Facebook-ზე პოტენციური საფრთხის შემცველი პოსტების განთავსება გაკონტროლდება. უფლებადამცველთა ბოიკოტის საპასუხოდ, მარკ ცუკერბერგმა საზიანო, მაგრამ მნიშვნელოვანი სიახლეების სპეციალური ნიშნით გამოყოფა გადაწყვიტა.
აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, კომპანია პოლიტიკის გამკაცრებას აპირებს – აიკრძალება რეკლამები, რომლებიც რასის ან სხვა ნიშნით განსხვავებულ ჯგუფებს საფრთხის შემცველად მოიხსენიებს. ასევე, წაიშლება ძალადობისთვის ბიძგის მიმცემი ინფორმაცია პოლიტიკოსების გვერდებიდანაც.
ამ კატეგორიებში მოხვედრილი პოსტები აღინიშნება როგორც „პრობლემატური“.
„როცა საზოგადოების ინტერესის დაკმაყოფილება უფრო ღირებულია, ვიდრე მოსალოდნელი ზიანი, ჩვენ არ ვშლით ჩვენი პოლიტიკისთვის მიუღებელ პოსტებს. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს ჩვენს პლატფორმაზე სიახლეების ნახვის შესაძლებლობა ჰქონდეთ. თუმცა შესაბამისი ნიშნით“- აცხადებს ცუკერბერგი.
გადაწყვეტილების მიღება საჭირო გახდა სოციალური ქსელის მიმართ აშშ-ს უფლებადამცველთა ბოიკოტის გამო. შეგახსენებთ, რომ კამპანია „შეწყდეს სიძულვილი სარგებლისთვის“ (#StopHateforProfit) ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საფუძველზე დაიწყო. ორგანიზატორების აზრით, Facebook-ზე ნებადართულია რასისტული, ძალადობრივი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია.
ბოიკოტს 90-ზე მეტი სარეკლამო კომპანია შეუერთდა. მათმა ნაწილმა სოციალურ ქსელებზე რეკლამირება შეაჩერა სულ ცოტა მიმდინარე წლის განმავლობაში.
ცუკერბერგი Facebook-ის დასაცავად ევროკომისიის ანგარიშს იმოწმებს, რომლის მიხედვითაც წინა წელს სოციალურმა ქსელმა სიძულვილის შემცველი პოსტების 86% წაშალა. აღნიშნული მონაცემებით, Facebook ერთადერთი სოციალური პლატფორმაა, რომელიც მიუღებელი პოსტების შესახებ მომხმარებლებს სისტემატურად აწვდის უკუკავშირს.
აღსანიშნავია, რომ ბოიკოტის ზოგიერთი ორგანიზატორის მიხედვით, ცუკერბერგის დაპირებები საკმარისი არ არის. მის მიერ მიღებული ზომები კი შეაფასეს, როგორც „მარცხი დემოკრატიისა და სამოქალაქო უფლებების საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში“.