მატჩი ქალების გარეშე – FIFA-მ შესაძლოა, ირანი მსოფლიო ჩემპიონატიდან მოხსნას

29 მარტს, ირანისა და ლიბანის საფეხბურთო ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრის დროს სტადიონზე შესვლის უფლება არ მისცეს დაახლოებით 2,000 ირანელ ქალს, რომლებსაც მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩზე დასასწრები ბილეთები შეძენილი ჰქონდათ. ინციდენტი ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეების დიდმა ნაწილმა დაგმო, რამაც პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი აიძულა, გამოძიება დაეწყო.

ფოტო: AP

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ისლამურ რესპუბლიკაში ქალებს სპორტულ ღონისძიებაზე დასწრების უფლება არ მისცეს. აღსანიშნავია, რომ 1974 წლის რევოლუციიდან, მას შემდეგ, რაც ირანში სასულიერო პირების გავლენა გაიზარდა, ქალებისთვის მსგავსი აკრძალვები ტრადიციად იქცა. ირანელი სასულიერო პირები მიიჩნევენ, რომ ქალები არ უნდა შეუერთდნენ შეკრებებს, რომლებშიც მამაკაცები მონაწილეობენ.

ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ, FIFA-მ 2019 წელს ირანს გაფრთხილება მისცა იმის გამო, რომ ქვეყანამ ქალების სტადიონებზე შეშვებაზე უარი განაცხადა. ორგანიზაცია ისლამურ რესპუბლიკას საერთაშორისო ტურნირებიდან, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონატიდან გარიცხვით დაემუქრა, თუ ამ აკრძალვაზე უარს არ იტყოდა. დირექტივა გამოიცა მას შემდეგ, რაც ირანელმა საჰარ ხოდაიარიმ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა – ხოდაიარი მამაკაცივით გამოეწყო და საყვარელი კლუბის თამაშზე დასწრების მიზნით სტადიონზე შესვლა სცადა, თუმცა ის დაიჭირეს და ჩადენილის გამო 6-თვიანი პატიმრობა დაემუქრა.

სამწუხარო ინციდენტის შემდეგ, FIFA-მ ირანისგან გარანტიები მოითხოვა, რომ ისლამური სახელმწიფო ქალებს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებზე დასწრების უფლებას მისცემდა. თავის მხრივ, ქვეყანა ორგანიზაციას დაჰპირდა, რომ ქალებს თამაშებზე დასწრების ნებას დართავდა. ამის მიუხედავად, 29 მარტს ქალებს სტადიონზე შესვლის უფლება არ მისცეს. ამის გამო, შესაძლოა, ირანის საფეხბურთო ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა აეკრძალოს ან ჯარიმა დაეკისროს.

ცნობისთვის, 29 მარტს გამართულ მატჩში ირანმა ლიბანს ორი უპასუხო გოლი გაუტანა და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გადალახა.