეტიკისა და ინჟინერიის ინდუსტრიებშია წარმოდგენილი და 2021 წელს რეიტინგის მხოლოდ მე-100 ადგილს დასჯერდა. გასულ წელს აღებული ვალდებულებით, 2030 წლისთვის, Grupo Argos-ი გეგმავს, მისი უფროსი მენეჯმენტის პოზიციების მინიმუმ 35% ქალებით დაკომპლექტდეს. ამჟამად საბჭოს უმრავლესობა ქალები არიან. კომპანია თანამშრომლებს ტრენინგებს, ანაზღაურებად შვებულებებსა და მორგებულ სამუშაო გრაფიკს სთავაზობს.

დასაქმებულ ქალთა ხელშემწყობი საუკეთესო კომპანიების ათეული ასე გამოიყურება:

  1. Grupo Argos-ი, კოლუმბია. ინდუსტრია: ნავთობისა და გაზის ოპერატორი, მაინინგი.
  2. Clorox-ი, ამერიკის შეერთებული შტატები. ინდუსტრია: საცალო და საბითუმო ვაჭრობა.
  3. MAIF-ი, საფრანგეთი. ინდუსტრია: დაზღვევა.
  4. Desjardins Group-ი, კანადა. ინდუსტრია: საბანკო და საფინანსო სერვისები.
  5. John Lewis Partnership-ი, გაერთიანებული სამეფო. ინდუსტრია: საცალო და საბითუმო ვაჭრობა.
  6. The Estée Lauder Companies-ი, ამერიკის შეერთებული შტატები. ინდუსტრია: მედია და სარეკლამო ბიზნესი.
  7. Zalando, გერმანია. ინდუსტრია: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სპორტული აღჭურვილობა.
  8. Booz Allen Hamilton-ი, ამერიკის შეერთებული შტატები. ინდუსტრია: პროფესიონალური მომსახურებები.
  9. Merck KgaA, გერმანია. ინდუსტრია: წამლები და ბიოტექნოლოგია.
  10. ENBW, გერმანია. ინდუსტრია: კომუნალური სერვისები.