Facebook ახალი ფუნქციის ამოქმედებას გეგმავს. ფუნქციის დანიშნულებაა 90 დღეზე ძველი ამბის გაზიარებისას მომხმარებელი გააფრთხილოს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სოციალური მედიის პლატფორმამ 25 ივნისს გააკეთა განცხადება.
Facebook-ის თანახმად, ფუნქციის მიზანია მომხმარებელთა დახმარება, მაქსიმალურად ჰქონდეთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რას აზიარებენ და რამდენად რელევანტურია კონტექსტუალურად არსებული პერიოდისთვის გაზიარებული ინფორმაცია.
„გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ მიერ ჩატარებულმა შიდა კვლევამ აჩვენა, რომ სტატიის დროითი ხაზი კონტექსტის აღსაქმელად მნიშვნელოვანია და მეტიც, იგი გავლენას ახდენს იმაზე, თუ რას კითხულობს, ენდობა და აზიარებს მომხმარებელი. ახალი ამბების პლატფორმები, სოციალურ ქსელში, ხშირად დებენ იმ ამბებს, რომლებიც ძველია, მაგრამ კონტექსტით, შესაძლოა, მორგებული იყოს დღევანდელობას. ეს ყველაფერი კი ხელს უშლის მომხმარებელს სწორად აღიქვას განვითარებული მოვლენები.“ – აღნიშნავს Facebook განცხადებაში.
ფუნქციის თანახმად, ძველი ამბის გაზიარების შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ pop-up ტიპის შეტყობინებას. ამის შემდგომ, მომხმარებელს თავად შეუძლია გადაწყვიტოს, გააზიაროს თუ არა ძველი სტატია.