კორონავირუსზე რუსეთისა და ჩინეთის დეზინფორმაციას ადგილობრივ წყაროებზე დიდი გავლენა აქვთ| კვლევა

ROB DOBI/THE GLOBE AND MAIL

ჩინური და რუსული სახელმწიფო მედიების მიერ კორონავირუსთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას საფრანგეთში, ესპანეთსა და გერმანიაში, ზოგიერთ შემთხვევაში, იმაზე დიდი აუდიტორია ჰყავს, ვიდრე მსხვილ ლოკალურ მედიასაშუალებებს. ამის შესახებ კვლევას ოქსფორდის ინტერნეტის ინსტიტუტი ავრცელებს.

ოქსფორდის ინტერნეტის ინსტიტუტმა კვლევა 29 ივნისს გამოაქვეყნა და დაადგინა, რომ რუსეთის საერთაშორისო მედიაქსელს RT Twitter-სა და Facebook-ზე გამოქვეყნებული სტატიებით 5-ჯერ მეტი წვდომა აქვს ფრანგულენოვან აუდიტორიაზე, ვიდრე მსხვილ, ყოველდღიურ ფრანგულ მედიასაშუალებას Le Monde.

ჩინეთის საერთაშორისო რადიოს (CTI) მიერ გამოქვეყნებულ თითოეულ სტატიაზე კი აუდიტორიის წვდომა 4-ჯერ დიდია, ვიდრე წამყვანი ესპანური გაზეთის El Pais მიერ გამოქვეყნებულ სტატიებზე.

ოქსფორდის ინტერნეტის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანაავტორის, კატარინა რებელოს, განცხადებით, „სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ მედიასაშუალებათაგან უმეტესი ნაწილი ერთმანეთში ურევს კორონავირუსთან დაკავშირებულ სანდო, ფაქტებზე დაფუძნებულ და ცრუ, არასწორ ინფორმაციას. ეს ყველაფერი კი იმ აუდტორიაში, რომელსაც სურს, კორონავირუსთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღოს, დაბნეულობას იწვევს.“

კვლევის კიდევ ერთი თანაავტორის განცხადებით კი რუსეთისა და ჩინეთის გარდა, სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ირანული და თურქული მედიები მიზანში იღებენ ფრანგულ, გერმანულ და ესპანურენოვან სოციალური მედიის მომხმარებლებს მსოფლიოს გარშემო.

ოქსფორდის ინტერნეტის ინსტიტუტის კვლევის თანახმადვე, დეზინფორომაცია განსხვავებული სახისაა და დამოკიდებულია ენასა და დეზინფორმატორ სახელმწიფოზე.
ირანულ და თურქულ მედიასაშუალებებთან ერთად, ოქსფორდის ინტერნეტის ინტიტუტმა შეისწავლა იმგვარი დეზინფორმატორი მედიასაშუალებები, როგორებიცაა, რუსეთის RT და Sputnik, ჩინეთის Global Television Network, China Radio International და Xinhua News Agency.