მას შემდეგ, რაც კორონავირუსის გამო კინოთეატრები დაიხურა, ხოლო სხვადასხვა ღონისძიებები (მათ შორის ნიუ იორკისა და კანის კინოფესტივალები) გაუქმდა, 20-ზე მეტი კონოფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფები ერთობლივ მუშაობას იწყებენ, რათა YouTube-ის საშუალებით ფილმების უფასო სტრიმინგი დაიწყონ.
10-დღიანი კინომარათონი „ჩვენ ერთნი ვართ: გლობალური კინოფესტივალი“ YouTube-ზე 29 მაისიდან დაიწყება და ბერლინის, კანის, ვენეციის, ნიუ იორკის, სანდანსის, ტორონტოსა და სხვა მასშტაბური კინოფესტივალების პროგრამებს გააერთიანებს. ფესტივალის განმავლობაში მხატვრული ფილმების, დოკუმენტალისტიკის, კომედიების, მუსიკისა და დისკუსიების სერიების ტრანსლაცია იგეგმება. მიუხედავად იმისა, რომ ორშაბათს გავრცელებულ განცხადებაში საორგანიზაციო ჯგუფსა და YouTube-ის ოფიციალურ წარმომადგენლებს ფესტივალის შინაარსზე დეტალურად არ უსაუბრიათ, სავარაუდოდ წლის მთავარი პრემიერებს უნდა ველოდოთ.
კორონავირუსის პანდემიის გამო უკვე გაუქმდა კანის კინოფესტივალი, გაურკვეველი იყო სექტემბერში დაგეგმილი ვენეციისა და ტორონტოს კინოფესტივალების ბედიც. სწორედ ამან უბიძგა კინომწარმოებლებს მაყურებელთან ურთიერთობის ახალი გზები გამოენახათ. როგორც 27 აპრილს კანის კინოფესტივალის ორგანიზატორებმა განაცხადეს, ისინი სიამაყით უერთდებიან ამ ექსტრაორდინალურ წამოწყებას, რომელიც მათ საშუალებას მისცემთ მსოფლიო აუდიტორიას განსაკუთრებული ფილმები და ხელოვანები გააცნონ.
რადგან ფესტივალის სტრიმინგი უფასო იქნება, ორგანიზატორები მაყურებლებს სთხოვენ შემოწირულობა გაიღონ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შექმნილი COVID-19-ის სოლიდარობის ფონდისთვის.