29 ივნისს ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ სოციალურ ქსელ Facebook-ს ღია წერილი გაუგზავნა, რომელსაც სრული სახით სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ვებგვერდზე ვეცნობით. წერილის თემატიკა საქართველოში დაგეგმილ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, პოლიტიკური რეკლამების გამჭვირვალობის მნიშვნელობასა და წინასაარჩევნოდ ჯანსაღი, თავისუფალი და თანასწორი გარემოს შექმნას ეხება.
წერილის ავტორები ტექსტში იხსენებენ საქართველოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიას სოციალურ ქსელში, რომელიც მათ მიერ დახასიათებულია, როგორც დისკრედიტაციული, ამომრჩევლებზე ნეგატიური ზეგავლენის მომხდენი და პროცესის რადიკალიზაციის ხელშემწყობი. რადგანაც „საპარლამენტო არჩევნებამდე ოთხი თვე რჩება, Facebook-ს აქვს შანსი, მტკიცე ქმედებებითა და საინფორმაციო გარემოს დაცვის გზით პასუხისმგებლიანი როლი შეასრულოს ამ არჩევნებზე. ამისთვის, მნიშვნელოვანია, დაუყოვნებლივ ამოქმედდეს პოლიტიკური რეკლამების გამჭვირვალობის „ფეისბუქის“ ხელთ არსებული მექანიზმები“ – ნათქვამია წერილში.
Facebook აღნიშნულ წერილს უკვე გამოეხმაურა და როგორც ცნობილია, სოციალური ქსელი პოლიტიკური რეკლამების განთავსების წესებს საქართველოში მნიშვნელოვნად შეცვლის. დაწესდება გამჭვირვალობის მკაცრი მოთხოვნები და სრულყოფილად ამოქმედდება პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკა. უკვე მომდევნო კვირებიდან Facebook პოლიტიკური რეკლამების განმათავსებლებს მიაწვდის ყველა საჭირო ინფორმაციას ახალ წესებთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში არჩევნებისათვის მოსამზადებელი ფაზა დემოკრატიულობისა და გამჭვირვალობის დაცვით დაიწყება.
წერილის ავტორები იმედოვნებენ, რომ პოლიტიკური რეკლამების გამჭვირვალობა 2020 წლის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
შეგახსენებთ, რომ Facebook-ს საზღვარგარეთ მთელი რიგი ცვლილებები აქვს დაგეგმილი არჩევნების პროცესებთან დაკავშირებით, რომლის მიზეზიც, ძირითადად, აშშ-ის წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნებია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკელებს შეეძლებათ, რომ პოლიტიკური რეკლამები სოციალურ ქსელში გამორთონ. ბოლო დღეებში განიხილავენ საკითხსაც, უნდა მოხდეს თუ არა საერთოდაც Facebook-ზე პოლიტიკური ხასიათის რეკლამების განთავსება.