კორონავირუსის პანდემიის მიერ შექმნილი მდგომარეობის გამო კომპანიებისთვის ფინანსური ანგარიშების მომზადება მნიშვნელოვნად გართულდა. სოციალური დისტანცირების კუთხით მიღებული ზომები და რთული და ცვალებადი ეკონომიკური გარემო აუდიტორულ საქმიანობას აფერხებს.
ამ მდგომარეობის საპასუხად, გაერთიანებულ სამეფოში ფინანსური რეგულირების კუთხით სამი უმსხვილესი ორგანო: FRC(Financial Reporting Council), PRA(Prudential Regulation Authority) და FCA(Financial Conduct Authority) ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.
განცხადება მოიცავს რეკომენდაციების სერიას, რომლებიც არსებული კრიზისის პირობებში კომპანიებმა ფინანსური ანგარიშების მომზადებისას უნდა გაითვალისწინონ.
ფინანსური ბაზრების მუშაობა დამოკიდებულია ზუსტ ინფორმაციაზე, ინვესტორებისა და აქციონერების გადაწყვეტილებები კი ფინანსურ ანგარიშებს ეყრდობა. აქედან გამომდინარე, ზემოთხსენებულმა ორგანოებმა მიიღეს გადაწყვეტილება კომპანიებისთვის წლიური ანგარიშების გამოქვეყნების ვადები გადაწიონ.
გარდა ამისა, ისინი ყველა საჯარო კომპანიას ურჩევენ გადახედონ თავიანთი ანგარიშების გამოქვეყნების ვადებს და საჭიროების შემთხვევაში შეიტანონ ცვლილებები, რათა კრიზისის პირობებშიც უზრუნველყონ სწორი ინფორმაციის მიწოდება.
ამ რეკომენდაციის გათვალისწინებით, საინვესტიციო ბიზნესის ჰოლდინგურმა კომპანიამ „ჯორჯია კაპიტალი“ მიიღო გადაწყვეტილება წლიური ანგარიშის გამოქვეყნების თარიღი გადაწიოს. დოკუმენტის გამოქვეყნება 2020 წლის 27 მარტს იყო დაგეგმილი და ის აპრილის შუა რიცხვებამდე აღარ გამოქვეყნდება.