კინოს როლი ფემინიზმის გაძლიერებასა და გავრცელებაში უსაზღვროა. არსებობენ ისეთი ფილმებიც, რომელთაც ადამიანის ცხოვრებაზე წარუშლელი შთაბეჭდილების მოხდენა შეუძლიათ და მნიშვნელოვნად ცვლიან კიდეც მათ მომავალს.
გთავაზობთ რამდენიმე გამორჩეულ ნამუშევარს, რომელიც ოსტატურად გადმოსცემს ქალების მწვავე პრობლემებსა და მათ წინაშე არსებულ უსამართლო გამოწვევებს.
შურისძიება – Revenge (2018)
ფრანგი კინორეჟისორი ქალი, კორალი ფარჟეა (Coralie Fargeat) შესაშურად ანგრევს გაუპატიურების ირგვლივ არსებულ მასკულინურ სტერეოპიტებს და ათავისუფლებს პროტაგონისტს ძალადობის ვერაგი კლანჭებისგან.
ფილმში „შურისძიება“ ასახულია სექსუალური ძალადობის შემდეგ განვითარებული სრულიად განსხვავებული სცენარი – აქ თითოეული „მსხვერპლი“ სწორედ მოძალადე მამაკაცია.
მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი მატილდა ლუტსია. მისი გმირი, ჯენიფერი, საიდუმლო შეყვარებულთან ერთად დასასვენებლად იმყოფება, რა დროსაც მოულოდნელად მათ კიდევ ორი მამაკაცი, ჯენიფერის შეყვარებულის მეგობრები ეწვევიან და სისხლიანი ისტორიაც სწორედ აქედან იწყება.
გამოწვევა – Set It Off (1996)
ქუინ ლატიფა, ვივიკა ეი ფოქსი, ჯადა პინკეტ სმიტი და კიმბერლი ელიზი შავკანიან, ღარიბ მუშათა კლასის წარმომადგენელ მეგობრებს განასახიერებენ, რომლებიც გამუდმებით უსიამოვნებებში ეხვევიან. ერთი მათგანი ბანკიდან დაითხოვეს, მეორეს ძმა მოუკლეს, მესამე შვილს კარგავს, მეოთხეს კი, უკვე დიდი ხანია, საკუთარ ცხოვრებაზე ხელი მთლიანად ჩაქნეული აქვს.
მეგობრები ადამიანთა უფლებების შეურაცხმყოფელი სისტემის წინააღმდეგ ბრძოლას გადაწყვეტენ და ნებისმიერი ხერხის გამოყენებით მზად არიან, მოიპოვონ საბოლოო გამარჯვება.
რეჟისორ გერი გრეის (F. Gary Gray) თრილერი არ ასახავს მხოლოდ შავკანიანი ქალების პრობლემებს. იგი სრულფასოვანი ფემინისტური ნამუშევარია, რომელიც მსუბუქი იუმორითა და დრამატული თხრობის მანერებით ჩვენში ემპათიასა და თანალმობას აღძრავს.
პირველ ცოლთა კლუბი – The First Wives Club (1996)
დაიან კიტონი, ბეტ მიდლერი და გოლდი ჰოუნი კოლეჯში გაცნობილ ძველ მეგობრებს განასახიერებენ, რომელთა ცხოვრებაც მსგავსი, დრამატული სიუჟეტით წარიმართა.
30 წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ შეხვედრისას ისინი ერთმანეთს გამოუტყდებიან, რომ სამივეს ბედნიერი ქორწინება ახალგაზრდა ლამაზმანების ჩარევით დაინგრა. თუმცა ქალები თავს სასოწარკვეთის უფლებას არ აძლევენ და „პირველ ცოლთა კლუბის“ შექმნით ყოფილ ქმრებზე შურისძიებას ისახავენ მიზნად.
ფილმში გაჟღერებული სიმღერა „მე არ ვარ შენი საკუთრება” (Lesley Gore – “You Don’t Own Me”), რომელსაც თეთრ ტანისამოსში გამოწყობილი პერსონაჟები უდარდელად ასრულებენ, ნამდვილ ფემინისტურ ჰიმნადაა ქცეული და დღემდე საკუთარი თავის რწმენის ოდაა გულგატეხილი ქალებისთვის.
რომა – Roma (2018)
„რომა“ რეჟისორისა და მწერლის, ალფონსო კუარონის მიერ ქალებისადმი სიყვარულით მიძღვნილი ერთგვარი წერილია ამ ცხოვრების შესახებ. ფილმში ასახულია მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა თავგადასავალი, რომელიც სამ ფაზად იყოფა – გოგოობა, ქალობა და დედობა.
„რომა“ შავ-თეთრი ფილმია, რათა უფრო შთამბეჭდავად წარმოაჩინოს 1970 წელს მექსიკაში მცხოვრები საშუალო კლასის ოჯახის სევდიანი ისტორია, რომელშიც ქმარი ოთხ მცირეწლოვან შვილსა და მათ მარტოხელა დედას დაურკვეველი ვადით ტოვებს.
ქარაფშუტა – Clueless (1995)
90-იანი წლების ბევერლი ჰილსში ღირსეულად ცხოვრების ერთადერთ გზად განებივრებულ გოგონას მაღალი მოდა, ახირებული წვეულებები და სასურველი ბოიფრენდის მონუსხვა ესახება.
რეჟისორ ემი ჰეკერლინგის (Amy Heckerling) რომანტიკული კომედია დაფუძნებულია ჯეინ ოსტინის რომანზე „ემა“ და შესაშური ოსტატობით აღწერს ქალთა მეგობრობისა და სექსუალობის სიღრმისეულ საკითხებს.
ფილმის ფემინისტური პათოსი ნათლად ვლინდება, როცა ალისია სილვერსტოუნის პერსონაჟი საკუთარი თავის პოვნისა და თვითრეალიზების სურვილს მაშინაც კი უმაღლეს პრიორიტეტად ისახავს, როცა საოცნებო მამაკაცისთვის თავის შეყვარებას ცდილობს.
უცხოელი – Alien (1979)
რეჟისორ რიდლი სკოტის (Ridley Scott) მიერ 1979 წელს გადაღებული „უცხოელი“ სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი და ჟანრის კლასიკაა. მსახიობ სიგურნი უივერის მიერ განსახიერებული პერსონაჟი ელენ რიპლი კი დღემდე სამართლიანად რჩება ძლიერი ქალის სახე-სიმბოლოდ მსოფლიო კინოინდუსტრიაში.
ფილმი კოსმოსურ ისტორიას გვიამბობს: დედამიწაზე დაშვებისას ხომალდ Nostromo-ს ეკიპაჟი შორეული პლანეტიდან უცნაურ სიგნალს დაიჭერს. მოულოდნელად ხომალდის სათავსოში აღმოჩენილი ათასობით კვერცხიდან გამოჩეკილი უცხო არსება მკვლევარს თავს დაესხმება. ეკიპაჟს კი წინ ნამდვილი კოშმარი ელის.
ელენ რიპლი უბრალო ახალგაზრდა გოგო როდია, – იგი საზარელი ურჩხულის მძლეველი, ეკიპაჟიდან გადარჩენილი ერთადერთი მებრძოლია.
პატარა ქალები – Little Women (1994)
ნამდვილი ფემინიზმი არ გვასწავლის, რომ ქალებს შეუძლიათ გააკეთონ ყველაფერი, რასაც მამაკაცები აკეთებენ, არამედ გვეუბნება, რომ ქალებს შეუძლიათ გააკეთონ ყველაფერი, რასაც კი თავად მოისურვებენ.
ჯილიან ანდერსონის (Gillian Anderson) ფილმი მოგვითხრობს ოთხი დის ისტორიას, რომელთაც დედასთან ერთად მძიმე პერიოდის გადატანა უწევთ – სამოქალაქო ომი, ბრძოლის ველზე დაკარგული მამა, ფინანსური და სხვა ყოფითი პრობლემები, რომელთაც ქალები ერთბაშად უნდა გაუმკლავდნენ.
თუმცა, მიუხედავად მათი უიმედო ვითარებისა, გოგონები გულს არ იტეხენ და სიყვარულისა და ბედნიერების მოსაპოვებლად მუხლჩაუხრელად შრომობენ.
სიუზენის უიმედოდ ძიება – Desperately Seeking Susan (1985)
ქალი მწერლის, რეჟისორისა და პროდიუსერის, სიუზენ საიდელმანის (Susan Seidelman) კომედიურ ფილმში „სიუზენის უიმედოდ ძიება“ აღწერილია 50-იანი წლების ცნობისმოყვარე დიასახლისის, რობერტას ისტორია. მას იმ ქალის ნახვის სურვილი გაუჩნდება, რომელსაც მკვლელებიც მონდომებით ეძებენ. შეხვედრის ადგილას მისული რობერტა კი უკვე იძულებულია, ბოროტმოქმედებს ღირსეულად გაუმკლავდეს.
ორლანდო – Orlando (1993)
სალი პოტერის (Sally Potter) ფილმში „ორლანდო“ ცნობილი შოტლანდიელი მსახიობი, ტილდა სვინტონი როგორც ქალის, ისე – მამაკაცის, როლებს განასახიერებს.
თავდაპირველად იგი ორლანდოა, სიმპათიური და გონიერი ჭაბუკი, რომელიც ინგლისის დედოფლის საყვარელი ხდება, ხოლო დედოფლის გარდაცვალების შემდეგ კი მთელი ქონება თავად რჩება.
უცნაური მხოლოდ ისაა, რომ მამაკაცი არ ბერდება. 400 წლის განმავლობაში პერიოდულად მამაკაცი ძილს მიეცემა ხოლმე, შემდეგ კი ჩვეულ ყოფას უბრუნდება.
თუმცა, ერთ-ერთი ჩვეული გამოძინების შემდეგ იგი, სრულიად მოულოდნელად, ქალად გადაიქცევა…