FB-ის ზედამხედველობის საბჭო Facebook-ის და Instagram-ის მომხმარებლების სადავო საქმეებს განიხილავს

Image Credits to FB Newsroom

დღეს ფეისბუქის ზედამხედველობის ახალმა საბჭომ თავისი 20 წევრი წარადგინა. საბჭო მომავალში განიხილავს იმ სადავო შემთხვევებს, რომელიც სოციალური მედიის პლატფორმებსა (Facebook, Instagram) და მომხმარებლებს შორის წარმოიშობა.

„ფეისბუქმა მარტომ არ უნდა მიიღოს ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც უკავშირდება გამოხატვის თავისუფლებასა და ჩვენს უსაფრთხოებას ჩვენსავე პლატფორმებზე“ – განაცხადა მარკ ცუკერბერგმა ჯერ კიდევ 2018 წლის ნოემბერში. მას შემდეგ კომპანია აქტიურად მუშაობდა ზედამხედველობის საბჭოს ფორმირებასა და ფუნქციების განსაზღვრაზე.

რამდენიმეწლიანი განხილვებისა და 88 ქვეყანაში 650 ადამიანთან გამართული შეხვედრის შემდეგ ფეისბუქმა საზოგადოებას ზედამხედველობის საბჭოს მუშაობის წესები, დირექტორი, წევრები და ახალი პორტალი წარადგინა.

ზედამხედველობის საბჭოს პირველი 20 წევრი 29 ენაზე საუბრობს და მათ შორის არიან ფართო საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახეებიც – ცნობილი მოსამართლეები, კონსტიტუციონალისტები, ადამიანის უფლებათა დამცველები, ნობელის პრემიის ლაურეატები და ა.შ.

ზედამხედველობის საბჭოს წევრებს შორისაა ანდრაშ შაიო, რომელიც 2008 წელს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლედ, ხოლო 2015-2018 წლებში ამავე სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტად იქნა არჩეული.

საბჭოს შემადგენლობაში ასევე არიან: დანიის ყოფილ პრემიერ-მინისტრი, ელ ტორნინგ-შმიდტს; ნობელის პრემიის ლაურეატი ტავაკოლ კარმანი; კვლევითი ინსტიტუტის CATO Institute ვიცე-პრეზიდენტი, ჯონ სემფლსი და ა.შ.

საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საჯაროდ იქნება ხელმისავწდომი, ამასთან, FB დებს პირობას, რომ საბჭოს ყველა მითითებას შეასრულებს, თუკი რომელიმე მათგანი წინააღმდეგობაში არ იქნება კანონთან. 

მომავალში კომპანია გეგმავს საბჭოს წევრების რაოდენობის 40-მდე გაზრდას და საბჭოს საქმიანობის დაფინანსებას $130 მილიონით.

„ჩვენ არ ვართ ინტერნეტ-პოლიცია, არც ის იფიქროთ, რომ სწრაფი რეაგირების ჯგუფი ვართ, რომელიც მიმდინარე პრობლემებს უცებ გადაწყვეტს. [საბჭო] წარმოადგენს უკვე დამდგარი ფაქტის შეფასებასა და მასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს“ – განაცხადა ონლაინ-კონფერენციაზე ზედამხედველობის საბჭოს თანახელმძღვანელმა, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა, მიქაელ მაკკონელმა.