2022 წლის ნოემბერს მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობამ 8 მილიარდს გადააჭარბა. ამავდროულად, მსოფლიო მოსახლეობის ორი მესამედი უკვე ცხოვრობს ისეთ ადგილებში, სადაც შობადობის მაჩვენებელი ე.წ. „მოსახლეობის აღწარმოების დონეს“ ჩამოუვარდება და ერთ ქალზე 2,1 ბავშვს არ აღემატება. დიდი დემოგრაფიული ცვლილება – სიკვდილიანობისა და შობადობის მაღალი მაჩვენებლებიდან დაბალ მაჩვენებლებზე გადასვლა – მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვრცელდება, თუმცა მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში იგი გაცილებით უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე სხვაგან.
სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობა ზრდას განაგრძობს მაშინ, როცა სულ უფრო მეტ ქვეყანაში, მოსახლეობის რაოდენობის ზრდა შეჩერებული ან შენელებულიც კი არის. სწორედ ამით აიხსნება ერთდროულად ორი ურთიერთგამომრიცხავი მიმართულებით არსებული შეკითხვები და წუხილები, როგორც „მოსახლეობის სიჭარბის“, ასევე „მოსახლეობის სიმცირის“ გამო.
„მოსახლეობის სიმცირის“ გამო არსებული წუხილი განსაკუთრებით მწვავედ იკვეთება აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც შობადობის დაბალი მაჩვენებლების შედეგად შექმნილ ვითარებას ამწვავებს ემიგრაციის მაღალი დონე. შედეგად, 1990-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული, მოსახლეობის რაოდენობა მცირდება, ზოგიერთ შემთხვევაში, 25 პროცენტზე მეტითაც.
შობადობის მაღალი მაჩვენებლის მსგავსად, პლანეტისთვის კატასტროფული შედეგების მომტან მოვლენად ხშირად განიხილება შობადობის დაბალი მაჩვენებლებიც, რომლებიც ამჟამად მაღალი და საშუალო შემოსავლის მქონე ბევრ ქვეყანაში ფიქსირდება და გარდაუვალი საფრთხის შემცველ და ცივილიზაციის განადგურების პოტენციის მქონე მოვლენად აღიქმება.
რა თქმა უნდა, შეშფოთება, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის შემცირებისა და დაბერების ტენდენციებს უკავშირდება, მართებული და აქტუალურია. როგორ შეძლებენ ქვეყნები ამ პირობებში ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებას? როგორ შევძლებთ იმის უზრუნველყოფას, რომ საპენსიო და ჯანდაცვის სისტემები გაუმკლავდეს დემოგრაფიულ ცვლილებებს? როგორ უნდა შევინარჩუნოთ სერვისები და ინფრასტრუქტურა იშვიათად დასახლებულ სოფლებში მცხოვრები ადამიანების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად?
თუმცა ის განწყობები, რომელიც იკვეთება შობადობის მაჩვენებლებზე საჯარო საუბრებისას, რეალურ რისკებს წარმოშობს, ნათქვამია გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში მსოფლიო მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ: მოსახლეობის დინამიკასთან დაკავშირებული განწყობები არა მხოლოდ მწვავე, თუმცა მოგვარებად პრობლემებთან გამკლავებისთვის აუცილებელი კონსტრუქციული გადაწყვეტილებების მიღებაში გვიშლის ხელს, ის აგრეთვე შეიძლება „ქალთა უფლებებისა და ქალებისთვის სხეულის ავტონომიის შეზღუდვის საფუძვლად იქცეს.“
როდესაც შობადობის მაჩვენებლები განიხილება, როგორც ერთადერთი პრობლემა, ამ პრობლემის გადაჭრის გზები, როგორც პირდაპირ, ასევე ირიბად, შობადობას უკავშირდება. ან, როგორც გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი: „შიშები და მათთან გამკლავების გზები ქალის სხეულის ფორმას იღებს“. ამგვარად, ქალის სხეული განიხილება როგორც ინსტრუმენტი, მოსახლეობის მიმართულებით დასახული მიზნების მისაღწევად, მათი ცხოვრება ემსახურება რიცხვებით გამოსახული აბსტრაქტული მიზნების მიღწევას – რაც პირდაპირ უკავშირდება ქალების ჯერ კიდევ დაქვემდებარებულ სტატუსს საზოგადოებრივი ცხოვრების უმეტეს სფეროებში.
შობადობის მაჩვენებლები და, შესაბამისად, ქალის სხეული კვლავ ყურადღების ცენტრში რჩება და ეს ნაწილობრივ იმით არის განპირობებული, რომ მასზე საუბარი ესოდენ მარტივია და მისი გამოყენება ასევე მარტივად არის შესაძლებელი, თუმცა, საბოლოო ჯამში, მხოლოდ მცდარი „გადაწყვეტილებების“ გასამართლებლად, როგორიცაა შობადობის სამიზნე მაჩვენებლების დასახვა, მოსახლეობის რაოდენობის „კორექტირებისთვის“. შობადობის მაჩვენებლებზე ფოკუსირება და მეტი შვილის გაჩენის მიზნით ქალების წახალისება ან მათზე ზეწოლა შეიძლება უფრო მარტივ ამოცანად მოგვეჩვენოს, ვიდრე საჯარო ინვესტიციების განხორციელება ხარისხიან განათლებაზე, დასაქმებაზე, ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალურ დაცვაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ მომზადებულ ანგარიშში მოყვანილი უახლესი მონაცემები აჩვენებს, რომ ბოლო პერიოდში გაიზარდა იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებსაც შემუშავებული აქვთ პოლიტიკა შობადობის გაზრდის მიზნით. შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ შობადობის დაბალი მაჩვენებლების მქონე ზოგიერთი ქვეყნების მთავრობებმა მიიღეს ზომები, რომლებიც კონტრაცეფციის მეთოდებსა და ლეგალური აბორტის მომსახურებაზე ქალების წვდომის შეზღუდვას ემსახურება. უფრო ზოგადად, ანგარიშში აღნიშნულია, რომ შობადობის მაჩვენებლებზე ზემოქმედების ძალისხმევა ადამიანის თავისუფლებების შეზღუდვას უკავშირდება.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ შობადობის ზრდასთან დაკავშირებული ყველა მცდელობა საზიანოა. ისინი შეიძლება დემოგრაფიული ცვლილების მართვის ფართო სპექტრის ზომების ნაწილს წარმოადგენდეს, თუ ისინი არ გულისხმობს იძულებას, არ არღვევს ქალთა უფლებებს და არ ზღუდავს მათი სხეულის ავტონომიას.
ამის მიღწევის გზას წარმოადგენს ყურადღების გადატანა შობადობიდან სასურველ შობადობაზე. აღმოსავლეთ ევროპაში მოსახლეობის უმეტესობას სურს ჰყავდეს ორი ან მეტი შვილი, თუმცა მათ საბოლოო ჯამში ერთი შვილი ჰყავთ ან საერთოდ არ ჰყავთ შვილი. ზომები, რომლებიც მთავრობებს შეუძლიათ მიიღონ რეალური ცვლილებების უზრუნველყოფად, უნდა ემსახურებოდეს იმ ბარიერების იდენტიფიცირებას, რომლებიც ადამიანებს შობადობასთან დაკავშირებული საკუთარი მიზნების რეალიზებაში უშლის ხელს და შვილების სასურველ და რეალურ რაოდენობას შორის არსებული სხვაობის აღმოფხვრას.
იმედისმომცემია ის ფაქტი, რომ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა იწყებს შიშის გვერდზე გადადებას და დემოგრაფიულ ცვლილებაზე რეაგირებისათვის ახალი, კონსტრუქციული გზებისა და გადაწყვეტილებების ძიებას, რომლებიც მოსახლეობის ჭეშმარიტ წარმატებასა და კეთილდღეობას ისახავს მიზნად. ისინი არ სახავენ მიზნებს, არამედ ირჩევენ გზას და ისწრაფვიან დემოგრაფიული მდგრადობისკენ. ამგვარი მიდგომა ნიშნავს იმას, რომ სოციალური და ეკონომიკური სისტემები შესაბამისობაში იქნება იმასთან, რაც თავად ადამიანებს სურთ და სჭირდებათ საკუთარი კეთილდღეობისათვის.
დემოგრაფიულად მდგრად საზოგადოებებში ქალთა უფლებები და არჩევანი არ წარმოადგენს დაბრკოლებას – პირიქით. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ წარმოებულმა ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ, მაგალითად, შობადობის დაბალი მაჩვენებლების მქონე საზოგადოებებში, რომლებშიც პარალელურად მოსახლეობის დაბერება იკვეთება, ეკონომიკის ზრდის ტემპის შესანარჩუნებლად ბევრად უფრო ეფექტურია სამუშაო ძალაში გენდერული თანასწორობის მიღწევაზე ზრუნვა, ვიდრე შობადობის მაღალი მაჩვენებლის მიღწევა. დღეს, ევროპაში, განვითარების თვალსაზრისით ყველაზე წარმატებული, როგორც წესი, არიან ის ქვეყნები, სადაც გენდერული თანასწორობა მეტად არის დაცული (და, სწორედ ამ ქვეყნებში ფიქსირდება შობადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები).
როდესაც ჩვენ მოსახლეობის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების წინაშე ვდგებით, დაუშვებელია ვიხელმძღვანელოთ ჩვენივე შიშებით. სწრაფი დემოგრაფიული ცვლილების ფონზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ ჩვენი ქვეყნების წარმატებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფას, თუ ყურადღებას ადამიანებზე, მათ უფლებებსა და საჭიროებებზე გავამახვილებთ და უფრო სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოებების შენებაზე ვიზრუნებთ.
ფლორენს ბაუერი – გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორი