Forbes CEO Next – მომავალი ლიდერები, რომლებიც ბიზნესის სამყაროს შეცვლიან

Forbes-მა გამოაქვეყნა ლიდერების სია, რომლებიც შესაძლოა მსოფლიოს ყველაზე წარმატებული კომპანიების მომდევნო მმართველები გახდნენ. პერსპექტიული მეწარმეებიდან ჯერჯერობით ტოპ-პოზიციას არავინ იკავებს. თუმცა, ეს ადამიანები მოძველებულ ინდუსტრიებს ათანამედროვებენ, ციფრულ რეალობასთან ადაპტაციის პროცესს აჩქარებენ და მილიარდობით დოლარის ღირებულების მდგრადი განვითარების გეგმებს ქმნიან. ერთ-ერთი მათგანი Pfizer-ის ვაქცინის წარმოებაშიც კი იღებდა მონაწილეობას. Forbes CEO Next ბიზნეს სამყაროს მომავალსა და ახალი თაობის აღმასრულებელ დირექტორებს წარმოგვიდგენს.

არარანჟირებული სიის შექმნაში მონაწილეობა Forbes-ის პერსონალთან ერთად პროფესიონალმა კონსულტანტებმა და ექსპერტებმა მიიღეს. ფინალისტები წარმატებული ლიდერებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ და გამომცემლობის რედაქტორებმა აირჩიეს.

ჟიურის წევრებს შორის იყვნენ: შეილა აბე, True Search-ის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი; ალან ფლეშმანი, Laurel Strategies-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი; პიტერ კრისტი, Crist Kolder Associates-ის თავმჯდომარე; დაგლას კუპერი, მორჰაუს კოლეჯის კარიერული განვითარების აღმასრულებელი დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ სიის 50 წევრიდან 29 ლიდერი ქალია. ისინი წამყვან ბიზნეს, ტექნოლოგიურ, გასართობ და მედია კომპანიებში არიან დასაქმებულები და მომავლის სამყაროს ქმნიან. Covid-19-მა დისპროპორციულად იმოქმედა ქალების პერსონალურ და პროფესიონალურ ცხოვრებაზე, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოსტ-პანდემიურ მსოფლიოში მათი მმართველ პოზიციებზე ხილვა. Forbes CEO Next-ის სია ცხადყოფს, რომ ბიზნესის მომავალი გენდერულად და რასობრივად მრავალფეროვანია.

თანამედროვე სამყაროში ციფრულმა რევოლუციამ ყოველდღიური ცხოვრება სრულიად გარდაქმნა. ცვლილებების ეფექტი საზოგადოებამ განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგრძნო. ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე მოთხოვნის ზრდამ აღნიშნულ სექტორში ქალებისთვის ახალი შესაძლებლობები შექმნა. ამრიტა აჰუჯა, Square-ის მთავარი ფინანსური ოფიცერია. პანდემიის დროს ელექტრონული ვაჭრობა ადამიანების ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. 2020-ში ციფრული გადახდის პლატფორმის მოგება საგრძნობლად გაიზარდა. Square-მდე Blizzard-ში მუშაობდა, რამაც მისი წარმატება განაპირობა. ტექნოლოგიურ პროგრესს წინ ენ ჩოუც მიუძღვება. ყოფილმა პიანისტმა განათლება პრესტიჟულ ჯულიარდში მიიღო. გადაწყვიტა, რომ ხელოვნებიდან მასობრივი კომუნიკაციების სამყაროში გადაენაცვლებინა. დღეს AT&T-ის ბიზნესის განყოფილებას მართავს. 3.5 მილიონ კომპანიასა და 200+ ქვეყანას ინფორმაციული ტექნოლოგიების პროდუქტებს აწვდის. ის 30 წლის განმავლობაში ამ ფირმაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა და არ იქნება გასაკვირი, რომ მალე მმართველ პოზიციაზეც ვიხილოთ. კომპანიებს კონკურენტუნარიან ბაზარზე თანამედროვე სამყაროს ადაპტაციისთვის გამოცდილი ლიდერი სჭირდებათ. ქუე დალარა Honeywell-ის ტრანსფორმაციას მიუძღვება. ძველებური ინდუსტრიული ფირმა მოკლე ვადაში ციფრულ ლიდერად გადაიქცა. 5G ქსელების განვითარების ფეხდაფეხ მისი ჯგუფი ხელოვნურ ინტელექტზე, კიბერუსაფრთხოებასა და კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე მუშაობს. აღსანიშნავია ნეჰა პარიხიც, რომელიც WAZE-ს აღმასრულებელი დირექტორია და მისი მობილური აპლიკაცია 140 მილიონამდე მოხმარებელს იზიდავს.

კომპანია წარმატებას ძლიერი მარკეტინგული სტრატეგიის გარეშე ვერ მიაღწევს. Forbes CEO Next-ის სიაში ამ სექტორში მომუშავე არაერთ ქალ ლიდერს ვხედავთ. ემილ არელი Casper-ის პრეზიდენტია. ქსელის ციფრულ რევოლუციაში დიდი წვლილი მიუძღვის. როგორც პრეზიდენტი და მთავარი კომერციული ოფიცერი, ბრენდის გაყიდვების სტრატეგიაზეა პასუხისმგებელი. კიდევ ერთი გამორჩეული ქალი კარლა ჰასანია, რომელიც Citi-ს მარკეტინგულ განყოფილებაში მუშაობს. ჰასანმა კამპანია წამოიწყო, რომელიც მხარს უჭერს ქალებისა და კაცების თანაბარ სახელფასო ანაზღაურებას. ბოზონა სეინტ ჯონი ყველასათვის ცნობილ Netflix-ში მუშაობს. სერვისი განსაკუთრებით პოპულარული გახდა პანდემიის პერიოდში. სეინტ ჯონი ბრენდის მარკეტინგზე ზრუნავს, რათა სათანადო კონკურენცია გაუწიოს Disney-ს, Apple-სა და Amazon-ს. კომპანიის განვითარების სტრატეგიებზე სხვა ქალი ლიდერებიც მუშაობენ, მათ შორისაა ჩალი მოიენი Conagra-დან და დარა ტრესედერი, Peloton-ის გლობალური მარკეტინგის ლიდერი.

ციფრულ ინდუსტრიასთან ერთად პროგრესი სხვა ტექნოლოგიურ სექტორებსაც ეხება. არაა გასაკვირი, რომ ამ კომპანიებშიც ქალი მმართველები ლიდერობენ. ლიზა ბარტონი American Power-ის მთავარი ორგანიზაციული ოფიცერია. მისი ფირმა 5 მილიონ მომხმარებელს 11 შტატში ემსახურება. ის პასუხისმგებელია კომპანიის ელექტროსადგურებზე, ქსელებზე, გადამცემ ხაზებსა და საწვავის რესურსებზე. ის ამჟამად ცდილობს, რომ კომპანიის ნახშირისმწველი სადგურები უფრო მდგრადი ენერგეტიკული რესურსებით ჩაანაცვლოს, როგორებიცაა მზისა და ქარის რესურსები. კიდევ ერთი აღსანიშნავი ადამიანი Forbes-ის სიაში ლიენ კარეტია. ის Boeing-ის უსაფრთხოების, კოსმოსისა და თავდაცვის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორია. მის განყოფილებაში 34,000-ზე მეტი დასაქმებულია. კარეტის დეპარტამენტი აშშ-სა და ქვეყნის პარტნიორებისათვის ქმნის სატელიტებს, უსაფრთხოების სისტემებს, სამხედრო თვითმფრინავებს, ვერტმფრენებსა და დრონებს. 2020-ში ლიენის ჯგუფს 34 მილიარდი მოგება ჰქონდა. კარეტი Boeing-ს 1998 წელს შეუერთდა და აღმასრულებელი ფინანსური დირექტორის, გენერალური მენეჯერისა და ვიცე პრეზიდენტის როლი ეკავა. ტექნოლოგიურ სექტორში ჯენიფერ პარმენტიერიც მუშაობს. ის ჰიდრავლიკური და მექანიკური ტექნოლოგიების დამზადებაზეა პასუხისმგებელი, რომელიც ხელს უწყობს თვითმფრინავების მართვას, კონსტრუქციებისა და ხელსაწყოების შექმნას.

დღევანდელი მთავარი გამოწვევა, ცხადია, ჯანმრთელობაა. ჯანდაცვის სექტორს უკანასკნელი თვეების განმავლობაში არაერთ პრობლემასთან მოუწია გამკლავება. კრიზისული სიტუაციის მართვის სადავეები ისევ ქალმა ლიდერებმა აიღეს. ანგელა უანგი Pfizer-ის ვაქცინის წარმოების განყოფილებას მართავს. 220$ მილიარდიანი გრანტის მქონე ჯანდაცვის გიგანტის თანამშრომელი ჯამში 7 განყოფილებას ხელმძღვანელობს. ბიოფარმაცევტულმა კომპანიამ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიმუშავა. ფირმა უამრავი სიცოცხლის გადარჩენასა და პანდემიური ეპოქის გადალახვაზეა პასუხისმგებელი. უანგის განყოფილებებში აგრეთვე ინფექციური დაავადებებისა და კიბოს სამკურნალო წამლებსაც ქმნიან. 2020 წელს ანგელას 26,000-კაციანმა ჯგუფის გაყიდვებმა ჯამში 42$ მილიარდი შეადგინა. უანგი დირექტორთა საბჭოს წევრია UPS-სა და Pfizer-ის ფონდში. Forbes-ის სიიდან შეუძლებელია რომ არ გამოვარჩიოთ მოჯდეჰ პოული. ის 3M-ის ჯანდაცვის ბიზნეს ჯგუფს მართავს – ფირმის მესამე ყველაზე დიდ დეპარტამენტს, რომელმაც 2020-ში 8$ მილიარდიანი მოგება ნახა. კარიერა კომპანიაში 2011 წელს დაიწყო და ქრონიკულ დაავადებებზე, საკვების უსაფრთხოებასა და ინფექციის პრევენციის გზებზე მუშაობდა. ეშლი მაკევოი კიდევ ერთი ქალია, რომელიც ჯანდაცვის სფეროში ლიდერობს და Johnson & Johnson-ის სამედიცინო ხელსაწყოების დამზადებაზეა პასუხისმგებელი.

ქალები ბიზნესის განვითარებასთან ერთად სოციალურ პრობლემებზეც ზრუნავენ და ამბიციური ინიციატივებით მსოფლიოს მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრას ცდილობენ. დინა პოველ მაკკორმიკი Goldman Sachs-ის გლობალური ხელმძღვანელია მდგრად და ინკლუზიურ განვითარებაში. მან ახლახან 10$ მილიარდიანი ინვესტიციის პროექტი შექმნა. ინიციატივა ჯანდაცვისა და განათლების სექტორების, პატარა ბიზნესების წახალისებასა და ფერადკანიანი ქალების მხარდაჭერაზეა ორიენტირებული. 2017-2018 წლებში დინა აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის მრჩეველი იყო.

საბანკო და კომერციულ პოზიციებზეც ქალები ლიდერობენ, მათ შორისაა ან-მარი კემპბელი, Home Depot-ის ამერიკული ქსელებისა და საერთაშორისო ოპერაციების აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი. 1985 წელს კომპანიაში კარიერა მოლარედ დაიწყო, ახლა კი 2,200 მაღაზიასა და 400,000-ზე მეტ დასაქმებულს მართავს. JPMorgan-იდან სიაში ორი თანამშრომელი მოხვდა:  მერი კალაჰამ ერდოესი და მერიენ ლეიკი. ერდოესი ფირმის მასიური საბანკო განყოფილების ხელმძღვანელია, რომელიც 3.5$ ტრილიონამდე ქონებაზეა პასუხისმგებელი, კომპანიაში 20 წელია მუშაობს. აღსანიშნავია ანა მარსიც American Express-იდან, რომელიც დიდ კორპორაციებსა და მცირე ბიზნესებს საკრედიტო ბარათებსა და ფინანსურ პროდუქტებს სთავაზობს.

Forbes-ის სიაში მოხვდნენ სხვა წარმატებული ქალებიც, მათ შორის ქრისტინა კორლეი, CDW-ს კომერციული ოფიცერი, დებრა ქრიუ, Diageo-ს გლობალური და ჩრდილოეთ ამერიკული განყოფილების პრეზიდენტი, რებეკა ლიბერტი PPG-დან, სტეფანი ლინარტზი Marriot International-ის პრეზიდენტი, ჯენიფერ მანი Coca-Cola-დან, ჯუდით მაკკენა, ვოლმარტის საერთაშორისო ქსელის აღმასრულებელი დირექტორი და დანა მაკნაბი General Mills-იდან.