პოლინატორ მწერებში ფუტკრების უპირობო უპირატესობასა და ლიდერობას ვერავინ უარყოფს. სწორედ მათ უნდა ვუმადლოდეთ უამრავი მარცვლოვანი, ხილ-კენკროვანი, ბაღჩეული კულტურისა თუ საკვებად ვარგისი ბალახების დამტვერვას. მიუხედავად ამისა, მეცნიერები აქტიურად მუშაობდნენ, რომ შეექმნათ პოლინატორი მწერების მაღალტექნოლოგიური ალტერნატივა და დღეს ფუტკრებს უკვე კონკურენტი გამოუჩნდათ სპეციალური დრონების სახით, რომლებიც საპნის ბუშტებს უშვებენ, რათა მტვერი ყვავილზე გადაიტანონ.
2017 წელს, იაპონელმა ქიმიკოსმა ეიჯირო მიაკომ 4 სანტიმეტრი სიგრძის სათამაშო დრონით ყვავილების დამტვერვა სცადა. მან და მისმა კოლეგებმა დრონის ქვედა მხარეზე ცხენის ძუა გამოაბეს, რომელიც მეტი წებოვნებისა და მოქნილობისთვის, სპეციალური გელით დაფარეს. მიზანი იყო, როგორც ფუტკარს, გელიან ძუასაც აეღო მტვერი ერთი ყვავილიდან და მეორეზე გადაეტანა. დისტანციურად მართულმა დრონმა წარმატებით მოახერხა ლილიების დამტვერვა, თუმცა საჰაერო ხრახნით ყვავილები დააზიანა.
მოგვიანებით მიაკოს ამ პრობლემის გადაჭრის იდეა თავში მოუვიდა, როდესაც პარკში მის 3 წლის ვაჟთან ერთად საპნის ბუშტების გაბერვით ერთობოდა. ერთერთი ბუშტი მის ვაჟს შუბლში მოხვდა და გასკდა. ამის შემხედვარე მიაკო მიხვდა, როგორ გადაეტანა მტვერი ყვავილებზე მაქსიმალურად ნაზად.
მან და მისმა კოლეგებმა ისეთი ნივთიერება აარჩიეს ბუშტების წარმოსაქმნელად, რომელიც ყველაზე ნაკლებ ეფექტს ახდენდა მცენარის აღმოცენება-აყვავების პროცესზე. შემდეგ ლაბორატორიული ცდები დაიწყეს მსხლის ყვავილზე. როდესაც ბუშტი სკდებოდა, მტვერი ყვავილის ბუტკოზე ეცემოდა.
მსხლის ბაღში მკვლევარებმა ბუშტების გასაბერი სათამაშო თოფი გამოიყენეს და ბუშტები სამ ხეზე დაუშვეს. 16 დღის შემდეგ, შედეგი ისეთივე კარგი იყო, როგორიც ტრადიციული მეთოდით განაყოფიერებულ ხეებზე. იაპონიაში ფერმერები, ტრადიციისამებრ, მსხალსა და ვაშლს ბუმბულის ფუნჯის დახმარებით, ხელით ანაყოფიერებენ. მიაკო ამას იმით ხსნის, რომ ფუტკრები დამტვერვის პროცესს ერიდებიან დაბალ ტემპერატურაზე და ასევე, ხშირ შემთხვევაში, ყვავილს ისე აზიანებენ, რომ მიღებული ნაყოფი საკვებად უვარგისია. ამრიგად, ბუშტებით დამტვერვა, ხელსაყრელ ალტერნატივას წარმოადგენს. ამასთან, ბუშტებს ბევრად ნაკლები მტვერი სჭირდებათ, ვიდრე ბუმბულის ფუნჯებს.
ოკლენდის უნივერსიტეტის რობოტექნიკოსმა, ჰენრი უილიამსმა, გოლფის შატლის ზომის დამმტვერავი რობოტი შექმნა, რომელსაც კივის ბაღნარში მოძრაობისას თითოეული ყვავილის იდენტიფიცირება შეუძლია და მათ დამტვერვას სპეციალური თხევადი სპრეით ახდენს. ეს საგრძნობლად ამცირებს დახარჯული მტვერის რაოდენობას, რადგან ის მხოლოდ სამიზნეზე იხარჯება.
მიაკომ ბევრად მარტივი რობოტექნიკის შექმნა სცადა. მან საჰაერო დრონს მიაბა ბუშტების სპრეი და დრონი ისე დააპროგრამა, რომ ხელოვნური ლილიის ყვავილების მწკრივის გარშემო ეფრინა. სხვადასხვა სიჩქარისა და სიმაღლის გამოცდის შემდეგ, აღმოაჩინა, რომ დრონს შეეძლო ბუშტები ყვავილთა 90 %-ზე მოეხვედრებინა.
ამჟამად მიოკო ცდილობს სამიზნე უფრო მეტი სიზუსტით განუსაზღვროს დრონს. ასევე, მიზნად დაისახა, გარემოსთვის ბოლომდე უსაფრთხო და უმოკლეს დროში ბიოდეგრადირებადი საპნის ბუშტები გამოიყენოს.
დასავლეთ ვირჯინიის უნივერსიტეტის რობოტექნიკოსი, იუ გუ, ამ წამოწყებას მეტად სკეპტიკურად უყურებს და ამბობს, რომ დრონის ტურბინიდან წამოსული ძლიერი ჰაერის მასა საკმაოდ ამცირებს ალბათობას, რომ ბუშტი განსაზღვრულ მიზანს მოხვდეს და ის უპირატესობას მიწაზე მოსიარულე რობოტებში ხედავს.
ეკოლოგი საიმონ პოტსი, კატეგორიულად ეწინააღმდეგება რობოტექნიკის გამოყენებას დამტვერვისთვის, რადგან ამით ფუტკრების გადაშენების საფრთხეს ხედავს. ამასთან, მისი აზრით, ბუშტების გამოყენება და ქიმიური ჩარევა საგრძნობლად ზრდის რისკს ნიადაგის დაბინძურებისა.