ფილმები, რომლებიც დაგვეხმარება უკეთ გავიგოთ, რა ხდება უკრაინაში

ფოტო: TCD/Alamy

მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა, ეს ორი ქვეყანა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. კიევში მდებარე დოვჟენკოს სახელობის კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მკვლევრებმა დოკუმენტური და მხატვრული ფილმების ჩამონათვალი შეადგინეს, რომლებიც უკრაინაში წარსულში მომხდარ დრამატულ მოვლენებზე მოგვითხრობენ, ასევე, რომელთა სიუჟეტებიც მსგავსებას ქვეყანაში ამჟამად მიმდინარე მოვლებთან პოვებენ.

დოვჟენკოს სახელობის კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ შერჩეული ჩამონათვალიდან ხუთი საინტერესო ფილმის მიმოხილვას გთავაზობთ:

ჟანგბადის შიმშილი (Oxygen Starvation)  

1992 წელს გამოსული „ჟანგბადის შიმშილი“ ერთ-ერთი პირველი ფილმია, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ უკრაინაში სახელმწიფოს დაფინანსებით არ გადაღებულა. კინოსურათის რეჟისორი ანდრიი დონჩუკია, სცენარის ავტორი კი – იური ანდრუხოვიჩი. მხატვრული ფილმი უკრაინელი ჯარისკაცების შესახებაა გადაღებული და საბჭოთა არმიაში ახალწვეულების მიმართ ტრადიციად ქცეულ ძალადობას ასახავს.

ჩერნობილი: რთული კვირების ქრონიკა (Chernobyl: Chronicles of the Difficult Weeks)

1987 წელს გამოსული დოკუმენტური ფილმი, რომლის გადაღებაც 1986 წლის 26 აპრილს ჩერნობილის ბირთვულ ელექტროსადგურზე მომხდარი აფეთქებიდან რამდენიმე დღეში დაიწყო, ამ მასშტაბური კატასტროფის პირველად შედეგებს გვიჩვენებს. აღსანიშნავია, რომ ფილმის რეჟისორი, ვოლოდიმირ შევჩენკო, მისი გამოსვლიდან დაახლოებით ერთ თვეში გარდაიცვალა. მიზეზად რადიაციული მოწამვლა დასახელდა. ჩერნობილის კატასტროფის განმეორების საფრთხეზე დღესაც აქტიურად საუბრობენ, ვინაიდან უკრაინის ბირთვულ ელექტროსადგურებზე კონტროლი ქვეყანაში შეჭრილ რუს სამხედროებს აქვთ აღებული. ნებისმიერმა არასწორმა ნაბიჯმა, შესაძლოა, კიდევ ერთი კატასტროფა გამოიწვიოს.

ზამთარი ცეცხლში: უკრაინის ბრძოლა თავისუფლებისათვის (Winter on Fire: Ukraine’s Fight for Freedom)

შესაძლოა, ეს მაიდანის შესახებ გადაღებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დოკუმენტური ფილმია. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს გამოსული „ზამთარი ცეცხლში: უკრაინის ბრძოლა თავისუფლებისათვის“, რომლის რეჟისორიც ევგენი აფინევსკია, ოსკარზეც იყო ნომინირებული. ფილმი უკრაინაში 2013-2014 წლებში განვითარებული მოვლენათა რთული ჯაჭვის მკაფიო ნარატივს წარმოადგენს. უკრაინის ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შეჩერებამ და ქვეყნის წინაშე მდგარმა სხვა სირთულეებმა პროტესტების ტალღა გამოიწვია, რასაც საბოლოოდ უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩისა და მისი ხელისუფლების გადადგომა მოჰყვა. ფილმი ასახავს უკრაინელი ხალხის შეუპოვრობასა და მათ მისწრაფებას დემოკრატიისაკენ.

კიბორგები: გმირები არასდროს იხოცებიან (Cyborgs: Heroes Never Die)

2017 წელს გამოსული ფილმი „კიბორგები: გმირები არასდროს იხოცებიან“ ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი უკრაინული კინოსურათია. მისი რეჟისორი ახტემ სეიტაბლაიევია. ფილმი მოგვითხრობს უკრაინული ბატალიონის მისიის შესახებ დონეცკის აეროპორტში 2014 წელს, როდესაც ის პრორუსი თავდამსხმელების იერიშის ობიექტია. ბრძოლასთან ერთად ჯარისკაცები ისეთი ფილოსოფიური საკითხების გააზრებას ცდილობენ, როგორიცაა ომის ბუნება, მტრისა და საკუთარი იდენტობის – უკრაინელობის შეცნობა.

ატლანტიდა (Atlantis)

მხატვრული ფილმი „ატლანტიდა“, რომლის რეჟისორიც ვალენტინ ვასიანოვიჩია, 2019 წელს გამოვიდა. მასში მოქმედება 2025 წელს ვითარდება. ფილმის მიხედვით, 2024 წელს უკრაინამ რუსეთთან გამარჯვება მოიპოვა. კინოსურათი არმიის ყოფილ სკაუტზეა, რომელიც ომში გამარჯვებიდან ერთი წლის შემდეგ, ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში, ბრძოლის ველზე დაღუპული ჯარისკაცების ცხედრებს ეძებს.