ინსტაგრამსა და ფეისბუქზე ისტორიული არტეფაქტების გაყიდვა აიკრძალა

სოციალურ ქსელებში ისტორიული ნივთების გაყიდვის აკრძალვა მოჰყვა აკადემიურ კვლევასა და BBC-ის მიერ ჩატარებულ გამოძიებას, სადაც ნაჩვენები იყო, როგორ იყიდებოდა ერაყსა და სირიაში მოპარული არტეფაქტები ფეისბუქზე.

Photo via BBC

სოციალურ ქსელში აიკრძალა იმ შინაარსის განცხადებები, რომელიც „ცვლის, ყიდის ან ყიდულობს ისტორიულ არტეფაქტებს, ან მათზე მოთხოვნას ზრდის“. ასეთ ნივთებს მიეკუთვნება მანუსკრიპტები, მუმიფიცირებული სხეულის ნაწილები, ანტიკური მონეტები და გრაგნილები.

ფეისბუქის საზოგადოებრივი წესრიგის მენეჯერი გრეგ მანდელი კომპანიის გადაწყვეტილებას ასე ხსნის: „ისტორიულ არტეფაქტებს მნიშვნელოვანი პერსონალური და  კულტურული ღირებულება აქვთ სხვადასხვა საზოგადოებისთვის მთელ მსოფლიოში, მაგრამ მათი გაყიდვა ხშირად დამაზიანებელ ქმედებებს იწვევს. სწორედ ამიტომ, ჩვენი წესების თანახმად, დიდი ხანია მოპარული არტეფაქტების გაყიდვა აკრძალულია. იმისთვის, რომ არტეფაქტები და ჩვენი მომხმარებლები მეტად დაცულები იყვნენ, ჩვენ წესები შევცვალეთ. დღეიდან აკრძალულია ყველა არტეფაქტის გაყიდვა, გაცვლა ან ყიდვა ფეისბუქსა და ინსტაგრამზე.“

პროფესორი ამრ ალ-აზმი აღნიშნავს, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია სოციალური მედიისთვის, მაგრამ ახალი სტანდარტი მხოლოდ მაშინ იქნება ეფექტური, თუ კომპანია ადეკვატურ ძალებს გამოიყენებს წესის აღსასრულებლად.

სოციალური მედია ავტომატურ სისტემაზე მუშაობს, რომელიც ფოტოებისა და სიტყვების გამოყენებით დააფიქსირებს მსგავსი შინაარსის „პოსტებს“. თუმცა, პროფესორი ალ-აზმი ამბობს, რომ წესის დასაცავად მხოლოდ ხელოვნური ინტელექტი  საკმარისი არ არის.